3კ/381-01 3 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ცისკაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, თ. კობახიძე
დავის საგანი: მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. გ-ძე და თ. ყ-იანი 1989 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 1995 წლის აპრილში ა. გ-ძემ იყიდა ქ. ბორჯომში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4¼ ნაწილი, რომელიც ოთხი ოთახისაგან შედგება, ხოლო 1996 წლის სექტემბერში ქ. თბილისში, ..... მდებარე ლიტ “ა” საცხოვრებელი სადგომის 21/95 წილი, რომელიც მის სახელზე აღირიცხა საკუთრებაში; 1999 წლის აპრილში ა. გ-ძე და თ. ყ-იანი ოჯახური უსიამოვნების გამო განქორწინდნენ. ა. გ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. ყ-იანის მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი საცხოვრებელი ბინების გაყოფა შემდეგნაირად: ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი დარჩენილიყო მის საკუთრებაში, ხოლო ქ. ბორჯომში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი კი გადასცემოდა თ. ყ-იანს საკუთრებაში, ვინაიდან მოპასუხე და მისი არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ ბორჯომში.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ძის სარჩელი. მას საკუთრების უფლებით მიეკუთვნა თ. ყ-იანთან ერთად შეძენილი ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო თ. ყ-იანს მიეკუთვნა საკუთრებით უფლებით ქ. ბორჯომში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ორივე ბინა შეძენელია მხარეთა ერთად ცხოვრების პერიოდში. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა. იმავე კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით. იმის გამო, რომ ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ბინის ფართი ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის ფართზე მეტია, ამიტომ თ. ყ-იანს არასრულწლოვან შვილებთან ერთად მიეკუთვნა იგი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ყ-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა მოცემულ საქმეზე გამოტანილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება იმას, რომ ქ. ბორჯომში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინა არ წარმოადგენს თ. ყ-იანის მზითვს, რადგან ბორჯომის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ბორჯომში, ..... მდებარე 80 კვ.მ. საერთო საცხოვრებელი ფართიდან 27 კვ.მ. იზოლირებულ ოთახზე ბინის ძირითად დამქირავებლად აღირიცხა ა. გ-ძის ოჯახის შემადგენლობა (თვითონ და მეუღლე). ამავე რაიონის აღმასკომის 1990 წლის 18 მაისის ¹ 303 გადაწყვეტილებით, ბორჯომში, ..... მცხოვრებ ა. ბ-ძეს და ..... მცხოვრებ ა. გ-ძეს ნება დაერთოთ ბინების ურთიერთშორის გაცვლაზე. ამ ბინის გაყიდვის შემდეგ მხარეების მიერ შეძენილ იქნა ..... მდებარე სახლი, რომელიც აღირიცხა ა. გ-ძის სახელზე. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად ეს ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფისას სწორად იქნა გადახვეული მეუღლეთა წილის თანაფარდობის საწყისიდან არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით. ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ბინის ფართი ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობით, 62 კვ.მ.-ია, დამხმარე ფართია 11 კვ.მ., ხოლო ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინის საცხოვრებელი ფართია 20.8 კვ.მ. და დამხმარე 9.1 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. ყ-იანის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინის ყიდვისას მეუღლეებმა ფული, 2000 აშშ დოლარი, ისესხეს მოპასუხის რძლის ე. კ-ძისაგან, რადგან აპელანტმა წარმოადგინა 1997 წლის 25 აგვისტოს შედგენილი ხელწერილი იმის თაობაზე, რომ მათ სადავო ბინა დააგირავეს და ნ. კ-ძისაგან მიიღეს 2500 აშშ დოლარი, მაგრამ სადავო ბინა შეიძინეს 1996 წლის 27 აგვისტოს, ე.ი. ამ ხელწერილის შედგენამდე 1 წლით ადრე.
თ. ყ-იანმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინება.
თ. ყ-იანმა თავის საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ განჩინება დაუსაბუთებელია, არაკანონიერია და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის “ბ” პუნქტი, 1168-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 1169-ე მუხლი; სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მოთხოვნა.
თ. ყ-იანმა აღნიშნა, რომ ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ბინა მისი მზითვია და მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა იგი მეუღლეთა თანასაკუთრებად.
1995 წლიდან ა. გ-ძის სახელზე ირიცხება ბორჯომის რაიონის სოფ. ..... მიწის ნაკვეთი, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა. თ. ყ-იანმა მოითხოვა, ამ მიწის ნაკვეთით თანაბარი სარგებლობის უფლებით ესარგებლა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე არ იმსჯელა განჩინებაში და დაარღვია სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის მოთხოვნა. ქ. თბილისში, ..... მდებარე ოროთახიანი ბინა შეძენილია 5000 დოლარად. ბინაში 1996 წლის 27 აგვისტოს გადაიხადეს 2000 დოლარი, 1996 წლის 5 მაისს 980 დოლარი, 1996 წლის სექტემბერში კი ისესხეს 1000 დოლარი და მთლიანად გაისტუმრეს ბინის ვალი. ამ სესხის დასაფარავად ბინა ჩადეს გირაოში და 1997 წლის აგვისტოში ისესხეს თანხა ნ. კ-ძისაგან, რომელიც დღემდე დაუფარავია. სასამართლომ არ იმსჯელა, თუ ვინ უნდა დაფაროს ეს თანხა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თ. ყ-იანი და ა. გ-ძე 1989 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მეუღლეებმა 1995 წელს შეიძინეს ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ოთხოთახიანი ბინა, რომელიც აღირიცხა ა. გ-ძის საკუთრებაში, ხოლო 1996 წელს შეიძინეს მეორე ბინა ქ. თბილისში, ....., რომელიც ა. გ-ძის საკუთრებაში იქნა რეგისტრირებული. ოჯახური უსიამოვნების გამო თ. ყ-იანი და ა. გ-ძე 1999 წელს განქორწინდნენ. ა. გ-ძემ განქორწინების შემდეგ მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ბინის და ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინის გაყოფა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თ. ყ-იანის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ოთხოთახიანი ბინა მას მშობლებმა მზითვის სახით მისცეს და იგი არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბორჯომის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ბორჯომში, ..... (რომელიც თ. ყ-იანის დედის, ნ. ს-ძის სახელზე იყო) მდებარე 80 კვ.მ. ფართის ბინიდან 27 კვ.მ. იზოლირებულ ფართზე ძირითად დამქირავებლად აღირიცხა ორი სული – თვითონ და მეუღლე. შემდეგ მას ნება დაერთო ბორჯომის რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის 18 მაისის ¹ 303 გადაწყვეტილებით გაეცვალა ქ. ბორჯომში, ..... მდებარე თავისი ბინა ა. ბ-ძისათვის იმავე ქალაქში, ..... მდებარე ბინაზე.
