Facebook Twitter

საქმე N 330100125011245381

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №853აპ-25 27 ნოემბერი, 2025 წელი

კ. ლ., №853აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. კ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 22:10 საათზე, თ–ში, ........ ქუჩა N.., ბინა N..-ში, ლ. კ–ი დედას, ი. ხ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა მას და მის შვილს - ა. კ–ს, რაც ი. ხ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 22:10 საათზე, თ–ში, ........ ქუჩა N.., ბინა N..-ში, ლ. კ–მა დედას, ი. ხ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელის მტევანზე ძლიერად მოუჭირა ხელი და გადაუგრიხა, რითაც ი. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენით, ლ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. კ–ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. კ–ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 1 აგვისტოს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ. კ–ისათვის უფრო მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათის და საშიშროების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსუბუქია. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული ნასამართლობა. ლ. კ–ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც მიმართული იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის აღდგენისკენ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ლ. კ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.5. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და განმარტავს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. ბრალდების მხარე მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად წარმოსაჩენად მიუთითებს ლ. კ–ის წარსულში ნასამართლობას, რის გამოც ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლ. კ–ი დანაშაულების ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და ითვლებოდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად. სწორედ ამ დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით ლ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, რეციდივის მხედველობაში მიღებით თითოეული ეპიზოდისათვის დაენიშნა კანონიერი სასჯელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლ. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თითოეული ეპიზოდისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. ამასთან, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე