Facebook Twitter

¹3კ/367-01 29 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: მშენებლობის ნებართვის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ თბილისში ..., მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე, რომელსაც არ გააჩნდა სანიტარული კვანძი და სამზარეულო, გადაწყვეტილი ჰქონდა მიეშენებინა 14.5მ2 ფართის დამხმარე სათავსი. ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ გასცა ნებართვა მიშენებაზე, პროექტი კი შეითანხმა არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა. მოსარჩელის განმარტებით, მეზობლები ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ მშენებლობას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დაერთოს ნება მშენებლობის განსახორციელებლად.

მოპასუხეებმა დ. ჯ-შვილმა, კ. მ-შვილმა, ლ. ც-ძემ და ქ. ა-ძემ არ ცნეს სარჩელი და შესაგებელში აღნიშნეს, რომ ... მდებარე ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობა წარმოადგენდა ისტორიულ ძეგლს. აღნიშნული სახლი ადრე ეკუთვნოდა ... მეფის შვილიშვილს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ვ. ო.-ს. მოპასუხეთა გნმარტებით, ამ სახლში დროთა განმავლობაში ცხოვრობდნენ მ. ჯ.-ი, მისი სიძეები: კ. ა.-ე, ი. ჯ.-ი და მწერალი გ. რ.-ი. სახლს გააჩნდა საერთო სარგებლობის ეზო, რომელიც ამ სახლის, როგორც ისტორიული ძეგლის, განუყოფელი ნაწილს წარმოადგენდა. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელის მიერ საამშენებლო სამუშაოების ჩატარება დააზიანებდა მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარე მ. მ.-ის მიერ გაშენებული ბაღის ნარგავებსა და სახლის მომიჯნავე აგურის კედელს, აგრეთვე დაავიწროებდა ეზოს, გააძნელებდა მის მომავალ რეაბილიტაციას. მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ სახლი წარმოადგენდა ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურულ ძეგლს და ქალაქის მერიასა და გამგეობას განზრახული ჰქონდა სახლის პირვანდელი სახით აღდგენა და გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა მემორიალური მუზეუმის მოწყობა.

მოპასუხეთა განმარტებით, ასევე, ილახებოდა მათი მეზობლის ქ. ხ-შვილის ინტერესები, ვინაიდან მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, ჩაბნელდებოდა მისი საცხოვრელებელი სახლის ფანჯრები და განადგურდებოდა ვაზის ხეივანი. კ. მ-შვილის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთი კედელი კი მთლიანად მოექცეოდა მოსარჩელის სარგებლობაში, რითაც დაირღვეოდა ამ უკანასკნელის, როგორც მესაკუთრის უფლება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს მიეცა საცხოვრებელ ბინაზე სათავსის მიშენების უფლება იმ პირობით, რომ ეზოს და ბაღის გამმიჯნავი აგურის ღობე დარჩებოდა უცვლელად.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ დ. ჯ-შვილი ლ. ც-ძე, ქ. ა-ძე, კ. მ-შვილი და სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპეალციო პალატას.

აპელანტებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი და აგრეთვე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, უგულებელყო “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის” მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2000 წლის 19 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილა დ. ჯ-შვილის, ლ. ც-ძის, ქ. ა-ძისა და კ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი წინააღმდეგი არ არის დამხმარე სათავსის მიშენებაზე, კ. მ-შვილის მიერ ... დაკავებული ბინა არ წარმოადგენს არქიტექტურის ძეგლს და მისი ასეთად მიჩნევა შეცდომით იყო გამოწვეული იმით, რომ დიდ ეზოში განლაგებულ ყველა ნაგებობას ერთი მისამართი აქვს. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის წერილის მიხედვით არქიტექტურის ძეგლი არის მხოლოდ ის სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ი. ჯ.-ი. სახლს, სადაც ცხოვრობდნენ საქართველოს ისტორიის ცნობილი მოღვაწენი, გააჩნდა დამოუკიდებელი ეზო მრავალწიანი ნარგავებით, რომლებიც გაყოფილი იყო, ასევე საუკუნოვანი აგურის სასაზღვრო მიჯნით და სახლისა და მისი ბაღის ისტორიულ ნაწილს კავშირი არა აქვს უშუალოდ ბ-ძის ბინის წინ მდებარე დამხმარე სათავსოს ასაშენებლად გამოყოფილ 14.5კვ.მ. მიწის ფართთან, რომელიც ცნობილი არ არის ისტორიული მნიშვნელობის ობიექტად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული მიშენებით ილახებოდა კ. მ-შვილის საკუთრების უფლება, ვინაიდან მ-შვილისა და ბ-ძის საცხოვრებელ ბინებს აქვთ საერთო კედელი.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას არ დაეთანხმნენ დ. ჯ-შვილი, ლ. ც-ძე, ქ. ა-ძე და კ. მ-შვილი, მიიჩნიეს უკანონოდ და საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კასატორებმა საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში სრულად არ არის მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მტკიცებულებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლო. კასატორთა განმარტებით, ვინაიდან ... მდებარე ორსართულიანი სახლი წარმოადგენდა ისტორიულ ძეგლს, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ბ-ძისა და მ-შვილის ბინების მიერ დაკავებული ტერიტორიის, როგორც კანონით დაცული ობიექტის ტერიტორიის მეზობელ ტერიტორიაზე მოსაზრება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ ბ-ძის მიერ განსაზღვრული მშენებლობა ხელს შეუშლის ... მდებარე სახლისათვის პირვანდელი ისტორიული სახის დაბრუნებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა იმავე სასამართლოში.