ამის შემდეგ ა. გ-ძის სახელზე აღირიცხა ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ბინა, მან ამ ბინის პრივატიზაცია მოახდინა და გაყიდა 1995 წელს. მან იმავე წელს იყიდა ქ. ბორჯომში ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის ნაწილი და ეს ბინა მის საკუთრებაში იქნა აღრიცხული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად ქ. ბორჯომში, ..... მდებარე ბინა არ წარმოადგენს თ. ყ-იანის ინდივიდუალურ საკუთრებას და სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილი, ეს ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებად ჩათვალა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის მოთხოვნა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბორჯომის რაიონის სოფ. ..... თ. ყ-იანისა და ა. გ-ძის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყოფის საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. გ-ძემ სარჩელით მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული მხოლოდ ქ. ბორჯომში და ქ. თბილისში მდებარე ბინების გაყოფა; მას არ მოუთხოვია მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული სხვა ქონების გაყოფა და არც თ. ყ-იანს წარუდგენია შეგებებული სარჩელი მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული სხვა ქონების გაყოფის თაობაზე.
თ. ყ-იანმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის შესაძენად ისესხა 2000 აშშ დოლარი, მას ეს ვალი გასტუმრებული არა აქვს, სასამართლომ კი არ იმსჯელა ამ ვალის დაფარვის თაობაზე. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლით გათვალისწინებულია მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ყ-იანს სასამართლოში არ დაუყენებია დამოუკიდებელი მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად მის მიერ ბინის შესაძენად ნასესხები 2000 აშშ დოლარის დაფარვის თაობაზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა ამ ვალის უზრუნველსაყოფად ჩადებულია გირაოში და ეს გირავნობის ხელშეკრულება დღესაც ძალაშია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, თუ სადავო ბინა ვალის უზრუნველსაყოფად იყო დატვირთული, მაშინ უნდა გაფორმებულიყო იპოთეკის ხელშეკრულება და არა გირავნობის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის ცნობა იმის შესახებ, რომ სადავო ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1996 წლის სექტემბრიდან ირიცხება ა. გ-ძის სახელზე. საქმეში არ მოიპოვება საჯარო რეესტრის ცნობა, რომ ეს ბინა ვალის უზრუნველსაყოფად დატვირთულია იპოთეკით. ასევე წარმოდგენილია თ. ყ-იანის ხელწერილი, რომ 1997 წლის 25 აგვისტოს მან და მისმა მეუღლემ ა. გ-ძემ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა დროებით ჩადეს გირაოში და ნ. კ-ძისგან მიიღეს 2 500 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩათვალა ეს ხელწერილი იმის მტკიცებულებად, რომ მასში მითითებული 2500 აშშ დოლარი მხარეებმა ისესხეს სადავო ბინის შესაძენად, რადგან სადავო ბინა ა. გ-ძემ შეიძინა 1996 წლის სექტემბერში, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულ იქნა 1996 წლის 6 სექტემბერს, ამ ხელწერილით კი ფულის სესხება მოხდა 1997 წლის აგვისტოში, ე.ი. ბინის შეძენიდან ერთი წლის შემდეგ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფისას, თ. ყ-იანის და მისი არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაუხვია მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს და თ. ყ-იანს მიაკუთვნა ქ. ბორჯომში, ... მდებარე ოთხოთახიანი, გაცილებით მეტი ფართის ბინა; ხოლო ა. გ-ძეს კი მიაკუთვნა ქ. თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა. რადგან სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ან თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. სააპელაციო სასამართლომ თ. ყ-იანის წილის გადიდებად ჩათვალა ის, რომ მას მიაკუთვნა ქ. ბორჯომში მდებარე ოთხოთახიანი ბინა, მაგრამ სასამართლომ არ გაარკვია ერთი მხრივ, ქ. ბორჯომში, ... მდებარე 62 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და 11 კვ.მ. დამხმარე ფართის ბინის ღირებულება და მეორე მხრივ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი 20.8 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და 9.1 კვ.მ. დამხმარე ფართის ბინის ღირებულება. აღნიშნულის დადგენის გარეშე კი შეუძლებელია, სასამართლომ იმსჯელოს ერთ-ერთი მეუღლის კუთვნილი წილის გადიდების თაობაზე, რადგან მათ თანასაკუთრებაში არსებული ბინები სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობენ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, თუ ამას მოითხოვს ერთ-ერთი მეუღლე და იგი სადავოდ არ ხდის ასეთ გადახვევას. თ. ყ-იანი საკასაციო საჩივარში კი აღნიშნავს, რომ მას სურს მხოლოდ თანაბრად გაიყოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.