Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/379-01 1 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ვ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. ქობულეთში, ... მდებარე სახლში შესახლება მცირეწლოვან შვილთან ერთად შემდეგი საფუძვლით: იგი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ს. გ-ძესთან, 1996 წელს შეეძინათ ქალიშვილი. ქორწინების პირველ დღეებიდანვე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად სადავო სახლში, 1999 წლის მაისში მოპასუხეებმა აიძულეს დაეტოვებინათ სახლი და ამჟამად ცხოვრობს ძმასთან. სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. მიაჩნია, რომ სადავო სახლზე მოპოვებული აქვს სარგებლობის უფლება. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს მისი გამოსახლება სადავო სახლიდან შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე ქორწინების შემდეგ მათ არ მიუღიათ ოჯახის წევრად, იგი ს. გ-ძესთან ერთად ცხოვრობდა ... ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში. 1997 წელს მან გატეხა ფანჯარა და ჩუმად, მესაკუთრის ნების წინააღმდეგ, შეიჭრა სადავო სახლში. საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ, ბოლოს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. ვ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა გ. გ-ძეს შეგებებული სარჩელი და გ. ვ-ძე გამოსახლდა სადავო სახლიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ვ-ძეს სადავო სახლში ცხოვრების წინააღმდეგი იყო სახლის მესაკუთრე ე. გ-ძე, რის გამოც ფაქტობრივი ქორწინების შემდეგ გ. ვ-ძე და ს. გ-ძე ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში, ... ქუჩაზე. მოსარჩელე, მესაკთურის ნების საწინააღმდეგოდ ჩუმად შევიდა სადავო ბინაში 1997 წელს და ამ დროიდან მოყოლებული მესაკუთრესა და ვ-ძის შორის იყო კონფლიქტი იმის გამო, რომ ე. გ-ძე წინააღმდეგი იყო მისი სადავო სახლში ცხოვრების აღნიშნულის გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ვ-ძემ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა გ. ვ-ძის სარჩელი, იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო სახლში. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პლაატის 2000 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა საქართვლეოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პლაატის 2000 წლის 6 დეკემბრის განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას. საქმის ხელახალი განხილვის შედეგად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე გ. ვ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტი, გადაწყვეტილება არასაკმარისად არის დასაბუთებული, რადგან მესაკუთრეს თავისი უფლების განხორციელება შეუძლია, თუ ამით ილახება მესამე პირის უფლება.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილადაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე გ. ვ-ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მოსარჩელე ე. გ-ძის შვილთან ს. გ-ძესთან, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი 1996 წელს. იმის გამო, რომ მოსარჩელეებმა ნ. და ე. გ-ძეებმა არ მიიღეს კასტაორი გ. ვ-ძე რძლად და შესაბამისად ოჯახის წევრად ფაქტიური ქორწინების დღიდან იგი ცხოვრობდა მდგმურის უფლებით ქ. ქობულეთში, ... ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში. 1997 წელში სახლის მესაკუთრის ნებართვის გარეშე შეიჭრა მოსარჩელეების გ. და ე. გ-ძეების სახელზე ქ. ქობულეთში, ... საკუთრების უფლებით რიცხულ სახლში. რის შემდეგაც მხარეთა შორის არის საყოფაცხოვრებო კონფლიქტი და მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვიტა მფლობელობა (წასულიყო სადავო სახლიდან). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორ გ. ვ-ძის საკასაციო პრეტენზია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული არ არის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება ექნებოდა აღედგინა მფლობელობა. თუ იგი იქნებოდა კეთილსინდისიერი მფლობელი, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ჩაითლება კეთილსინდისიერ მფლობელად, რადგან სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერად ითვლება მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მესაკუთრესთან ჩუმად, მისი ნების გარეშე, ფანჯრის გატეხვით შევიდა სადავო სახლში და მესაკუთრე მთელი ამ ხნის განმავლობაში წინააღმდეგი იყო მისი სადავო ბინაში ცხოვრების რასაც ადასტურებს პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები. ამდენად, მოსარჩელე სახლის არაკანოინერი მფლობელია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სარჩელზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების დროს სამოქალაქო კოდექსის 160-ე და 170-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განჩინება. გ. ვ-ძეს გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო საჩივრის ბაჟი 30 ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.