¹ 3კ/355-01 27 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: მიწის ნაკვეთების გამიჯვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ე-ელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ხ. ნ-შვილის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთების გამიჯვნა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მიწების პრივატიზაციის დროს კომისიამ 1992 წლის 12 ოქტომბერს, საგარეჯოს მევენახეობის მეურნეობის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობებიდან მიუზომა და საკუთრებაში გადასცა 4,250 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი, რაზედაც შედგა ¹ 25 აქტი. აქტში მითითებულია 4,25ჰა, მაგრამ ეს ტექნიკური პერსონალის შეცდომაა და ნაკვეთის ზომა სინამდვილეში არის 4250 კვ.მ. ¹ 25 აქტის დედანი დაიკარგა, რის გამოც წარმოადგინა დოკუმენტის ასლი. მისი ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთი თვითნებურად უკავია მოპასუხეს. ორი წელია რაც მოპასუხემ გადმოწია მიჯნა 2 მ.50 სმ.-ით და მისი ნაკვეთიდან კიდევ ითხოვს 6 მეტრს. მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთების გამიჯვნა 1992 წლის 12 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹ 25 აქტის საფუძველზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აქტი, რომლის საფუძველზეც ვ. ე-ელს უკავია მიწის ნაკვეთი, ყალბია და აქედან გამომდინარე საზღვრების აღდგენისა და მიჯნის აღმართვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ე-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვ. ე-ელს უარი ეთქვა სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვდა მისი ნაკვეთის მოპასუხის ნაკვეთისაგან გამიჯვნას აღმოსავლეთიდან დასავლეთით სიგანით 30,35 მეტრით. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხესთან ნაკვეთების გამიჯვნაზე დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ მისი ნაკვეთი მოპასუხის ნაკვეთისაგან გაიმიჯნოს ისე, რომ მოხდეს გამიჯვნა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს თ. ქ-შვილისა და ე. ნ-შვილის მიჯნიდან, საიდანაც უნდა გადაიზომოს 20-20 მეტრი სიგანის ფართობები (სულ 40 მეტრი) აღმოსავლეთიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვის შესახებ 1992 წლის 12 ოქტომბრის ¹ 25 აქტი სასამართლომ მიიჩნია საეჭვო დოკუმენტად და მას მტკიცებულებითი ძალა არ მიანიჭა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მხარეებს შორის მიჯნა დაადგინა დღეისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ე-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა. მხარეებს შორის მიწის ნაკვეთები გაიმიჯნა ქ. საგარეჯოს მიწის პრივატიზაციის კომისიის ¹ 25 აქტისა და საგარეჯოს გამგეობის, სოფლის მეურნეობის და მიწათმოწყობის მთავარი სპეციალისტის, საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის და პოლიციის წარმომადგენლის მიერ 2000 წლის 29 მარტს შედგენილი აქტის მდგომარეობით.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მიწის პრივატიზაციის კომისიის ¹ 25 აქტი იურიდიული ძალის მქონეა, რადგან იგი კანონით დადგენილი წესით ბათილად არ არის ცნობილი. აქტის ნამდვილობა დადასტურებულია ამ დოკუმენტის გამცემი ორგანოს _ საგარეჯოს რაიონის საკრებულოს გამგეობის წარმომადგენლის მიერ, ასევე, საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოადგილის, სოფლის მეურნეობის და მიწათსარგებლობის მთავარი სპეციალისტის, საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტისა და საგარეჯოს რაიონის პოლიციის წარმომადგენლის მიერ 2000 წლის 29 მარტს შედგენილი აქტით, რომლის თანახმად, ვ. ე-ელს მიეზომა 4250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიგრძით 140 მ. და სიგანით 30,35 მ.
სასამართლომ დადგენილად ცნო ასევე, რომ საგარეჯოს რაიონის გამგეობაში გაჩენილი ხანძრის გამო დაიწვა ყველა დოკუმენტი, რის გამოც ვერ მოიძებნა ¹ 25 აქტის დედანი. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითა, რომ რადგან ზ. ნ-შვილმა ვერ წარმოადგინა სადავო მიწის ნაკვეთზე მისი უფლებების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მესაკუთრეს _ ვ. ე-ელს, შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი, რომლის თანახმად წერილობითი დოკუმენტი სასამართლოში უნდა წარსდგეს დედნის სახით. კასატორის მოსაზრებით სადავო ¹ 25 აქტი ყალბია და ამ საფუძვლებით მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ხ. ნ-შვილის წარმომადგენლის მ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საგარეჯოს გამგეობის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა ყველა საბუთი, რის გამოც სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, რომ საბუთის დედნის წარდგენა შეუძლებელია და ¹ 25 აქტის ასლს მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიანიჭა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. კერძოდ, დადგენილია, რომ აქტის ნამდვილობა დადასტურებულია ამ დოკუმენტის გამცემი ორგანოს _ საგარეჯოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მიერ და 2000 წლის 29 მარტს შედგენილი აქტით. დადგენილია, რომ ვ. ე-გელი 1992 წლიდან 1998 წლამდე ფლობდა და ამუშავებდა სადავო მიწის ფართობს, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. დადგენილად არის, ასევე ცნობილი, რომ მოპასუხეს სადავო მიწის ფართობზე მისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებით და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ. ნ-შვილის წარმომადგენლის მ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.