Facebook Twitter

ბს-328-312(კ-06) 19 სექტემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი

წარმომადგენელი – ი. კ-ე

დავის საგანი _ ვეტერანად რეგისტრირება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ვ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დეპარტამენტისათვის ვეტერანად რეგისტრირების დავალება.

საქმის გარემოებები:

1964 წლიდან ვ. მ-ი მსახურობდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში. 1977 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავის არეში მიიღო ტრავმა. 1980 წელს კი საბრძოლო დავალების შესრულებისას თავის არეში განმეორებით მიიღებული ტრავმის საფუძველზე 1986 წლიდან, სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნით, მიენიჭა ინვალიდობის მესამე ჯგუფი, ხოლო 2004 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მეორე ჯგუფის ინვალიდობა, რაც უკავშირდებოდა მის მიერ სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრამვას. მოსარჩელე მსახურობდა ყოფილი სსრ კავშირის შსს-ს შინაგან ჯარებში, მიღებული აქვს საუწყებო წარჩინების სამივე ხარისხის ნიშანი, აქვს წელთა ნამსახურობა 21 წელი და 6 თვე, არის საქართველოს მოქალაქე, ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილი იყო ვეტერანად და სარგებლობდა დიდი სამამულო ომის ინვალიდობისათვის დადგენილი შეღავათებით.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ვ. მ-ი 1986 წლიდან 2005 წლამდე ითვლებოდა სამხედრო ძალების ვეტერანად და სარგებლობდა დიდი სამამულო ომის ინვალიდობისათვის დაწესებული შეღავათებით. 2005 წელს ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ხელახალი რეგისტრაციისას მოსარჩელეს საბუთების წარდგენისას უარი განუცხადეს ხელახალ რეგისტრაციაზე, რაზეც მას განმარტება არ მიუღია.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის პირველი თავის პირველი მუხლის თანახმად, ვ. მ-ი იღებდა დახმარებას. აღნიშნულმა კანონმა დააზუსტა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონით გათვალისწინებული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სტატუსი. რეგისტრაციაზე უარის თქმით დაირღვა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონისა და «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მოთხოვნები. ამ უკანასკნელის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სამხედრო პროკურატურის და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის პენსიის უფლება, მათ შორის სამხედრო სამსახურისგან თადარიგში დათხოვნილებს, აგრეთვე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

კანონთან წინააღმდეგობაშია, როცა ვეტერანთა დეპარტამენტი ცდილობს მასზე გაავრცელოს «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-17 მუხლი, ვინაიდან კანონს უკუქცევითი ძალა აქვს და შესაბამისად ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა იგი უნდა გაავრცელოს 1995 წლის 17 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში სამხედრო ძალებიდან ასაკით ან დაავადებით დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზე და არა მასზე, რადგან 1986 წლიდან 2005 წლამდე როგორც ვეტერანი სარგებლობდა დიდი სამამულო ომის ინვალიდისათვის დადგენილი შეღავათებით/იხ. ს.ფ.1-5/.

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვეტერანის სტატუსი ვერ განესაზღვრებოდა, რამდენადაც მას მონაწილეობა არ მიუღია არც მეორე მსოფლიო ომში და არც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უარი ეთქვა ვეტერანად რეგისტრაციაზე, რაც სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ვ. მ-ი 1980 წლის სამხედრო სამსახურში მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაინვალიდდა და 2004 წლის საექიმო ესპერტიზის მიხედვით იგი განეკუთვნება მეორე ჯგუფის ინვალიდს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ვ. მ-ი განეკუთვნება ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ვეტერანთა კატეგორიას, მაგრამ მასზე ვერ გავრცელდება ,,შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მიღებული ტრავმა არ უკავშირდება საქართველოს ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო და ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას და დაავადებას /იხ. ს.ფ.32-33/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელსაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

1977 წელს სამსახურებრივი მოვალეობის და 1980 წელს საბძოლო დავალების შესრულების დროს თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად, სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნით, 1986 წლიდან დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი, ხოლო 2004 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ინვალიდობის მეორე ჯგუფი, რაც უკავშირდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებულ ტრავმას.

აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-10, მე-17 და მე-19 მუხლები, ვინაიდან სწორედ ზემოაღნიშნული კანონის მე-10 მუხლის ბოლო აბზაცის თანახმად: ,,სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობების, კონტუზიის, დასახიჩრების ან დავადების შედეგად” განეკუთვნებოდნენ აღნიშნული კანონის სუბიექტებს /იხ. ს.ფ.36-37/.

