Facebook Twitter

¹ 3კ/365-01 27 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა მ. ჯ-ძის სარჩელი ამხანაგობა “ო.-ის” თავმჯდომარის გ. ქ-იას, წევრის ნ. ხ-იკის და ც. ბ-შვილის მიმართ საგარანტიო ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ბინებისა და ამწეკრანის დაყადაღების, მათი საჯაროდ გაყიდვის შესახებ და ნ. ხ-იკის შეგებებული სარჩელი მ. ჯ-ძისა და ამხანაგობა “ო.-ის” წევრ ვ. თ-ძის მიმართ ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის, მის მფლობელობაში არსებული ბინის მესაკუთრედ ცნობის, მ. ჯ-ძის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ცნობის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის გაცემის, ამხანაგობის წევრობიდან გასვლის უფლების მიცემისა და ამხანაგობის მიერ დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორების მოთხოვნით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ძის სარჩელი, ხოლო ნ. ხ-იკს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რადგან იგი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მოთხოვნებს. ნ. ხ-იკს განემარტა, რომ თავისი უფლების დასაცავად შეუძლია სასამართლოს მიმართოს დამოუკიდებელი სარჩელით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-ძემ, გ. ქ-იამ და ნ. ხ-იკმა. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვამდე მ. ჯ-ძემ წერილობით უარი თქვა სარჩელზე. აღნიშნულის გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ძის სარჩელზე შესაბამისად მ. ჯ-ძისა და გ. ქ-იას სააპელაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება მ. ჯ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა.

ნ. ხ-იკის წარმომადგენლის გ. ხ-იკის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. აპელანტი მოითხოვდა მისი შეგებებული სარჩელის განხილვას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. ხ-იკის წარმომადგენელს გ. ხ-იკს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ხ-იკის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა.

ნ. ხ-იკი და მისი წარმომადგენელი გ. ხ-იკი საკასაციო საჩივრით მოითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო ნორმები. კერძოდ, უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა 377-ე, 393-ე, 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი, ხოლო არასწორად განმარტა 272-ე, 378-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ-იკის შეგებებული სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული, რადგან იგი არ გამომდინარეობდა ძირითადი სარჩელიდან, ე.ი. არ იყო შედგენილი სსსკ-ის 139-ე (ძველი რედაქცია) მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მხარეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. ნ. ხ-იკმა ხარვეზი ვერ შეავსო, რადგან ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლო განჩინება არ ჩაბარდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ძირითადი სარჩელის განხილვისას, 2000 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-იკს შეგებებული საჩრელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რადგან იგი არ პასუხობდა სსსკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნებს. მასვე განემარტა, რომ შეუძლია სსსკ-ის 186-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელი სარჩელი აღძრას სასამართლოში კანონით დადგენილი წესების დაცვით. სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში არ უმსჯელია შეგებებულ სარჩელზე, რადგან იგი არ იყო დასაშვები, ვინაიდან არ გამომდინარეობდა ძირითადი სარჩელიდან.

ნ. ხ-იკის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და იგი ამ ნაწილში ძალაში დატოვა.

პალატა თვლის, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გასაჩივრებულ ნაწილში უკანონოა, რადგან სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო მიიღებს შეგებებულ სარჩელს იმ შემთხვევაში, თუ იგი პასუხობს ამ ნორმის მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელი არ მიიღება და იგი უბრუნდება მხარეს. სასამართლომ კი დაარღვია ამ ნორმის მოთხოვნა და უარი უთხრა არა შეგებებული სარჩელის მიღებაზე, არამედ შეგებებულ სარჩელზე, რაც არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ, საოლქო სასამართლოს მიერ ნ. ხ-იკის შეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით მხერეს ესპობა უფლება კვლავ მიმართოს სასამართლოს სარჩელით, მიუხედავად იმისა, რომ სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ განმარტა მხარის სასამართლოში სარჩელის განმეორებით წარდგენის უფლების შესახებ.

აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინება (შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილება) და ნ. ხ-იკს შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარი უნდა ეთქვას, რადგან პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოტივებს, რითაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ხ-იკის და მისი წარმომადგენლის გ. ხ-იკის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინება.

ნ. ხ-იკს შეგებებული სარჩელის მიღებაზე ეთქვას უარი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.