Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/349-01 8 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ს. გ-ოვა არის მოპასუხეთა ზ. გ-ოვის და გ. გ-ოვის რძალი (შვილის ცოლი). იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხეთა შვილთან ა. გ-ოვთან 1989 წლიდან. ერთად ცხოვრების პეროდში შეეძინათ ორი შვილი, 1990 და 1992 წლებში. მოსარჩელის მეუღლე ა. გ-ოვი გარდაიცვალა 1998 წელს.

2000 წლის მაისში ს. გ-ოვამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე მოპასუხეთა კუთვნილი სახლიდან ფართის გამოყოფა შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეების სახლში ცხოვრობდა 1989 წლიდან 1999 წლის მაისამდე, სანამ მოპასუხეები გამოაგდებდნენ სახლიდან. ამ დროიდან იძულებული გახდა საცხოვრებლად წასულიყო მშობლების ბინაში. მიაჩნია, რომ მოპოვებული აქვს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლება. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლით: ს. გ-ოვას მათ სახლში არ უცხოვრია მუდმივად, იგი ცხოვრობდა მისი მშობლების ბინაში. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ს. გ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. გ-ოვა მართალია ჩაწერილი იყო 1989 წლიდან სადავო სახლში, მაგრამ მას სახელზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია, რადგან სახლი აშენებული იყო ჯერ კიდევ მის რძლად მიყვანამდე ზ. გ-ოვის მიერ. მესაკუთრე ზ. გ-ოვმა გამოხატა ნება და მათი კუთვნილი სახლიდან ერთი წლის წინ გაუშვა რძალი.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ოვამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ოვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. გ-ოვის სარჩელი, იგი მცირეწლოვან შვილებთან ერთად შესახლდა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე ზ. გ-ოვის სახელზე რიცხულ სახლში. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო მოპასუხეების ოჯახის წევრი, ჩაწერილი იყო მათ სახლში და ცხოვრობდა სადავო სახლში მუდმივად, როგორც მეუღლის გარდაცვალებამდე ისე მას შემდეგ. მოსარჩელეს სადავო სახლი ნებით არ მიუტოვებია და აქედან გამომდინარე მოსარჩელის სადავო სახლში ცხოვრების დაწყების და მისი უფლებების წარმოშობის დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ჩათვალა, რომ მას, როგორც მესაკუთრის ოჯახის წევრს, რომელიც მესაკუთრემ ჩაისახლა თავის კუთვნილ სახლში უფლება აქვს მის თანაბრად ისარგებლობს სახლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ზ. და გ. გ-ოვებმა, რომლებიც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა დავის გადაწყვეტის დროს საბინაო კოდექსის 141-ე მუხლი. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, მათ სურვილზეა დამოკიდებული ძველი კანონმდებლობა გამოყენებული იყო თუ ახალი. სასამართლომ კი ამის შესახებ არაფერი კითხა. გარდა ამისა სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც აპელანტის მოთხოვნას ასაბუთებდა.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს არასწორად გამოიყენა საბინაო კოდექსი. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ეს კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ ე.ი. 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა, მოსარჩელის სადავო სახლში ჩასახლების მომენტიდან ე.ი. 1989 წლიდან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე. ამ კოდექსის ნორმები. გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. მოცემულ ვითარებაში კი მხარეებს 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ არავითარი ახალი უფლებები და მოვალეობები არ წარმოშობიათ. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითონ მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმის შესახებ, თუ სურთ ახალი კოდექსის გამოყენება და არა სასამართლოს ინიციატივით უნდა მოხდეს ეს, როგორც კასატორს მიაჩნია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლო მტკიცებულებები გაიზიარა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეფასებულია ყველა მტკიცებულება და ახსნილია თუ რატომ იზიარებს სასამართლო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურბენ მოსარჩელის სადავო სახლში ცხოვრებას. იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც სადავო სახლში ადასტურებს თვით მოპასუხე ზ. გ-ოვი საქმეში არსებულ მისვე შეპასუხებაში. სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის სადავო ბინაში ჩაწერის ფაქტის დადგენის დროს დაეყრდნო 2000 წლის 10 მაისს სოფ. ... საკრებულოს მიერ გაცემულ ¹ 328 ცნობას, ასევე, ამავე საკრებულოს 2000 წლის 17 მაისს გაცემულ ცნობას და 1999 წლის 21 აპრილს შედგენილ აქტს. ასევე, შეფასება მისცა და არ გაიზიარა 1999 წლის 29 იანვარს გაცემული ცნობა, რომლითაც ზ. გ-ოვის ოჯახი შედგება ორი სულისაგან, რადგან მოწმედ დაკითხულმა, სოფ. ... საკრებულოს თავჯდომარემ განმარტა, რომ აღნიშნული ცნობა გაცემული იქნა შეცდომით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის დროს საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კი სწორად იქნა გამოყენებული საბინაო კოდექსის 141-ე მუხლი და აღნიშნული მუხლის თანახმად, სწორად იქნა მოსარჩელე მცირეწლოვან შვილებთან ერთად შესახლებულ სადავო სახლში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. და გ. გ-ოვების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება..

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.