Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/361-01 20 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ქირის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. შ-ძის საკუთრებას წარმოადგენს ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სადგომი. 1950 წლიდან ამ სახლში დამქირავებლის სტატუსით ცხოვრობდნენ ა., შ., არ., ან. და ზ. გ-იანები და ქ. გ-იანი-ა-ძე, რომლებიც ყოფილ მესაკუთრეებს: ნ. და ქ. ქ-ოღლებს და ს. ჰ-ოვას რეგულარულად უხდიდნენ ბინის ქირას.

დამქირავებლებმა უარი განაცხადეს ახალი მესაკუთრისათვის ბინის ქირის - 80 აშშ დოლარის ყოველთვიურად გადახდაზე.

ჯ. შ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ა., შ., არ., ან., ზ. გ-იანების და ქ. გ-იან-ა-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება - ქირის გადაუხდელობის მოტივით და ბინის ქირის _ 960 აშშ დოლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. მოპასუხეები: ა., შ., არ., ან., ზ. გ-იანები და ქ. გ-იანი-ა-ძე ქ. ბათუმში, ... მდებარე, ჯ. შ-ძის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის ლიტ. “ა” მე-2 სართულის 45 კვ.მ. ფართიდან გამოსახლებულ იქნენ. ჯ. შ-ძეს უარი ეთქვა ბინის ქირის _ 960 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობა თავდაპირველად საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ნ. ქ-ოღლს, ქ. ქ-ოღლს და ს. ჰ-ოვას. 1991 წლის 27 დეკემბრის მათგან მათი წილები სანოტარო მოქმედებების თანახმად შეუძენიათ მოსარჩელის ნათესავებს, ხოლო 1996 წლის 12 მარტის სანოტარო მოქმედებით მთელი სახლმფლობელობის 10/13 წილის მფლობელი გამხდარა ჯ. შ-ძე. სწორედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ წილში 1954 წლიდან ცხოვრობდნენ მოპასუხეები დამქირავებლის სტატუსით. ისინი ბინის ქირას უხდიდნენ თავდაპირველ მესაკუთრეს, ხოლო როდესაც მესაკუთრე მოსარჩელე გახდა, მოპასუხეებმა ბინის ქირის გადახდაზე უარი განაცხადეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამდენად, ჯ. შ-ძეს სრული უფლება აქვს, როგორც მესაკუთრე, სარგებლობდეს თავისი ქონებით, როგორც სურს.

ვინაიდან მოპასუხეებმა უარი განუცხადეს ბინის ქირის _ 80 აშშ დოლარის გადახდაზე, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა იმავე კოდექსის 562-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” პუნქტების თანახმად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია დაკავებული ფართიდან გამოსახლების ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული არ., შ., ან. და ზ. გ-იანების მიერ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის განჩინებით არ., შ., ან., ზ. გრიგორიანების სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ აპელანტებისაგან მხოლოდ ორნი შ. და არ. გ-იანები არიან რეგისტრირებული სადავო სახლში, ხოლო ზ. გ-იანი რეგისტრირებულია ... ქუჩაზე, რაც შეეხება ან. გ-იანს, აპელანტებს რაიმე დოკუმენტი მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ არ წარმოუდგენიათ. ასევე, აპელანტებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებანი მათ მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ, რაც იმას ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებას და ჯ. შ-ძესთან, როგორც ბინის მესაკუთრესთან, აპელანტების ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლით.

გ-იანებმა უარი განაცხადეს ჯ. შ-ძის მიერ შეთავაზებულ 80 აშშ დოლარის გადახდაზე იმ მოტივით, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი შემოსავალი, თანახმა არიან გადაიხადონ მხოლოდ მინიმალური თანხა, რასაც ჯ. შ-ძე კატეგორიულად არ დაეთანხმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს არ., შ., ან. და ზ. გ-იანებმა და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო:

გ-იანები ბინის ქირას იხდიდნენ 1990 წლამდე, შემდეგ ჯ. შ-ძემ მათ უთხრა, რომ ბინის ქირას ნუღარავის გადაუხდით, რადგან ბინა უპატრონო არისო. გ-იანებიც ასე მოიქცნენ. 1999 წლის 7 მაისს ჯ. შ-ძემ გ-იანებს მოსთხოვა ბინის ქირის - 80 აშშ დოლარის ყოველთვიურად გადახდა. სააპელაციო პალატის სხდომაზე ჯ. შ-ძემ განმარტა, რომ მას ჰყავს ორი შვილი და სადავო ფართი სჭირდება. გ-იანებმა უარი განაცხადეს აღნიშნული თანხის გადახდაზე, რადგან ვერ შეძლებდნენ. გ-იანები არ არიან წინააღმდეგი გადაიხადონ საცხოვრებელი ბინის ქირა, თუ იგი, როგორც ეს მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლში, შეესაბამება ბაზარზე არსებულ ფასებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, გ-იანებს მათი ბინიდან გამოსახლება არასწორად მიაჩნიათ, რადგან ჯ. შ-ძეს იმავე მისამართზე, ქუჩის მხრიდან ორსართულიანი, 12 ოთახისაგან შემდგარი ბინა აქვს, ხოლო მისი ოჯახი ოთხი სულისაგან შედგება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ არ., შ., ან. და ზ. გ-იანების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეა ჯ. შ-ძე. ამ საცხოვრებელი სადგომის ლიტ “ა” ნაგებობის მეორე სართულის ¹5, 6, 8 და 9 ოთახებში 45 კვ.მ. ფართში ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ ა., შ., არ., ან. გ-იანები და ქ. გ-იანი-ა-ძე. ისინი ბინის ქირას უხდიდნენ საცხოვრებელი სადგომის თავდაპირველ მესაკუთრე ნ. ქ-ოღლს. როცა ჯ. შ-ძე გახდა მოპასუხეების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, 1999 წლის მაისში მოითხოვა ბინის ქირის 80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა და ამის თაობაზე სანოტარო წესით დამოწმებული გაფრთხილება გაუგზავნა მოპასუხეებს. მათ უარი განაცხადეს 80 აშშ დოლარის გადახდაზე, რის გამოც 2000 წლის მაისში ჯ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქირის გადაუხდელობის საფუძვლით მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეებმა არ უარყვეს, რომ 1990 წლის შემდეგ ბინის ქირა არ გადაუხდიათ. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მხარეთა შორის ურთიერთობა ქირავნობის ხელშეკრულებად, რადგან სააპელაციო პალატის სხდომაზე შ. გ-იანმა განმარტა, რომ 80-იანი წლებიდან სადავო ბინაში ცხოვრობენ როგორც დამქირავებლები. თვით საკასაციო საჩივარშიც მიუთითებენ მოპასუხეები, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ბინის ქირის ოდენობის დადგენის თაობაზე უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლით, მათ არა აქვთ საშუალება თვეში იხადონ 80 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 562-ე მუხლი, რომლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა დამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. იმავე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტი ერთ-ერთ ასეთ პატივსადებ მიზეზად მიუთითებს დამქირავებლის უარზე, გადაიხადოს გამქირავებლის მიერ შემოთავაზებული გაზრდილი ქირა, რომელიც შეესაბამება ბაზარზე არსებულ ბინის ქირას. ჯ. შ-ძის მიერ დაცულ იქნა, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოსარჩელემ ჯერ კიდევ 1999 წლის მაისში წერილობით გააფრთხილა მოპასუხეები ქირის გადაუხდელობის გამო ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ., შ., ან. და ზ. გ-იანების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.