ც. ბ-ძე არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს. ც. ბ-ძის განმარტებით მას გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და საბინაო წიგნი, აგრეთვე მშნებელობის ნებართვა, პროექტს, რომელიც შეთანხმებულია არქიტექტურის მთავარ სამსახურთან. მას საოლქო სასამართლოს განჩინება მიაჩნია კანონიერად და მოითხოვს მის ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ასხნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტრობივი გარემოებანი სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატის მიერ დადგანილია, რომ ის ორსართულიანი სახლი, სადაც ცხოვრობდნენ ცნობილი ქართველი მოღვაწენი: ... მეფის შვილიშვილი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვ. ო.-ი, მ. ჯ.-ი, კ. ა.-ე, ი. ჯ.-ი და გ. რ.-ი, მდებარეობს ქ-ელის, ბ-ძის და მ-შვილის ეზოს შემოსასვლელიდან აღმოსავლეთ მხარეს, რომელსაც ჩრდილოეთის მხარეს გააჩნია დამოუკიდებელი ეზო მრავალწლიანი ნარგავებითა და მთლიანად როგორც სახლი, ასევე ეზო, გამოყოფილია საუკუნოვანი აგურის სასაზღვრო მიჯნით. აღნიშნულ ისტორიულ სახლს და მის ეზოს კავშირი არა აქვს უშუალოდ ბ-ძის ბინის წინ მდებარე დამხმარე სათავსის ასაშენებლად გამოყოფილი 14.5კვ. მიწის ფართთან, რომელიც ცნობილი არ არის ისტორიული მნიშვნელობის ობიექტად. დადგენილია, რომ ბ-ძის ბინაზე 14.5 კვ.მ ფართის მიშენებით არ მიადგება ზიანი ისტორიულ ძეგლს, არ შეილახება მისი იერსახე და არ დაირღვევა კ. მ-შვილისა და ქ. ხ-შვილის საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართი, რომელიც ც. ბ-ძის საკუთრებაა, დანიშნულებისამებრ საცხოვრებლად გამოუყენებელია.

თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 26.11.99 წ. ¹ 14,129.11 გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის თანხმობით დაკამყოფლდა ც. ბ-ძის შუამდგომლობები და ტექნიკურად შესაძლებლად ჩაითვალა ... მდებარე ც. ბ-ძის ბინაში დამხმარე სათავსის მიშენება ზომით 2,5X5,8 მეტრზე, სათანადო პროექტის შედგენითა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე “თბილქალაქპროექტის” მიერ შედგენილი პროექტი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 18 იანვრის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა. Aაღნიშნული აქტები კანონიერ ძალაშია და მათი გაუქმების საკითხი არც დამდგარა.

სააპელაციო პალატის მიერ საქრთველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის 2000 წლის 31 ივლისის ¹ 021233 წერილის მიხედვით დადგენილია, რომ დეპარტამენტი წინააღმდეგი არ არის დამხმარე სათავსის მიშენებაზე. ამასთან, წერილის საფუძველზე დადგენილია, რომ არქიტექტურის ძეგლად აღიარებულია მხოლოდ ის სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ი. ჯ.-ი, ხოლო სხვა შენობები ასეთებად ცნობილი არ არიან. ... მდებარე სახლებიდან მხოლოდ ის არის არქიტექტურის ძეგლი, რომელშიც ცხოვრობდა ი. ჯ.-ი.

მოპასუხეებმა საპელაციო სასამარრთლოს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სადავო ფართი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავ ძეგლს ან უძრავი ძეგლის ტერიტორიას და ასეთი სტატუსით რეგისტრირებულია კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ. Aამიტომ პალატა ვერ გაიზიარებს კაასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქრტველოს კანონი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება კანონის მოთხოვნების დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძველად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, მუხლით და

დ ა დ გ ი ნ ა:

დ. ჯ-შვილის, ლ. ც-ძის, ქ. ა-ძის და კ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.