საქმე N 330100123006820431
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№808აპ-25 28 ნოემბერი, 2025 წელი
გ-ი ლ., 808აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. გ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით, ლ. გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
1.1.2022 წლის 23 დეკემბერს, თ–ში, ც–ს ქუჩის №..-ში მდებარე ,,თ–ს“ ბაზრობაზე, 2021 წლის 25 მაისის განაჩენით, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. გ–ი, მ. მ–ის ხელჩანთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ, 70-ლარიან საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა – 1070 ევრო (3044 ლარი) და 390 ლარი, ,,..-ს“ გათამაშების ბილეთები და „....–ს“ დაგროვების ბარათი.
2. ლ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით, ლ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანჟელა გეთიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გამამართლებელი განაჩენი; ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, ლ. გ–ს, საბოლოოდ განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ნ. ს–ემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ლ. გ–ის მსჯავრდება არ ეფუძნება მტკიცებულებებს, არამედ – მხოლოდ მოსამართლის შინაგან რწმენას, რისი გატვალისწინებითაც, ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა არათუ პირდაპირი, არამედ – საერთოდ არანაირი მტკიცებულება, რომელიც ლ. გ–ის ბრალეულობას დაადასტურებდა. მსჯავრდებული მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. ვიდეოჩანაწერში ასახულია, ბაზრობაზე, როგორ ჩაუვლის ლ. გ–ი დაზარალებულის ზურგს უკან, არც ქურდობის ფაქტი და არც ფულის ამოღების – ჩანაწერში არ ჩანს. საპირისპიროდ, დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ ლ. გ–ის სახლიდან ამოღებული 100-ევროიანი, იყო საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ლ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. კერძოდ: დაზარალებულ მ. მ–ის ჩვენება – რომ ე.წ. ,,თ–ს“ ბაზრობაზე, საცვლების შეძენის შემდეგ, გაიარა, დაახლოებით, 20-30 მეტრი და აპირებდა წინდების ყიდვას, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩანთაში აღარ ედო საფულე, რომელშიც ჰქონდა 1040 ევრო და 400 ლარი – თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ თანხვდენილია არა მარტო მოწმის სახით დაკითხული ე. გ–ის ჩვენებასთან, რომელიც ბაზრობაზე თან ახლდა დაზარალებულს და დაადასტურა, რომ საცვლების შეძენის შემდეგ, დაახლოებით, 20-30 მეტრში, დეიდამისმა, რომელიც აპირებდა წინდების შეძენას, აღმოაჩინა, რომ თან აღარ ჰქონდა საფულე, არამედ, ასევე – შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომელიც ცხადყოფს, რომ ბაზრობა ,,....-ის“ სავაჭრო რიგში, 15:50 საათზე, კადრში ჩნდება მ. მ–ი, რომელიც დახლთან ათვალიერებს გასაყიდ საქონელს, ხოლო 15:51:35 საათზე – ლ. გ–ი. ხაზგასასმელია, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სასამართლომაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პირი, რომელიც მარჯვნიდან უახლოვდება დახლთან მყოფ დაზარალებულს და ჩერდება მის ზურგს უკან, სწორედ მსჯავრდებული ლ. გ–ია. კარდში მოძრაობისას, ლ. გ–ს მარჯვენა ხელით ყურთან მიდებული აქვს მობილური ტელეფონი, მარცხენა ხელში კი უჭირავს პოლიეთილენის ორი პარკით პროდუქტები და მესამე, ცარიელი პოლიეთილენის პარკი. იგი ბრუნდება მ. მ–ის მხარეს, აკვირდება მას და ათვალიერებს გარემოს. 15:51:45 საათზე ლ. გ–ი ტელეფონს იდებს ჯიბეში, მარცხენა ხელში არსებული პოლიეთილენის პარკები გადააქვს მარჯვენაში და ითავისუფლებს მარცხენა ხელს, რომელზეც იფარებს ცარიელ პოლიეთილენის პარკს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, მარცხენა ხელში მას რაიმე ნივთი ან/და საგანი არ უჭირავს. იგი უკნიდან, მარცხენა მხარეს უახლოვდება დაზარალებულს და 15:52:02 საათზე, მარცხენა ხელს, რომელსაც ნაწილობრივ უფარავს პოლიეთილენის პარკი, ყოფს მ. მ–ის მარცხენა მხარეს, სადაც დაზარალებულს მკლავზე ეკიდა ჩანთა, რომელიც იკეტებოდა ერთი მაგნიტური ღილით და შიგ ედო საფულე. ლ. გ–ი ამ დროს იჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, 15:52:02 საათიდან 15:52:19 საათამდე დროის შუალედში, სხვებისგან შეუმჩნეველი მოძრაობით იღებს მარცხენა ხელს, რომელსაც მალავს პოლიეთილენის პარკის ქვეშ და ტოვებს ტერიტორიას. 15:52:27 საათზე, კამერასთან მიახლოებისას, კადრში აშკარად ჩანს, რომ ლ. გ–ს მარცხენა ხელში, რომელსაც ნაწილობრივ იფარავს პოლიეთილენის პარკით, უჭირავს მუქი ფერის საგანი, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მანამდე ხელში არ ჰქონდა და მალავს ჟილეტის ქვეშ. 15:54:00 საათიდან 15:55:00 საათამდე დროის შუალედში, მ. მ–ი, რომელიც დგას ისევ იმავე დახლთან, მარცხენა მხრიდან იხსნის ჩანთას და იწყებს მასში საფულის ძებნას, თუმცა ვერ პოულობს. ძებნაში ეხმარება დისშვილი – ე. გ–ე. ისინი იხედებიან ძირს და დახლების ქვეშ; დაზარალებულმა მ. მ–მა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის მსვლელობისას, ზედმიწევნით აღადგინა შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების გზით; ასევე დაათვალიერა შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და დაკითხვისას მიუთითა, რომ ნათლად დაინახა, როგორ მიუახლოვდა მას მსჯავრდებული და მოჰპარა ჩანთიდან საფულე. აღსანიშნავია, რომ ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით გამორკვეულა რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილა დაზარალებულ მ. მ–ს არჩადენილ დანაშაულში ლ. გ–ი, რომელსაც, დადგენილია, რომ ამ შემთხვევამდე საერთოდ არ იცნობდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. გ–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე