Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/357-01 11 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. და გ. რ-ძეებმა სარჩელით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 1995 წლის სექტემბერში ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის მიერ მათი შვილი – დ. რ-ძე, სხვა 26 ახალგაზრდასთან ერთად გაიგზავნა ბულგარეთის ქ. ვარნაში გემთსაამშენებლო და გემთსანაოსნო ტექნიკუმში სასწავლებლად. სწავლის პერიოდში 1997 წლის 6 ივლისს დ. რ-ძე ვერაგულად მოკლა ბულგარეთის მოქალაქემ გ. ხ-ოვმა. დ. რ-ძის მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მკვლელი ხ-ოვი მიმალვაშია. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ დ. რ-ძის ტრაგიკული დაღუპვა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ფოთის ნავსადგურის მხრიდან ზერელე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილი ახალგაზრდების მიმართ. ახალგაზრდების საზღვარგარეთ გაგზავნა მოხდა ქაოსურად, არაორგანიზებულად. ისინი უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულნი. სასწავლებლად გაგზავნილი 27 ახალგაზრდიდან სწავლა განაგრძო მხოლოდ 14-მა მოსწავლემ. სხვებმა სწავლა ვერ გააგრძელეს იმის გამო, რომ უპატრონოდ იყვნენ დარჩენილები.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. ვარნის პროკურატურა განგებ აჭიანურებს საქმის გამოძიებას, რითაც ფაქტიურად ხელს უწყობს მკვლელს დააღწიოს თავი მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მათ არა აქვთ შესაძლებლობა, დააჩქარონ საქმის გამოძიება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს ბულგარეთის რესპუბლიკაში. მათი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს და შესაძლებლობა არა აქვთ ოჯახის ხარჯებით წავიდნენ ქ. ვარნაში, დაიქირავონ ადვოკატი და სხვა. დ. რ-ძის მშობლები ადასტურებენ, რომ ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობა დაეხმარა მათ შვილის ბულგარეთიდან ჩამოსვენებაში, გაიღო დაკრძალვის ხარჯები ადვოკატის ქირა და სხვა, მაგრამ თვლიან, რომ ქ. ვარნაში დამცველთან ერთად არაერთხელაა ჩასასვლელი, ბულგარეთში გამგზავრებას კი სოლიდური რაოდენობის ხარჯები სჭირდება.

აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 30000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა: ქ. ვარნის ტექენიკუმსა და ფოთის ნავსადგურს შორის ფინანსური ოპერაციები ხდებოდა ბულგარეთში არსებულ ფირმა “...”-ს მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ი. შ-შვილი, რომელიც ჯგუფის ვარნაში ჩაყვანიდან ორ დღეში ტრაგიკულად დაიღუპა. აღნიშნულმა ფაქტმა ახალგაზრდებს ნამდვილად შეუქმნა პრობლემები. ნავსადგურის უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახალგაზრდების ჯგუფი გამოეწვიათ ვარნიდან. ამის მიუხედავად, მოსწავლეების მშობლებისა და ნავსადგურის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახალგაზრდების ჯგუფი ქ. ვარნის ტექნიკუმში სწავლას კვლავ განაგრძოდნენ. 1996 წლის ივლისის თვეში. ახალგაზრდების ჯგუფის ჩამოსაყვანად ქ. ვარნაში გაიგზავნა რ. ჩ-ავა. ჩამოყვანამდე ორი დღით ადრე დაიღუპა დ. რ-ძე. მკვლელობასთან დაკავშირებით, ფოთის ნავსადგური სისტემატურ მიმოწერას აწარმოებს ბულგარეთის მხარესთან. გარდა ამისა ნავსადგურმა ხელშეკრულება გააფორმა ადვოკატ გ. ბ-შვილთან და მას მისცა 6200 ლარი, რაც მიიღო გ. რ-ძემ. გ. რ-ძეს მისცეს 1300 ლარი დამატებით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფოთის ნავსადგურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 დეკემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალგაზრდების ჯგუფის სასწავლებლად გაგზავნა ქაოსურად მოხდა. ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობისათვის ჯერ კიდევ 1996 წლის 15 ივლისისათვის ცნობილი იყო, რომ ვარნაში წარგზავნილი ახალგაზრდების ჯგუფი თავს არიდებდა სწავლას, არღვევდა შრომის შინაგანაწესს და სხვა. ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოეწვია ახალგაზრდების ჯგუფი ვარნის ტექნიკუმიდან. ამის მიუხედავად ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა კეთილი ნება და ახალგაზრდების 16 კაციანი ჯგუფი კვლავ გაგზავნა სასწავლებლად ქ. ვარნაში. 1996 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახად ფოთის ნავსადგურმა აიღო ვალდებულება კურსანტების მისი ხარჯით წარგზავნისა, ხოლო კურსანტებს დაევალათ კარგად ესწავლათ, სანიმუშოდ დაეცვათ დისციპლინა, როგორც ტექნიკუმში, ასევე საერთო საცხოვრებელში.

პალატა უთითებს, რომ საქმეშია ქ. ვარნის ტექნიკუმის ინფორმაცია კურსანტების მოსწრების შესახებ სწავლების პირველი კურსის დამთავრების შემდეგ. ამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ ყველაზე დაბალი შეფასება 26 კურსანტიდან აქვს რ-ძეს, ხ-ავას და მ-იჩს. ასევე, ისიც ჩანს, რომ ეს სტუდენტები რეგულარულად არ ესწრებიან გაკვეთილებს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ ფოთის ნავსადგურმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ნავსადგური თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად დროულად გამოიწვევდა ბულგარეთიდან დ. რ-ძეს, მკვლელობა არ მოხდებოდა და მის მშობლებს არ დასჭიდებოდათ ხარჯების გაწევა ბულგარეთში წასასვლელად.

პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ამასთან, არსებობს ფოთის ნავსადგურის ბრალი და ზიანის ანაზღაურების მოვალეობა. პალატამ მიიჩნია, რომ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4, 153-154 და 457-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეს სწორად დაეკისრა თანხის გადახდა.

ფოთის ნავსადგური საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, ფოთის ნავსადგურის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების შესახებ, რადგან 1996 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 და მე-3 თავის თანახმად, ნავსადგურის ერთადერთი ვალდებულება იყო კურსანტების სწავლის გაგრძელების უზრუნველსაყოფად ტექნიკუმის ანგარიშზე თანხის ყოველკვარტალურად ჩარიცხვა და დ. რ-ძის ტექნიკუმიდან გარიცხვის შემთხვევაში მისი ბულგარეთიდან გამოწვევა. მას მიაჩნია, რომ მოქმედებასა და დამგარ შედეგს შორის არ არის მიზეზობრივი კავშირი.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 457-ე მუხლის თანახმად მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანი მთლიანად უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა.

სახელშეკრულებო ზიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის შედეგია სახლშეკრულებო ზიანის შესაძლო სიდიდე სახელშეკრულებო შესრულების ფარგლებში უნდა განისაზღვროს. ანაზღაურდება მხოლო ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით იქნა გამოწვეული და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურებადია მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი.

სამოქალაქო სამათლის კოდექსის 457-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება ანაზღაურებისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმ გარემოებაზე, რამდენად სავარაუდო იყო ფოთის პორტისათვის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს, და ის წარმოადგენს თუ არა ფოთის პორტის მოქმედების უშუალო შედეგს.

სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ზიანი, რომლის ანაზღაურებას მოსარჩელე მოითხოვს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშულით და ის წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს მისი გაუქმების აბსოლუტურ პირობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.