Facebook Twitter

3კ/362-01 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ლ-ავა 1991 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში ........-ად. ინსპექციის უფროსის 2000 წლის 7 აპრილის ¹01/42 ბრძანებით იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლისა და 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო.

ს. ლ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, შემდეგი საფუძვლით: მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა, რადგან მასში მითითებულ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მას არასოდეს მიუღია საყვედური შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის, პროფკომიტეტს არ მიუცია თანხმობა სამუშაოდან მის დათხოვნაზე, არამედ რეკომენდაციით მიმართა ორგანიზაციის ადმინისტრაციას, გადაეყვანა ლ-ავა სხვა თანამდებობაზე. გათავისუფლების ბრძანება და შრომის წიგნაკი მას არ ჩაბარებია კანონით დადგენილ ვადაში და ისინი თავად მოიძია; მოპასუხე ორგანიზაციას გააჩნია 1998-1999 წლებში მიუღებელი ხელფასისა და პრემიის დავალიანება და 1042 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდური, რომლის გადახდაც მოითხოვა ს. ლ-ავამ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ლ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ¹01/42 ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ს. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის, პრემიის, დახმარებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1136 ლარის ოდენობით. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: ს. ლ-ავას განთავისუფლებისას დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლისას აუცილებელია პროფკავშირის თანხმობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განთავისუფლების ბრძანება დაუსაბუთებელი იყო, რადგან მასში მითითებული არ იყო, რაში გამოიხატა ს. ლ-ავას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 ივლისის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის განჩინება ს. ლ-ავას სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას. მიუღებელი ხელფასის, პენსიის და დახმარების ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. პალატამ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ განუხილავს საკითხი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა ს. ლ-ავას მიერ ჩადენილი, ბრძანებაში ჩამოთვლილი დარღვევები; უნდა დაზუსტებულიყო .......-ის კომპეტენცია და გამორკვეულიყო, შეიძლებოდა თუ არა ეს დარღვევები შეფასებულიყო სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: აუდიტორული დასკვნის თანახმად მივლინების თანხების აღრიცხვის წესების დარღვევა, ბენზინის ჩამოწერა-ხარჯვა დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, სპეცსახსრების არაჯეროვანი მოძრაობა, შპს ,,პ-დან”, შპს ,,ჰ-დან” და შპს ,,მ-დან” მიღებული საწვავის ხარჯვა შემოსავალში აღებისა და გაცემის დოკუმენტების გარეშე არ მომხდარა მხოლოდ ს. ლ-ავას ბრალით, პასუხისმგებელი იყო საგადასახადო ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელობაც. აღნიშნული ქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად, რადგან მათ არ მოჰყოლია მძიმე შედეგი.

საკასაციო საჩივრით ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია ითხოვს სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ს. ლ-ავას მიერ ჩადენილ გადაცდომებს.

სამოტივაციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება აღსრულდა 2000 წლის 21 ივნისს.

2000 წლის 22 ივნისს ს. ლ-ავა განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლით და 99-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ს. ლ-ავას მიერ დაშვებული გადაცდომები არ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად.

სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ს. ლ-ავას სამსახურიდან განთავისუფლების 2000 წლის 22 ივნისის ბრძანების შესახებ.

აღნიშნული ბრძანების უკანონოდ ცნობას და სამუშაოზე აღდგენას ს. ლ-ავა ითხოვს ცალკე სარჩელით, რომელზეც სააპელაციო პალატამ შეაჩერა საქმის წარმოება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს წარმოებაში არის რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთიდაიგივე ან სხვადასხვა მხარეები მონაწილეობენ, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.

ს. ლ-ავას სამუშაოზე აღდგენის საქმეები სამართლებრივად ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, რომლებშიც ერთიდაიგივე მხარეები მონაწილეობენ. ერთია დავის საგანიც _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში .......-ის თანამდებობაზე ს. ლ-ავას აღდგენა.

გაურკვეველია, რით იყო განპირობებული და გამართლებული ს. ლ-ავას სამსახურიდან განთავისუფლების თითოეულ ბრძანებაზე სასამართლოში ცალ-ცალკე საქმის წარმოება.

საკასაციო პალატამ 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 აპრილის, 29 მარტის განჩინებები საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

მხარის მიერ შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში სასამართლოს ექნება აღნიშნული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანების და განხილვის შესაძლებლობა.

საჭიროა საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევით გამოარკვიოს ს. ლ-ავას სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებებში მითითებული გადაცდომები შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.