გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/354-01 20 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს.” სარჩელი და მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო-სამედიცინო დაწესებულებათა სამმართველოს დაეკისრა 438600 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამედიცინო-საკურორტო უზრუნველყოფის სამმართველომ 1999 წლის 28 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მოპასუხე მხარის (განმცხადებლის) მონაწილეობის გარეშე. სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი გახდა სააღსრულებო ფურცლის მიღებისას – 1999 წლის 9 ივნისს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამედიცინო-საკურორტო დაწესებულებათა სამმართველოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო-სამედიცინო სამმართველომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, ე.ი. არ იმსჯელა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი მოითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, მან კი სწორად გამოიყენა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ვ” პუნქტით.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო-სამედიცინო სამმართველო, როგორც განცხადებაში საქმის წარმოების განახლების შესახებ, ასევე სააპელაციო საჩივრით, მოითხოვდა სასამართლოს გამოეყენებინა სსსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” პუნქტი. მართალია, მხარეს განცხადების შედგენისას დაცული არ ჰქონდა სსსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნა, მაგრამ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ახლად აღმოჩენილ გარემოებასთან ერთად მიიჩნევდა ამავე კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტს _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ამ შემთხვევაში, ე.ი. როდესაც შემოსულია განცხადებები გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული წესი დადგენილია სსსკ-ის 421-ე მუხლის მეორე ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია მითითებული საპროცესო ნორმის იმპერატიული მოთხოვნა, რის გამოც საქმეზე არასწორი, იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით საპროცესო ნორმის დარღვევა იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მითითებულ საპროცესო დარღვევას შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების (განჩინების) მიღება, რადგან სრულყოფილად არ არის გამოკვლეული სსსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის დროს მოცემული დავა უნდა განიხილოს მითითებული საპროცესო ნორმით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, დამატებით უნდა გამოიკვლიოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გარდა ამისა, სასამართლომ სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარეთა შორის უნდა გაანაწილოს სასამართლო ხარჯები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო-სამედიცინო სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 8 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.