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა არ ცნო აპელანტ ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. /.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 1 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ვ. მ-ი 1964 წლიდან მსახურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში. 1977 წელს და შემდგომ 1980 წელს სამსახურებრივი მოვალების შესრულების დროს მიიღო ტრავმა, რის საფუძველზეც, სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნით, დაუდგინდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესულების დროს მიღებული ტრავმის გამო ინვალიდობის მესამე ჯგუფი, 2004 წლის კომისიის მიერ მოსარჩელეს დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ. მ-ი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის თანახმად განეკუთვნება სამხედრო ძალების ვეტერანს და შესაბამისად, იგი ინვალიდობის დადგენის მომენტიდან ითვლება სამხედრო ძალების ვეტერანად.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბძანებულების თანახმად, აღნიშნული ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელ პირადობის მოწმობას იურიდიული ძალა გააჩნდა 2006 წლის 1 მაისამდე. შესაბამისად, მოპასუხე არ იყო ვალდებული 2005 წელს მოეხდინა ვ. მ-ის ხელახალი რეგისტრაცია. საპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა უნდა დაეყენებინა აღიარებითი სარჩელის ფორმით, სარჩელის მიხედვით კი მას არ გააჩნდა ვეტერანად დადასტურების ინტერესი/იხ. ს.ფ.72-77/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელსაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

კასატორი მიუთითებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებული ნორმატიული აქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საყარაულე განაწესშია ან ასრულებს ოპერატიულ მოვალეობას და აღნიშნული მოვალეობის შესრულების დროს იღებს ტრავმას, განისაზღვრება როგორც მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმა, რაც, თავისთავად, უთანაბრდება საბრძოლო დავალებების შესრულების დროს მიღებულ ჭრილობას თუ კონტუზიას. სამხედრო საექიმო კომისიის მიერ კი დაავადების ფორმულირება განისაზღვრა როგორც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიღებული, ხოლო საპენსიო უზრუნველყოფის დანიშვნასთან ერთად სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარანტიად შეღავათები განესაზღვრა როგორც დიდი სამამულო ომის მონაწილეთა თანაბრად. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 თავის მიხედვით ,,კანონი ვრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონდებლობის საფუძველზე ცნობილი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილი არიან ვეტერანებად ამ კანონის მიხედვით.” შესაბამისად, კასატორი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

კასატორის თვალსაზრისით, სააპელაცო სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოსდა მას არ გააჩნდა ვეტერანად დადასტურების ინტერესი. რამდენადაც ვეტერანად რეგისტრაციის უქონლობის გამო იგი ვერ იღებდა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საპენსიო დანამატს /იხ. ს.ფ.81-85/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტებრის განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/(იხ. ს.ფ. 125-127).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში გადმოცემული სასამართლოს მსჯელობები გაურკვეველი და წინააღმდეგობრივია, კერძოდ, გაურკვეველია სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს სარჩელით არ გააჩნია ვეტერანად დადასტურების ინტერესი, თუმცა არ განმარტავს რას ემყარება ამგვარი დასკვნა, ასევე გაურკვეველია დასკვნა, რომ ამგვარი ინტერესის არსებობის შემთხვევაში ვ. მ-ის მოთხოვნა უნდა აღეძრა აღიარებითი სარჩელის ფორმით, გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს სასამართლო, ვინაიდან სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის ვეტერანად დარეგისტრირება, რაზეც უარი ეთქვა მოპასუხის მიერ.

სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ გაურკვეველი დარჩა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე განეკუთვნება თუ არა სუბიექტს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, მიიჩნევა ვეტერანად, ასევე სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, დავის განმავლობაში მოსარჩელე სარგებლობს თუ არა კანონით დადგენილი შეღავათებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-5 მუხლის თანახმად კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილნი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად. ასევე, ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-5 და მე-10 მუხლების თანახმად ვ. მ-ი წარმოადგენს სამხედრო ძალების ვეტერანს. ვ. მ-ი 1986 წლიდან საბჭოთა კავშირის დროს არსებული კანონმდებლობის საფუძველზე აღიარებული იყო სამხედრო ძალების ვეტერანად, გააჩნია წელთა ნამსახურობის 21 წელი და 6 თვე და დაჯილდოებულია საუწყებო წარჩინების სამივე ხარისხის ნიშნით; ამ პირობებში მით უფრო გაუგებარია სასამართლოს ზემოთ მითითებული დასკვნები.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ვ. მ-ის საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ვეტერანად რეგისტრირება. მოპასუხის - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ აღიარების მიუხედავად საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება კასატორის სამხედრო ძალების ვეტერანად რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ვ. მ-ის ვეტერანად რეგისტრირება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კასატორის ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულება, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებულება შეეხება არა ვეტერანთა რეგისტრაციას, არამედ ვეტერანობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის გაცემის წესს. აღნიშნული გათვალისწინებულია ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის 24-ე მუხლით - ,,ვეტერანთა მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი”, რის გამოც სახეზეა სადავო სამართალურთიერთობისათვის სამართლის ნორმის არასწორი შეფარდება, რითაც დარღვეულია სსსკ 393.2 «ა» მუხლის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე, უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს ის გარემოება ვ. მ-ი არის თუ არა ვეტერანად რეგისტრირებული.

საკასაციო სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 2005 წლის 23 დეკემბრამდე არსებული რედაქციის თანახმად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულთათვის გათვალისწინებული იყო შეღავათები, რასაც კასატორის თქმით ღებულობდა 2005 წლამდე.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს სარგებლობდა თუ არა კასატორი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით სამხედრო ძალების ვეტერანთათვის გათვალისწინებულ შეღავათებით. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს გააჩნია თუ არა კასატორს კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე შეღავათების მიღების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411 მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 411-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.