საქმე N 170100124009327212
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №762აპ-25 24 ნოემბერი, 2025 წელი
ჯ–ი გ., №762აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ჯ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის ..... გ. ჯ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შესასვლელ ჭიშკართან, გ. ჯ–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალს არ აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, თმების მოქაჩვის გზით, ა. პ–ის (პ–ი) არასრულწლოვანი შვილის – ლ. ჯ–ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. პ–ის (პ–ი) მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის ..... გ. ჯ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. ჯ–ი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალს არ აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, სიტყვებით – თუ სადმე წახვალ, მოგკლავ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ა. პ–ს (პ–ი), რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში, გ. ჯ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შესასვლელ ჭიშკართან, გ. ჯ–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს არ აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, თმების მოქაჩვის გზით, ა. პ–ის (პ–ი) არასრულწლოვანი შვილის – ლ. ჯ–ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. პ–ის (პ–ი) მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ვერ დაადგინა გ. ჯ–ის მიერ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. პ–ის (პ–ი) მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი.
2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენით, გ. ჯ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
გ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით.
2.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა – გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჯ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 3 ივლისს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენის ცვლილება, გ. ჯ–ის ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება გ. ჯ–ის მიერ ა. პ–ის (პ–ი) მიმართ, როგორც ძალადობის, ასევე მუქარის განხორციელების ფაქტი. კერძოდ, თავად დაზარალებულმა სასამართლოს მისცა სარწმუნო ჩვენება, რაც გამყარებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ა. პ–ის (პ–ი) მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით, შეტყობინებთ და შეტყობინების ავტორის – ა. წ–ს ჩვენებით. ამასთან, გ. ჯ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან მან საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარა ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, არ აქვს გაცნობიერებული მისი ქმედება და არ შერიგებია დაზარალებულს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს გ. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განხორციელებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მუქარის ბრალდების ნაწილში გ. ჯ–ის ბრალეულობა და მის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერება.
5.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება გ. ჯ–ის მიერ ა. პ–ის (პ–ი) მიმართ მუქარის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ. ჯ–ის მხრიდან ა. პ–ის (პ–ი) სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მისგან მომდინარე მტკიცებულებები, რაც არ არის საკმარისი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, რადგან ცალკეულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს. სხვა მტკიცებულება, კი რაც დაადასტურებდა გ. ჯ–ის მხრიდან ა. პ–ის (პ–ი) მიმართ მუქარას და შედეგად შიშის განცდას წარმოდგენილი არ არის.
5.5. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმის ფაქტს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიში – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებით უნდა დადგინდეს. მან უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი საფუძვლიანი შიში. მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შესაბამისად, როდესაც დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის და მუქარის რეალურად აღქმის ფაქტი, მასში არსებული უზუსტობების გამო აღნიშნული ჩვენება ვერ მიიჩნევა უტყუარ პირდაპირ მტკიცებულებად.
5.6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმეები მ. ჩ–ე და ა. წ–ი არ შესწრებიან გ. ჯ–ის მიერ დამუქრების ფაქტს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაცია, კი რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, არასაკმარისია მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის დასადასტურებლად.
5.7. რაც შეეხება გ. ჯ–ის მიმართ ძალადობის ნაწილში დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე 531-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჯ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე