Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ/378 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

მა. და მ. ბ-იებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1993 წელს მ. შ-იას და თ. ს-ძეს ასესხეს 6700 აშშ დოლარი ორი კვირის ვადით. მოპასუხეებმა დაარღვიეს პირობა და დროზე ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის დაბრუნება. 1995 წლის დასაწყისში ნაწილ-ნაწილ დააბრუნეს 1000 აშშ დოლარი. 1995 წლის 1 აპრილს მ. შ-იამ დაწერა ხელწერილი, სადაც აღიარებდა სესხის სახით დარჩენილი 5700 დოლარის არსებობის ფაქტს. მოსარჩელეების განმარტებით მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეებმა კვლავ არ დაუბრუნეს აღნიშნული თანხა და შემდგომ კი საერთოდ უარი უთხრეს მის გადახდაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მ. შ-იასა და თ. ს-ძისათვის სესხის სახით აღებული თანხის 5700 აშშ დოლარის დაკისრება და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 20000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხე მხარემ, მართალია, აღიარა სესხის აღების ფაქტი, მაგრამ სარჩელი არ ცნო, ვინაიდან მათი განმარტებით ნასესხები ფული უკვე დააბრუნეს და, ამასთან, მათი აზრით, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით მა. და მ. ბ-იების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. შ-იას და თ. ს-ძეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ სესხად აღებული თანხის 5700 აშშ დოლარისა და მიყენებული მატერიალური ზიანისათვის 10000 ლარის გადახდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების განმარტება იმის შესახებ, რომ მათ თანხა უკვე დაბრუნებული ჰქონდათ, ვინაიდან მათ ვერ წარმოადგინეს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცება.

სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოპასუხეების მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე, რადგან საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შემდეგ 1996 წელს მ. ბ-იამ თავისი უფლებების დასაცავად განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირებობათა საკითხების კომიტეტს, შემდეგ შს სამინისტროს და ქ. თბილისის პროკურატურას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მა. ბ-ია დაავადებულია გაფანტული სკლეროზით და ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა, რომლის ღირებულება წელიწადში შეადგენს 25200 ლარს. სასამართლოს განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, გამოწვეული იყო სესხის დაუბრუნებლობით მიყენებული ნერვიულობით, დაძაბული მდგომარეობით და უსახსრობით.

სასამართლომ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მორალური ზიანის ანაზღაურებას სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის არ ითვალისწინებს.

მ. შ-იამ და თ. ს-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ს-ძისა და მ. შ-იას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, მა. ბ-იას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ბ-იას სარჩელი და აპელანტებს დაეკისრათ მის სასარგებლოდ 5700 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა რა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციით) 391-ე მუხლზე, განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების მხარეები არიან გამსესხებელი და მსესხებელი. საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად კი გამსესხებელია მ. ბ-ია, ხოლო მსესხებელი მ. შ-ია. Mმართალია, მოწმეთა ჩვენებებით სესხი აღებულ იქნა მ. შ-იას და თ. ს-ძის მიერ, ხოლო გასესხებული თანხა ეკუთვნის, როგორც მ. ისე მა. ბ-იას, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თუ სესხის ხელშეკრულება სადავო ხდება, მაშინ მოწმეთა ჩვენებები არ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, მა. ბ-ია არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, თ. ს-ძე არ არის სასესხო ურთიერთობის უშუალო მხარე, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 1169-ე, 1170-ე მუხლების თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულება ხდებოდა ნაწილ-ნაწილ, პერიოდულად. 1996 წელს მოსარჩელე მ. ბ-ია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ნებაყოფლობით ვერ მიიღებდა ფულს და მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტს თავისი უფლებების დასაცავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მ. ბ-იას მოთხოვნის უფლება იწყება 1996 წლის დეკემბერში, სარჩელი შეტანილია 1999 წლის ივლისის თვეში და ამდენად სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ვადა გასული არ არის.

სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ძველი სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ისეთი სახით, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია ასახული.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და მა. ბ-იებმა. კასატორებმა მიუთითეს, რომ ვალის დროულად დაუბრუნებლობით მიადგათ დიდი მატერიალური ზიანი, კერძოდ, მ. ბ-იამ განმარტა, რომ 1997 წელს მოწინააღმდეგე მხარეს შეატყობინა, რომ შვილი მა. ბ-ია ჰყავდა მძიმე ავად, მისი მკურნალობისათვის ესაჭიროებოდა დიდი თანხა, ამიტომ კატეგორიულად მოითხოვა ვალის დაბრუნება სასწრაფოდ. მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც არ დაუბრუნეს თანხა, ამიტომ გაუარესდა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გახდა I ჯგუფის ინვალიდი. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ დროულად ვერ იშოვა წამლების ფული და იძულებული შეიქნა ბინა დაეტვირთა იპოთეკით და ყოველთვიურად ეხადა პროცენტი, ხოლო შემდეგ პროცენტის გადაუხდელობის გამო ბინა გაეყიდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს ძირითადი თანხის 5700 აშშ დოლარისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით, ასევე, გაასაჩივრეს მ. შ-იამ და თ. ს-ძემ და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მ. შ-იას მ. ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 5700 აშშ დოლარის გადახდა მ. შ-იასა და თ. ს-ძის საერთო ქონებიდან და ახალი გადაწყვეტილებით ბ-იების სარჩელზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ბ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მ. შ-იას და თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. ბ-იამ მ. შ-იას ასესხა 6700 აშშ დოლარი უპროცენტოდ 1993 წელს ორი კვირის ვადით. აღნიშნული თანხა მ. შ-იას მიერ დროულად დაბრუნებული ვერ იქნა, მათ ნაწილ-ნაწილ გადაიხადეს მხოლოდ 1000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 5700 აშშ დოლარი აღარ გადაუხდია. მოპასუხეს ვალი უნდა დაეფარა 1995 წლის აპრილის ბოლო რიცხვებისათვის. ასევე, დადგენილია, რომ სესხად მიღებული თანხა გამოყენებულია მთელი ოჯახის ინტერესებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 225-ე მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა, რაც მოვალეს ეკისრება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. Aაღნიშნული მუხლის თანახმად მოვალემ, რომელმაც გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას, უნდა გადაიხადოს გადაცილებული დროის სარგებელი ვადაგადაცილებული თანხისა წლიური სამი პროცენტი, თუ კანონით ან ხელშეკრულებით არ არის დადგენილი პროცენტის სხვა რაოდენობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხემ უნდა გადაიხადოს, როგორც ძირითადი თანხა 5700 აშშ დოლარი, ასევე მისი 3% 1995 წლიდან – 2001 წლამდე, რაც შეადგენს 1026 აშშ დოლარს. ამდენად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა შეიცვალოს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მ. შ-იასა და თ. ს-ძის აზრს იმის თაობაზე, რომ მ. ბ-იას სარჩელი ხანდაზმულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-ია მოითხოვდა ფულს, შ-იას ნათესავი აგვიანებდა ფულის გამოგზავნას, შ-ია მოითხოვდა ეცლიათ მისთვის და გადაიხდიდა ყველაფერს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-იამ სააბოლოო უარი ვალის დაბრუნებაზე მიიღო 1996 წლის დეკემბერში.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციით) მე-80 მუხლის თანახმად სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს; შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყება და შეწყვეტამდე გასული დრო ახალ ვადაში არ ჩაითვლება. მ. ბ-იას მოთხოვნის უფლება ეწყება 1996 წლის დეკემბერში, სარჩელი შეტანილია 1999 წლის ივლისის თვეში. ამდენად სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ბ-იას მიერ გაშვებული არ არის.

პალატა თვლის, რომ მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1169-ე და 1170-ე მუხლების გამოყენებით დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა. სადავო ურთიერთობა წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები. საქართველოს საოჯახო და საქორწინო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად ერთ-ერთი მეუღლის ვალდებულებათა დასაფარავად მეუღლეები პასუხს აგებენ ქონებით, რომელიც მათ საერთო თანასაკუთრებას შეადგენს, თუ დადგინდება, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის ინტერესებისათვის. Aაღნიშნული ნორმის თანახმად გადახდევინება უნდა მოხდეს თ. ს-ძის და მ. შ-იას საერთო ქონებიდან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. შ-იას და თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მ. შ-იას და თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მ. ბ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. შ-იას და თ. ს-ძეს, მ. ბ-იას სასარგებლოდ დაეკისროთ 6726 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.