Facebook Twitter

საქმე # 010100123006935642

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№726აპ-25 თბილისი

კ. გ., 726აპ-25 19 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. კ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით, 01 საათსა და 30 წუთზე, გ. კ–მა ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში მდებარე ლ. ჯ–ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნის დროს, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ. ჯ–ეს სახის არეში ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენით გ. კ–ი (პირადი №........), დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გამართლებულ გ. კ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა დავით კირჩხელმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის, იხ. №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16, №393აპ-24, №505აპ-24). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის დებულებებზე, რომლებიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა გ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

9. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ. ჯ–მ სრულად უარყო გამოძიების დროს მის მიერ ბრალდებულის წინააღმდეგ მიცემული მამხილებელი ჩვენება და განმარტა, რომ ბრალდებულ გ. კ–ს ის არ უცემია, არც კი შეხებია და, შესაბამისად, რაიმე სახის ფიზიკური ან მორალური ტკივილი არ განუცდია. ამასთან, გამოძიების დროს შედგენილ შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველ ოქმებს ხელი მოაწერა მათი შინაარსის გაცნობის გარეშე. სასამართლო სხდომაზე გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

10. როგორც საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ ლ. ჯ–ის მიერ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას, რომელიც ამხელდა ბრალდებულს მის ცემაში, მაგრამ სასამართლოში დაზარალებულმა კატეგორიულად გამორიცხა ბრალდებულის მხრიდან ცემა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაციაა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულისათვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულის ცემაზე მიუთითებენ მხოლოდ ირიბი მოწმეები: გ. კ–ე, ე. ჯ–ე, მ. ც–ე და დ. კ–ი, რომლებიც არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათი ჩვენებები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, ისინი მხოლოდ გადმოსცემენ ინფორმაციას, რომელიც მათ დაზარალებულმა მიაწოდა. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). ამრიგად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

12. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ფიზიკური ტკივილის განცდის შეგრძნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ლ. ჯ–ემ კატეგორიულად გამორიცხა ბრალდებულის მხრიდან არათუ ცემის, არამედ ფიზიკური შეხების ფაქტიც კი და სასამართლოს არაერთხელ განუცხადა, რომ რაიმე სახის ზიანი, მათ შორის, ფიზიკური ტკივილი, არ განუცდია, შეუძლებელია, დადასტურდეს გ. კ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის სავალდებულო ნიშნები და კომპონენტები, კერძოდ, ცემა, რომელიც გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, და ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. მეტიც, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება შემაკავებელი ორდერის ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სახით, რომლებითაც დადასტურდებოდა დაზარალებულის მხრიდან ტკივილის განცდა.

13. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ შეტყობინებას, მართალია, „112-ის“ სამსახურში თავად დაზარალებულმა დარეკა, მაგრამ შეტყობინებაში არ არის მითითება ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ცემაზე; შეტყობინების ინიციატორი მიუთითებდა მხოლოდ მუქარაზე. ამასთან, ხსენებული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რამდენადაც შეტყობინება მხოლოდ გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო, ხოლო მასში აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტის ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც შეტყობინება არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდებულის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ ცემაზე.

14. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც განსახილველ საქმეზე დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო გ. კ–ის მხრიდან ცემა, გ. კ–ის ბრალეულობა არ დასტურდება სხვა, რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებით, არ არსებობს მისი დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ქმნის წარდგენილ ბრალდებაში გ. კ–ის გამართლების გარდაუვალ საფუძველს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე