საქმე # 020100123008387785
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №613აპ-25 ქ. თბილისი
ჭ-ა რ, 613აპ-25 3 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით:
1.1. რ. ჭ-ა, - დაბადებული .. წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 ლარი, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ჭ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
1.2. რ. ჭ-ა, - დაბადებული ... წლის .. აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 ლარი, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ჭ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
1.3. გაუქმდა რ. ჭ-ასა და რ. ჭ-ას მიმართ 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება (12/2262-23) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მოეხსნას ყადაღა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ში მდებარე რ. ჭ-ას (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი ....
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჭ-ამ და რ. ჭ-ამ ჩაიდინეს ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესეიგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 26 აგვისტოს, დღის საათებში, მ-იის რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე, ტელეკომპანია „მ-ის“ ჟურნალისტ ე. გ-ია-ფ-ას პროფესიული საქმიანობით განაწყენებულმა რ. ჭ-ამ და რ. ჭ-ამ ჯგუფურად იძალადეს ე. გ-ია-ფ-აზე, კერძოდ: რ. ჭ-ამ ძლიერად მოუჭრია ხელი მარჯვენა მკლავზე და მიკროფონის წართმევის მიზნით, გადაუგრიხა მარცხენა ხელი ე. გ-ია-ფ-ას, ხოლო რ. ჭ-ამ ჯოხი ძლიერად მიაჭირა ზურგის არეში. აღნიშნულით ე. გ-ია-ფ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
· 2023 წლის 26 აგვისტოს, დღის საათებში, ტელეკომპანია „მ-ის“ ჟურნალისტი ე. გ-ია-ფ-ა და ოპერატორი ნ. გ-ია სიუჟეტის მოსამზადებლად მივიდნენ მ-ის რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე, რა დროსაც ადგილზე მყოფი რ. ჭ-ა და რ. ჭ-ა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ ე. გ-ია-ფ-სა და ნ. გ-ას, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას. ამასთან, რ. ჭ-ამ და რ. ჭ-ამ ჯგუფურად იძალადეს ე. გ-ა-ფ-ზე, კერძოდ: რ. ჭ-ამ ძლიერად მოუჭრია ხელი მარჯვენა მკლავზე და მიკროფონის წართმევის მიზნით გადაუგრიხა მარცხენა ხელი ე. გ-ია-ფ-ს, ხოლო რ. ჭ-ამ ჯოხი ძლიერად მიაჭირა ზურგის არეში. რ. ჭ-ასა და რ. ჭ-ას მუქარის შედეგად ნ. გ-ია იძულებული გახდა წაეშალა ვიდეოკამერით გადაღებული კადრები. საბოლოოდ ე. გ-ია- ფ-ამ და ნ. გ-იამ ვერ წარმართეს პროფესიული საქმიანობა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებები, დაზარალებულების - ე. გ-ია-ფ-ასა და ნ. გ-ას ჩვენებები, მოწმეების - ი. გ-ის, კ. კ-ის, გ. გ-ის, კ. ა-ისა და სხვათა ჩვენებები, დათვალიერების ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების - რ. ჭ-სა და რ. ჭ-ას მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.
7. სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
8. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). ამდენად, პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 20 ნოემბრის განჩინება N 886აპ-23).
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულებმა - რ. ჭ-ამ და რ. ჭ-მ მტკიცებულებები ცნეს უდავოდ, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; პირველად არიან სამართალში; ამასთან, მათ მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, დაზარალებულს გაუწიეს ფინანსური დახმარება.
11. შესაბამისად, ჩადენილი ქმედებების ხასიათის, შედეგების, დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის, ხერხის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრულ როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას.
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - რ. ჭ-სა და რ. ჭ-ას მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე