Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/380-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთში, ... მცხოვრები ე. ქ-ძე გარდაიცვალა 2000 წლის ივლისში. 1992 წელს სახლი ანდერძით დაუტოვა ძმისშვილს მ. ნ-შვილის შვილებს: ზ. და ვ. ნ-შვილებს, ხოლო 2000 წლის 28 აპრილის ანდერძით იგივე ქონება დაუტოვა მეზობლად მცხოვრებ მ. გ-ძეს.

მ. ნ-შვილმა სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თავისი მამიდის ე. ქ-ძეს მიერ მ. გ-ძეზე გაცემული ანდერძის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ 2000 წლის 28 აპრილს ე. ქ-ძეს არ შეეძლო გაეფორმებინა ანდერძი როგორც ბრმას და ხელს ვერ მოაწერდა მასზე, ვინაიდან იმავე წლის 26 აპრილს, როცა მოინახულა მამიდა ქობულეთში, იგი დაბრმავებული იყო. გარდა აღნიშნულისა, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნა: ანდერძი ჩაწერილი და წაკითხულია ერთი და იგივე პირის – ნოტარიუსის მიერ. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ე. ქ-ძის მიერ 2000 წლის 28 აპრილს გაცემული ანდერძი. აღდგენილ იქნა აწგარდაცვლილი ე. ქ-ძის 1992 წლის 16 ივლისს გაცემული ანდერძი და მ. გ-ძე გამოსახლებულ იქნა ქობულეთში, ... ბინიდან.

მ. გ-ძის საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც 2001 წლის 30 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქობულეთის ნოტარიუსმა მ. კ-ძემ ე. ქ-ძის ანდერძის შედგენა-დამოწმებისას დაარღვა სამოქალაქო კოდექსის 1361-ე, 1366-ე მუხლების მოთხოვნა, ნოტარიუსმა თვითონ ჩაწერა და წაიკითხა ანდერძი, ასევე, ტექნიკური საშუალებებით ანდერძის ჩაწერას არ დაასწრო მოწმეები.

კასატორი მ. გ-ძე მოითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ განჩინებაში მოყვანილ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ქ-ძის ანდერძი ქობულეთის რაიონის ნოტარიუსის მ. კ-ძის მიერ დამოწმებულია 2000 წლის 28 აპრილს. ანდერძში მითითებულია, რომ ანდერძი ჩაწერილია ნოტარიუსის მიერ მოანდერძის სიტყვებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სამი მოწმის თანდასწრებით, ანდერძში, ასევე, აღნიშნულია, რომ ნოტარიუსმა წაუკითხა მოანდერძეს ანდერძი.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნოტარიუსის მიერ ანდერძის ჩაწერა და მისი წაკითხვა მოანდერძისათვის სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის დარღვევაა, ვინაიდან ამ მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყოს მოწმეც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი. მოცემული ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ ერთი და იგივე პირის მიერ ანდერძის ჩაწერისა და წაკითხვის აკრძალვა ეხება მოწმეებს და არა ნოტარიუსს. ამდენად, ნოტარიუსს სადავო ანდერძის შედგენისას 1361-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა არ დაურღვევია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტება სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლი. ამ ნორმის მიხედვით ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხემოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ; ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ; მოცემულ ნორმაში იგულისხმება ორი მოწმის დასწრების ვალდებულება ტექნიკური საშუალებებით ანდერძის გადმოცემისა და მოანდერძის მიერ ხელმოწერის დროს, რაც ერთდროული პროცესებია, ბრმა პირის მიერ განკარგულების გაცემის სანოტარო წესით დამოწმების პროცედურა ცალკე მუხლითაა მოწესრიგებული; საქმის მასალებით, ნოტარიუსმა ხელით შედგენილი ანდერძი წაიღო სანოტარო კანტორაში დასაბეჭდად, სადაც ანდერძის ტექსტის დაბეჭდვას მოწმეები არ დასწრებიან მაგრამ მისი წაკითხვა და დამოწმება მოხდა მოანდერძე ე. ქ-ძისა და სამი მოწმის თანდასწრებით.

იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, საკასაციო პალატა მოკლებულია საშუალებას თვით მიიღოს გადაწყვეტილება.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს სინამდვილეს შეეფერება თუ არა მოსარჩელეთა პრეტენზია მოანდერძე ე. ქ-ძის სიბრმავის ფაქტზე და საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ძის და მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.