¹ 3კ/376-01 18 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფა; მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. კ-ძემ სარჩელი აღძრა ნ. ჯ-იანის წინააღმდეგ და მოითხოვა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. სარჩელის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ 2000 წელს, სატელევიზიო კომპანიის “...” ეთერში გავიდა გადაცემა “...”, რომელიც მიეძღვნა საქართველოში “...” ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას. ამ გადაცემაში ყოფილმა პარლამენტარმა ნ. ჯ-იანმა მოსარჩელის _ ყოფილი მრეწველობის მინისტრის მოადგილის მისამართით აღნიშნა შემდეგი: “ის, რაც მიუტანეს ბ-ნ ე. შ.-ეს, როგორც გაკეთებული ნიმუში, ეს პრაქტიკულად იყო სხვა დეტალებიდან აკრეფილი; ეს გააკეთა ვ. კ-ძემ, აუტანა და დაუდო პრეზიდენტს იარაღი, რომელიც პრაქტიკულად აუთვისებელი იყო და თუ ათვისებული იყო, ახლა რატომ არ ვაკეთებთ?” მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ნ. ჯ-იანმა მას დააბრალა ქვეყნის პრეზიდენტის არა უბრალოდ მოტყუება, არამედ სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფაც. სინამდვილეში კი, როცა პრეზიდენტს აჩვევნა საქართველოში აწყობილი ავტომატური იარაღის სანიმუშო ეგზემპლარი, მოახსენა, რომ ყველა დეტალი საქართველოში იყო დამზადებული, გარდა ლულისა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი არ შეესაბამება სინამდვილეს. მას არ შეულახავს მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მოსარჩელის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.
ვ. კ-ძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ სსსკ-ის 222-ე მუხლის საფუძველზე არ შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, ასევე, ნ. ჯ-იანის ინტერვიუდან ციტატა, რომლემაც მას შეულახა პირადი უფლებები: “ეს კაცი (იგულისხმება ვ. კ-ძე) სულ სხვა საქმეზეა გამიზნული და მას არ უნდა, რომ საქართველოში დავნერგოთ იარაღი და ტყვია-წამალი და ცოტა რაღაცნაირად ფეხზე წამოვდგეთ ამ საკითხებში. იმიტომ რომ მისი პირადი ინტერესები არ არის ჩადებული ამაში”. აპელანტს მიაჩნია, რომ ნ. ჯ-იანმა იგი საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა ისეთ პიროვნებად, რომელიც თავის პირად ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს, რითაც შელახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ. ჯ-იანს დაევალა ტელეკომპანიის “...” მეშვეობით ვ. კ-ძის მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ფრაზების უარყოფა; მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად იქნა აწყობილი, მაგრამ მისი სერიული წარმოება არ მოხდა ობიექტური მიზეზის გამო და არა ვ. კ-ძის ბრალით. ამ იარაღის ყველა დეტალი და კვანძი, გარდა ლულისა, დამზადებულია საქართველოში. სააპელაციო სასამართლომ ნ. ჯ-იანის მიერ გავრცელებული ცნობა _ “ის რაც აუტანეს ბატონ ე. შ.-ეს, როგორც გაკეთებული ნიმუში, ეს პრაქტიკულად იყო სხვა დეტალებიდან აკრეფილი, ეს გააკეთა ვ. კ-ძემ, აუტანა და დაუდო პრეზიდენტს იარაღი, რომელიც პრაქტიკულად აუთვისებელი იყო და თუ ათვისებული იყო, ახლა რატომ არ ვაკეთებთ?”, მიიჩნია ვ. კ-ძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახავად. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ვ. კ-ძის საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიაჩნია სიტყვები: “მე ვფიქრობ, რომ ეს კაცი სულ სხვა საქმეზეა გამიზნული და მას არ უნდა, რომ საქარვთელოში დავნერგოთ იარაღი და ტყვია-წამალი და ცოტა რაღაცნაირად წამოვდგეთ ფეხზე ამ საკითხებში იმიტომ, რომ მისი პირადი ინტერესები არ არის ჩართული ამაში”. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი განცხადება შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ მას სოლიდური თანამდებობა უკავია და გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ცხადია მას გაჩნია საქმიანი რეპუტაცია.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ნ. ჯ-იანი და მოითხოვს მის გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი. ამ ნორმით უარყოფას ექვემდებარება ცნობები, რომლებიც ლახავენ პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, თუ ცნობების გამვრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. კასატორს მიაჩნია, რომ თუ ყველა ეს პირობა სახეზე არ იქნება, თუნდაც ერთი მათგანის არ არსებობა გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლის გამოყენებას.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კერძოდ, ვ. კ-ძის მიმართ გადაცემაში გამოთქმული აზრი მისი, როგორც საჯარო პირის, მინისტრის მოადგილის მიმართ გამოთქმული კრიტიკაა, საქმიანობის შეფასებაა და არა რაიმე ფაქტობრივი ცნობების (მონაცემების) გავრცელება, რომელიც შელახავდა მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას, რადგან მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის მოხელემ უნდა ითმინოს კრიტიკა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ხოლო ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი და არასწორად განმრტა იგი:
მითითებულში ნორმით პირს აუფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. აქედან გამომდინარე, პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფად ჩაითვლება, თუ არსებობს რაიმე ცნობის (ფაქტის) გავრცელება და ეს ცნობა შეიცავს ამ ნორმით დაცულ ერთ ან რამდენიმე სიკეთის (პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან სხვ.) ხელყოფას. ამდენად, არაქონებრივი უფლებების დარღვევის იურიდიული კვალიფიკაციისათვის საკმარისია ამ ნორმით დაღული ერთ-ერთი საკითხის ხელყოფაც, პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება, ე.ი. ყველა ამ ნიშნის ერთობლიობა, წარმოადგენს სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის კვალიფიკაციას. ამ უფლებების ჩამონათვალი ნორმაში დაკავშირებულია “ან” კავშირით, რის გამოც ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანიც (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და სხვა) საკმარისა ამ ნორმის კვალიფიკაციის შემადგენლობისათვის.
პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის არასწორი განმარტება და გამოყენება გამოიხატება შემდეგში:
დადგენილია, რომ იმ პერიოდში, რომელსაც გადაცემა “...” შეეხებოდა, ნ. ჯ-იანი იყო პარლამენტარი. მუშაობდა პარლამენტის სამხედრო მრეწველობის საპარლამენტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ და წარმოადგენდა პოლიტიკური თანამდებობის პირს. ვ. კ-ძე იყო მრეწველობის მინისტრის მოადგილე _ საჯარო მოსამსახურე. ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა მე-18 მუხლის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს _ საქმიან რეპუტაციას. საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელსაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, გააჩნიათ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის, მისი პროფესიული თვისებების დისკრედიტაციისათვის. ასეთი ხელყოფით პირს შეუძლიბე მიადგეს მატერიალური ზიანიც, ე.ი. ხელიდან გაუშვას მოგება, დაეკარგოს კლიენტი და სხვ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური, ასევე საჯარო სამსახურის თანამდებობის პირზე (მოხელეს) არ უნდა გავრცელდეს საქმიანი რეპუტაციის ის გეგმა, რასაც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განამტკიცებს. ამ პირების სამსახურებრივ საქმიანობასთან (მოღვაწეობასთან) დაკავშირებით შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დიფამაციას (პატივის ან ღირსების ხელყოფა), მაგრამ არა საქმიანი რეპუტაციის შელახვას. ამდენად, ნ. ჯ-იანის მიერ გადაცემაში – “...”, გაკეთებული განცხადებით, იმის შესახებ, რომ ვ. კ-ძემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტს საქართველოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების შესახებ, არ ილახება საჯარო მოხელის საქმიანი რეპუტაცია.
პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის “...” გადაცემაში “...” ნ. ჯ-იანის ინტერვიუში ადგილი აქვს ვ. კ-ძის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გამოქვეყნებას შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფოში ამჟამადაც არ ხდება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სერიული დამზადება, ე.ი. მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის “აუთვისებლობის” და მისი სერიული წარმოების არარსებობის შესახებ სინამდვილეს შეესაბამება. ასევე დადგენილია, რომ დამზადდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი სანიმუშო ეგზემპლარი, რომელიც პრეზიდენტს აჩვენეს. უდავოა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის საჩვენებელი ეგზემპლარი იმ დროს დამზადდა, როდესაც ვ. კ-ძე მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო და სწორედ მან მიუტანა პრეზიდენტს ავტომატური იარაღის ნიმუში. მოსარჩელეს დიფამაციად მიაჩნია არა თვით ფაქტი, არამედ ამ ფაქტის მიმართ გამოთქმული მოსაზრება, რომ მან (ვ. კ-ძემ) შეცდომაში შეიყვანა ქვეყნის პრეზიდენტი, რითაც შელახა მისი ვ. კ-ძის პატივი და ღირსება. პალატა თვლის, რომ აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვ. კ-ძის პატივისა და ღირსების შელახვად შემდეგი გარემოების გამო:
ჯერ ერთი, გადაცემა “...” შეეხებოდა ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას და იქ გამართულ საჯარო პოლემიკაში ვ. კ-ძეს ჰქონდა საშუალება (და გამოიყენა კიდეც) პასუხი გაეცა ნ. ჯ-იანის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებებისა და შეფასებებისათვის; მეორე _ გადაცემა, სადაც გამოითქვა ვ. კ-ძის მიმართ სადავო ფრაზები, ეხებოდა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებს (იარაღის წარმოება და ვაჭრობა), რაც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და ასეთი საკითხების გაშუქებისას პოლიტიკური და საჯარო სამსახურის მოხელეთა მიერ ერთმანეთის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები, ე.ი. “დასაშვები კრიტიკის ფარგლები”, შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ინდივიდის (მოქალაქის) მიმართ. ამ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლება, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და “ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის” მე-10 მუხლებით. კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, რომ უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე “მოიცავს პიროვნების თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს, გასცეს ინფორმაციის და იდეები”. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლომ ამ ნორმის საფუძველზე, საქმეზე “კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ” მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტების შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს განსხვავებული სტანდარტები. კერძოდ, განმარტა, რომ “დასაშვები კრიტიკის ფარგლები მთავრობის მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ”. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. ამ შემთხვევაში რეპუტაციის (პატივის, ღირსების) დაცვის ინტერესი წონასწორდება საზოგადოების ინტერესთან _ თავისუფლად განიხილოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ძის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან სარჩელის საფუძვლები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ აკმაყოფილებენ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების მოთხოვნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ნ. ჯ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ვ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.