Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/359-01 11 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი – იჯარით გაცემული ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

სააქციო საზოგადოება “.. ..-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში. სარჩელში აღნიშნულია, რომ შავი მეტალურგიის სამინისტროს მითითებისა და ქარხნის ყოფილი ¹ 3 საამქროს კოლექტივის ინიციატივის საფუძველზე ამ საამქროს ბაზაზე 1988 წლის ნოემბრიდან დაფუძნდა კოოპერატივი “ე-ი”. 1988 წელს დასახელებულ კოოპერატივსა და ქარხანას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ქარხანამ მოპასუხეს დროებით გადასცა ელექტროლიზური მეტალური მანგანუმის მისაღებად საჭირო ყოფილი ¹ 3 საამქროს შენობა-ნაგებობანი, მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებანი, საამორტიზაციო ანარიცხების ანაზღაურების პირობით განსაზღვრული საიჯარო გადასახადის ყოველთვიურად გადახდის გათვალისწინებით. გადაცემა მოხდა ქარხნის დირექტორის 1988 წლის 4 ნოემბრის ¹ 526 ბრძანების შესაბამისად 1993 წლის 31 დეკემბრამდე და მატერიალური ფასეულობის ჩამონათვალის მიხედვით მოპასუხის ხელმძღვანელებმა ჩაიბარეს ხელმოწერით, რაც დაფიქსირებულია 1988 წლის საინვენტარიზაციო აღრიცხვის წიგნში.

1992 წლის იანვრიდან მხარეთა ინიციატივით მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება 1993 წლის 31 დეკემბრამდე, რის საფუძველზეც მოპასუხემ დამატებით იკისრა ვალდებულება გადაეხადა ქარხნისათვის ყოველკვარტალურად მოგების 30%.

1993 წლის 31 დეკემბერს გავიდა მხარეებს შორის დათქმული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რის შემდეგაც ქარხანას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებია.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ქარხნის დირექციის 1994 წლის 3 ნოემბრის ¹ 224 ბრძანებით დაფიქსირდა დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა. ამ ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ შედგენილ გადმობარების აქტს მოპასუხემ ხელი არ მოაწერა. 28 აპრილის ¹ 56 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ მოხდა იჯარით გაცემული მატერიალური ფასეულობების გადმობარება, თანახმად 1995 წლის 24 ივლისის ¹ 22 აქტისა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კოოპერატივის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ფონდების გადმოცემაზე ზემოთ აღნიშნულ ორმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტებს არ ცნობს, იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კოოპერატივმა თვითონ მოიპოვა საკუთრების უფლება სადაო ქონებაზე.

მოსარჩელემ მოითხოვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 270-277-ე მუხლების და “იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოპასუხის იძულების წესით გამოყვანა შენობა-ნაგებობიდან და ქონების დაბრუნება.

ხონის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა კოოპერატივ “ე-ის” რეგისტრაციის გაუქმება.

მოპასუხე კოოპერატივმა “ე-მა” შეიტანა შეგებებული სარჩელი. იგი მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების მოთხოვნიდან გამომდინარე იჯარით გადაცემული ქონება იყო იჯარა-შესყიდვის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს უნდა ჩაეტარებინა საამქროს კაპიტალური შეკეთება, მან თავი აარიდა მას და იძულებული გახდა მოპასუხე, რომ კაპიტალური რემონტი ჩაეტარებინა მას. ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება დაანგარიშებულ იქნა 16.9 მლნ. რუბლად. იგი მიუთითებდა, რომ მას, მოსარჩელეზე გადატვირთული აქვს ელექტროლიტური მანგანუმი, რომლის საფასურიც არ გადაუხდიათ. კოოპერატივმა, შეგებებულ სარჩელში მოითხოვა მოსარჩელეზე მის სასარგებლოდ 370 866 ლარის დაკისრება.

ხონის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება. სს ,,.. ..-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

კოოპერატივი “ე-ი” გამოსახლებული იქნა შენობა-ნაგებობიდან და სს “.. ..-ს” დაუბრუნდა წარმოების ძირითადი საშუალებები.

მოსარჩელის მოთხოვნა კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კოოპერატივ “ე-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “.. ..-ს” კოოპერატივ “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ასთერთმეტიათას ასოცდასამი ლარის გადახდა.

კოოპერატივ “ე-ის” დირექტორი ნ. ზ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას შენობა-ნაგებობების ღირებულება ქარხნისათვის გადახდილი აქვს. საწარმოო საშუალებების უმრავლესობა კი 1988 წელში აღარ არსებობდა და ჩამოიწერა ქარხნის ბალანსიდან. ხელშეკრულებაც და ბრძანებაც, რომელიც ქარხნის ხელმძღვანელის მიერ ხელშეკრულების აღსრულების მიზნით იქნა მიღებლი, მიუთითებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომელიც ირიცხება ყოფილ მესამე საამქროზე 1988 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით გადაეცა კოოპერატივ “ე-ს” ღირებულების გადახდით. ამასთან, კასატორი სადაოდ ხდის თანხის ოდენობას, რომელიც მოსარჩელეს დაეკისრა მის სასარგებლოდ. მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში ექსპერტის არასწორ დასკვნას ეფუძნება.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1988 წლის 1 ოქტომბერს “.. ..-სა” და კოოპერატივ “ე-ს” შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება 1993 წლის 31 დეკემბრამდე ვადით.

იჯარის ხელშეკრულება გულისხმობს ნივთის მესაკუთრის მიერ ქონების სხვა პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე ვალდებულია დაუბრუნოს მესაკუთრეს მისი ქონება.

როგორც 1988 წლის ხელშეკრულებაში, ისე კასატორის მიერ მითითებულ სხვა დოკუმენტებში, აღნიშნულია, რომ კოოპერატივს მოწყობილობები, მანქანები, სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა იჯარით, დროებით სარგებლობაში.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ .. ..-ის ადმინისტრაციის მიერ ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელების ნება აღარ დაფიქსირებულა და მან მოითხოვა ქონების დაბრუნება, რისი კანონიერი საფუძველიც მას ჰქონდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას ქონება გადაცემული ჰქონდა გამოსყიდვის უფლებით. მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებებში მხარეთა ამგვარი ნება გამოხატული არ არის და რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ შემდგომში, როდესაც საქართველოში ამოქმედდა კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ მოხდა კოოპერატივის მიერ ქონების გამოსყიდვა წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კოოპერატივ ,,ე-ის” .. ..-ის შენობა-ნაგებობებიდან გამოსახლების ნაწილში კანონის დაცვით არის მიღებული და უცვლელად უნდა დარჩეს.

სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა ნუსხა, რომლის მიხედვით მანქანა-დანადგარების და მოძრავი ნივთების დაბრუნება უნდა მოხდეს კოოპერატივ ,,ე-ის” მიერ მეიჯარისათვის. ნივთების ჩამონათვალი, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშია მოცემული, გადმოტანილია მეიჯარის მიერ ცალმხრივად შედგენილი აქტიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული და დასაბუთებული არ არის, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ამ ნუსხის განსაზღვრა.

გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოხსენიებულია ქარხნის ¹... საამქროს ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო აღრიცხვის ჟურნალი სს “.. ..-ის” წარმომადგენლის განცხადებით აღნიშნული დოკუმენტით დგინდება იმ ნივთების ნუსხა, რაც გადაცემული ჰქონდა მოიჯარეს.

აღნიშნული დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და პასუხი არ გაუცია კოოპერატივის იმ პრეტენზიებზე, რომლის მიხედვით მანქანა-დანადგარების გარკვეული ნაწილი ჩამოწერილი და შესყიდული იქნა კოოპერატივის მიერ, რის დასამტკიცებლად კასატორი რამდენიმე დოკუმენტს უთითებდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს “.. ..-ს” კოოპერატივ “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ასთერთმეტიათასასოცდასამი ლარის გადახდა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 1995 წლის 1 ოქტომბრისათვის გაუნაღდებელმა ანგარიშგებმა 87610783525 კუპონი შეადგინა, ხოლო ლარებზე გადაყვანით 147713 ლარი, რაც ინფლაციის გათვალისწინებით შეადგენს 111123 ლარს.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მოცემულ ნაწილში არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმა, რომლის შესაბამისად ხდება კუპონის ექვივალენტური ლარის გამოანგარიშება და ინფლაციის საფუძველზე 147123 ლარი მცირდება 111123 ლარამდე.

მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კოოპერატივ “ე-ის” დირექტორის ნ. ზ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება კოოპერატივ “ე-ის” ზესტაფონის “.. ..-ის” შენობა-ნაგებობებიდან გამოსახლების ნაწილში დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება ინვენტარის დაბრუნებისა და “.. ..-სათვის” 111 123 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სს “.. ..-ას” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2500 ლარის ოდენობით.

კოოპერატივ “ე-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2500 ლარის ოდენობით.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.