გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/384-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, სადაც აღნიშნა, რომ 1977 წლიდან მუშაობს თბილისის მანქანათმშენებლობის ლიცეუმში; 1983 წლიდან ჩაწერილია ლიცეუმის საერთო საცხოვრებელში, მდებარე ... თბილისში. 1998 წლის 22 ოქტომბერს ლიცეუმის საბინაო კომისიამ გამოუყო ფართი საერთო საცხოვრებლის მეორე სართულზე; მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული ბინა 1990 წლიდან დაკავებული აქვს ნ. გ-შვილს, რომელმაც სამსაუხრებრივი ბინა მიიღო დიდი დიღომის დასახლებაში, მაგრამ სადავო ბინას არ ათავისუფლებს; მოითხოვა გ-შვილების ოჯახის გამოსახლება სადავო ბინიდან.
საკითხი არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
დაკმაყოფილდა თ. ხ-შვილის სარჩელი: ა. და ნ. გ-შვილები გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე საქართველოს განათლების სამინისტროს მანქანათმშენებლობის ლიცეუმის საერთო საცხოვრებელიდან.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 160-ე და 167-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ თბილისის მანქანათმშენებლობის ლიცეუმიცა და თ. ხ-შვილიც სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელები არიან, ხოლო ამ უკანასკნელს, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს, უნდა გადაეცეს სადავო ფართი.
კასატორებმა ნ. და ა. გ-შვილებმა მოითხოვეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია; სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაუდგენია საერთო საცხოვრებლის კანონიერი მფლობელი უწყება. კასატორის განმარტებით, საკუთრების და მფლობელობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს საჯარო რეესტრის მონაცემები. განათლების სამინისტროს არ წარმოუდგენია სადავო შენობის მფლობელობის ან საკუთრების უფლების კანონიერი საფუძვლები; თბილისის მანქანათმშენებლობის ლიცეუმი შენობის კეთილსინდისიერ მფლობელად რომ მივიჩნიოთ, სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც უკანონოა, ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია, არის თუ არა თ. ხ-შვილი სათანადო მოსარჩელე მოცემულ საქმეში და საკმარისია თუ არა მოცემულ შემთხვევაში ბინათმფლობელობის კანონიერ საფუძვლად ლიცეუმის საბინაო კომისიის 1998 წლის 22 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის დადგენილება.
სამოტივაცი ნაწილი:
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც არ იძლევა მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების საშუალებას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო შენობის კეთილსინდისიერ მფლობელად თბილისის მანქანათმშენებლობის პროფესიული სასწავლებელი, წინააღმდეგობრივია;
სასამართლოს არ გაურკვევია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივლისის ¹ 513 განკარგულების შემდეგ რომელი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოხდა საერთო საცხოვრებლის გადაცემა ისევ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში და საერთოდ ჰქონდა თუ ადგილი ასეთ ფაქტს;
პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას იმ ნაწილშიც, რომ სააპელაციო პალატამ ჯეროვნად არ დაადგინა თ. ხ-შვილი სათანადო მოსარჩელეობის ფაქტი და არ იმსჯელა სადავო ბინის კეთილსინდისიერად ცნობის საფუძვლად საბინაო კომისიის სხდომის დადგენილების საკმარისობაზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება, რომლის მიხედვით ¹ 8 პროფტექნიკური სასწავლებელის საერთო საცხოვრებელი ჩარიცხულ იქნა საცხოვრებელ ფონდში. დადგენილებას თარიღი არა აქვს. აღნიშნული დოკუმენტის ანალიზით უნდა დადგინდეს სადავო ფართი საერთო საცხოვრებელია თუ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფონდის ბინა, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს თ. ხ-შვილის, როგორც სათანადო მოსარჩელის, პროცესუალური მდგომარეობის გასარკვევად.
სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ უნდა გაარკვიოს ზემოაღნიშნული საკითხები და შემდეგ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. და ა. გ-შვილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქოქ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.