Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\352-01 2 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე

სარჩელის საგანი – საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. ქ-ძის სარჩელი ქ. ქუთაისის მერიის მიმართ, საცხოვრებელი ბინის გამოყოფის შესახებ და მოსარჩელეს ქ. ქუთაისში, ... მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართიდან გამოეყო სამოთახიანი საცხოვრებელი ბინის შესაბამისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართი. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიას დაევალა აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის გადაყვანა საცხოვრებელ ფართში; ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს დაევალა არასაცხოვრებელი ფართის ამოღება გასაყიდ ფართთა სიიდან, ხოლო კ. ქ-ძეს _ თავისი ხარჯებით, პროექტის მიხედვით, მოეხდინა გამოყოფილი ფართობის აღდგენა საცხოვრებელ ფართად.

ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. ქუთაისის მერიამ 1999 წლის 9 თებერვალს კ. ქ-ძის სახელზე გასცა საცხოვრებელი ბინის მიღების ¹ 0195504 ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე კ. ქ-ძეს ქ. ქუთაისში, ... სახლის პირველ სართულზე გამოეყო სამოთახიანი ბინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იყო შეჩერებული ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება, რამაც კ. ქ-ძეს ხელი შეუშალა მისთვის ორდერით გამოყოფილი ბინის დაკავებაში.

მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმდა ზემოთ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ განკარგულება, კ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ტელეკომპანია “რ-ის” მიმართ, ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს აღნიშნული ბინა დაკავებული ჰქონდა უკანონოდ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია “რ.” გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ტელეკომპანია “რ-ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ტელეკომპანია “რ-მა” საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოში.

კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატის განჩინება გამოტანილია კანონის დარღვევით, იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კანონიერ ძალაშია ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ქ-ძეს ქ. ქუთაისში, ... სარგებლობის უფლებით გამოეყო სამოთახიანი ბინა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული ფაქტების გაუქმების კანონიერი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას: ვიდრე ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, რომლის საფუძველზეც კ. ქ-ძეს ქ. ქუთაისში, ... სახლის პირველ სართულზე გამოეყო სამოთახიანი ბინა, კ. ქ-ძის სახელზე გაცემული სადავო ბინის ორდერი არის კანონიერი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, მითუმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია “რ-ის” მოთხოვნა, აღნიშნული ორდერის გაუქმების შესახებ, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო იყო და სწორად ეთქვა აპელანტს უარი მის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი, როცა განმარტა, რომ კ. ქ-ძეს, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს, ხელი ეშლებოდა ნივთზე (ბინაზე) მფლობელობის განხორციელებაში, რადგანაც აღნიშნული ბინა უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ტელეკომპანია “რ-ს” და მოსარჩელეს, მესაკუთრის მსგავსად, შეეძლო, მოეთხოვა ტელეკომპანია “რ-ის” მიერ ხელის შეშლის აღკვეთა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით და იგი იურიდიულად არ დაასაბუთა.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით გამოიტანა კანონიერი განჩინება და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტელეკომპანია “რ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.