გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/369-01 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი – საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ბინიდან გამოსახლება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ძეს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ... ქ. თბილისში. მას ჰყავს 2 შვილი. ქალიშვილი – მ. მ-ძე _ დაქორწინებული და ცხოვრობს მეუღლის ოჯახში; ვაჟი – ნუ. მ-ძე _ ცოლშვილთან ერთად ცხოვრობს მეუღლის ბინაში.
ნ. მ-ძემ მინდობილობით მისცა ნუ. მ-ძეს ქ. თბილისში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლი, თავად კი ონის რაიონის სოფ. ... ცხოვრობდა. ნუ. მ-ძემ ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა შვილებთან ნუგ., გი., გუ. და ნა. მ-ძეებთან და აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადასცა მათ.
ნ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ მოტივით, რომ ხელშეკრულება მისი ნების საწინააღმდეგოდ დაიდო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნ. მ-ძის მინდობილობის საფუძველზე ნუ. მ-ძის მიერ, ნა., გუ. და გი. მ-ძეებთან დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულია თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 5 იანვარს.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე; თუ პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც სურდა. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, შეცილების ნამდვილობისათვის შეცილება უნდა მოხდეს შეცდომის საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ნ. მ-ძემ შეიტყო თუ არა შვილის მიერ განხორციელებული ბინის ჩუქების შესახებ, დაუყოვნებლივ გააუქმა მინდობილობა და სარჩელი აღძრა სასამართლოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მინდობილობაში განხორციელებული მისი ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, რომ იგი შეცდა გარიგების შინაარსში (სურდა სახლის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა და ხელი მოაწერა განკარგვის უფლებაზეც).
სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ რწმუნებულის მიერ, მითითებების შესრულებამ შეიძლება მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მას შეეძლება მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებლს ზიანის თაობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას. ამასთან, იმავე კოდექსის 713-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია. ნუ. მ-ძემ კი ისე დადო ჩუქების ხელშეკრულება, რომ დედისათვის არ გაუმჟღავნებია ბინის გასხვისების შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს, ხოლო 529-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის მიმართ. ნუ. მ-ძემ უმადურობა გამოიჩინა დედის მიმართ, რადგან მან თავის შვილებზე მოახდინა დედის ბინის გასხვისება მისი სახელით, მაშინ როცა დედას ასეთი სურვილი არ ჰქონია.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნუ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება – ნ. მ-ძის სარჩელი უარყოფილ იქნა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, არ შეიძლება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მინდობილობის გაცემისას შეცდა გარიგების შინაარსში, არ იცოდა, რა მიზნით გაიცა იგი. მოსარჩელეს არ დაუყენებია სასამართლოს წინაშე მოთხოვნა მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ. მის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ მინდობილობის გაუქმება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის მტკიცებად, რომ მოსარჩელემ საცილოდ გახადა იგი და მინდობილობის გაცემისას მისი ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, რამდენადაც მინდობილობის ბათილად ცნობისას სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი დგება. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ნ. მ-ძის მიერ გაცემული მინდობილობა მის გაუქმებამდე, ანუ 1998 წლის 12 იანვრამდე და ამის შემდეგაც არაა ცნობილი ბათილად, ნუ. მ-ძე მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და მის მიერ მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგება (ჩუქება) ნამდვილია.
პალატამ არასწორად მიიჩნია გადაწყვეტილების დასაბუთება დასაჩუქრებელის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენის გამო სამოქალაქო კოდექსის 526-ე, 529-ე მუხლების გამოყენებით, რამდენადაც აღნიშნული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოსარჩელეს არ მოუთხოვია. ამით დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი გარიგების დადებისას მოატყუეს. თანახმად სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლისა იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ამასთან, იგი აღნიშნული ბინის გაჩუქებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია თავის რჩენა.MM
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების გათვალისწინების საფუძველზე, თვლის, რომ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2½ ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. მ-ძის სახელზე; მასზე ირიცხება, ასევე, ონის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 65 მ2. მან 1997 წლის 30 მაისს მინდობილობა მისცა თავის შვილს ნუ. მ-ძეს, რომლითაც მიანიჭა თავისი ქონების განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობა გაფორმებულ იქნა სანოტარო წესით. ნუ. მ-ძემ ამ მინდობილობის საფუძველზე, 1998 წლის 5 იანვარს აჩუქა თავის შვილებს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ... ქ. თბილისში. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. მაჩაიძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია, რომ, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო საცხოვრებელ სახლში კასატორ ნ. მ-ძეს 1968 წლის შემდეგ არ უცხოვრია, ეს ბინა კეთილმოწყობილი არ არის და გაქირავებულიც არ აქვს. ამდენად, ამ სახლის გაჩუქებით იგი არ შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. ეს ქონება არც მის საარსებო წყაროს წარმოადგენს, რის გამოც მისი მოთხოვნა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება დაკმაყოფილდეს, მით უფრო, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება მეორე საცხოვრებელი სახლი ონის რაიონის სოფ. ...
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალტამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.