გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ/386-01 27 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.
შეგებებული სარჩელის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა, მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელეებმა: ნ. და გ. ც-ძეებმა სარჩელი აღძრეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ი. დ-შვილის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა მოსარჩელეების მამა _ ო. ც-ძე, რომელსაც დარჩა მეორე ქორწინებიდან მეუღლე ი. დ-შვილი.
მოსარჩელეებმა ითხოვეს აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის დანაშთი ქონების: ქ. თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინისა და გარდაბნის რაიონის სოფ. ..., კოჯრის გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მიწის საბაღე ნაკვეთისა და მასში განთავსებული ერთსართულიანი ოროთახიანი სახლის გაყოფა სამ მემკვიდრეს შორის იმგვარად, რომ ქ. თბილისში მდებარე ბინის 2\3 მიკუთვნებოდათ მოსარჩელეებს საერთო საკუთრებაში, ხოლო 1\3 _ მოპასუხე ი. დ-შვილს. ვინაიდან აღნიშნული ერთოთახიანი ბინის 1\3 წილი განუყოფელი იყო, მოსარჩელეები თანახმანი იყვნენ მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებოდათ მისი წილის კომპენსაციის გადახდა.
რაც შეეხება სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთსა და სახლს, მოსარჩელეებმა ითხოვეს მათი მიკუთვნება საერთო საკუთრებაში იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ ქონებას აწ გარდაცვლილი ო. ც-ძე ფლობდა ი. დ-შვილზე დაქორწინებამდე.
მოპასუხე ი. დ-შვილმა ნ. და გ. ც-ძეების მიმართ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ 1974 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ო. ც-ძესთან, ამიტომ მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის უნდა გაყოფილიყო შემდეგნაირად: ქ. თბილისში მდებარე ბინისა და სოფ. ... მდებარე სახლის 1\2 ნაწილი ცნობილი უნდა ყოფილიყო ო. ც-ძის დანაშთ ქონებად და ამ ქონების 1\3 ნაწილი მიკუთვნებოდა ი. დ-შვილს, როგორც აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეს; ქ. თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინის 4\6-ზე და სოფ. ... აწ გარდაცვლილ ო. ც-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 4\6-ზე ცნობილი ყოფილიყო ი. დ-შვილის საკუთრების უფლება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. და გ. ც-ძეებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნათ აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის ქონებიდან გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი, ხოლო ი. დ-შვილს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა ქ. თბილისში ... ბინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 16 იანვარს განიხილა ი. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება. ნ. და გ. ც-ძეების სარჩელი, აგრეთვე, ი. დ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი. დ-შვილი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის დანაშთი ქონების _ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. მასვე დაეკისრა მოსარჩელეების: ნ. და გ. ც-ძეების სასარგებლოდ იმავე ბინის 1\3 წილის ფულადი კომპენსაციის სახით 1346 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ნ. და გ. ც-ძეები ცნობილ იქნენ გარდაბნის რაიონის სოფ. ..., კოჯრის გზის მარჯვენა მხარეს, მიწის ნაკვეთში მდებარე სახლის 2/3 წილის მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად, ხოლო ი. დ-შვილი ცნობილ იქნა იმავე სახლის 1\3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
ნ. და გ. ც-ძეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით იმ საფუძვლით, რომ 1992 წლის 30 ივნისს აწ გარდაცვლილმა ო. ც-ძემ როცა მოახდინა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის პრივატიზაცია, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი. დ-შვილთან, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩაწერილი არ ყოფილა აღნიშნულ ბინაში. ამდენად, “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების თანახმად, ი. დ-შვილის თანხმობა სადავო ბინის პრივატიზაციაზე საჭირო აღარ იყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ აღნიშნული პრივატიზაციის შემდეგ ბინა არ წარმოადგენდა საერთო საკუთრებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც დამყარებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, გამოტანილია კანონის დარღვევით, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში ექვემდებარება გაუქმებას, რადგანაც სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორებმა საკასაციო საჩივარში ითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა გაიყოფა აწ გარდაცვლილ ო. ც-ძის კანონით პირველი რიგის სამ მემკვიდრეზე: მოსარჩელეებსა და მოპასუხეზე თანაბარ _ 1\3 ნაწილებად. იმის გათვალისწინებით, რომ ერთოთახიანი ბინა განუყოფელია, კასატორები ითხოვენ იგი საკუთრებაში გადაეცეს ი. დ-შვილს და მასვე დაეკისროს მოსარჩელების სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის _ 2692 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე სადავო სახლი გაიყოს აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის კანონით პირველი რიგის სამ მემკვიდრეზე თანაბარ _ 1\3 ნაწილად. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორების განმარტებით, განუყოფელია აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სადავო სააგარაკე სახლი, მოსარჩელეებს უნდა გადაეცეთ საერთო საკუთრებაში, ხოლო მათვე დაეკისროთ ფულადი კომპენსაცია _ 1571 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მოპასუხე ი. დ-შვილის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებში არსებული ექსპერტის დასკვნიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის ღირებულება შეადგენს 4039 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო გარდაბნის რაიონის, სოფ. ..., აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის სახელზე რიცხული სახლის ძირითადი ნაწილის ღირებულება _ 4713 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, სახლზე მიშენებული აივნების ღირებულება კი _ 1241 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა წარმოადგენდა მეუღლეთა: აწ გარდაცვლილი ო. ც-ძისა და ი. დ-შვილის საერთო საკუთრებას, ვინაიდან აღნიშნული ბინა პრივატიზებულ იქნა მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. დ-შვილი სწორად ჩათვალა სადავო ბინის 1\2 წილის მესაკუთრედ. რაც შეეხება ბინის მეორე ნახევარს, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ბინის მეორე ნახევარი სამ მემკვიდრეს შორის უნდა გაყოფილიყო თანაბრად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა, რომ ი. დ-შვილს ეკუთვნოდა მთელი ბინის 4\6 ნაწილი, ხოლო ნ. და გ. ც-ძეებს _ 2\6 ნაწილი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლი, რომლის თანახმად, ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი ბინის მიღების უპირატესი უფლება. სააპელაციო სასამართლომ ასეთ მემკვიდრედ ჩათვალა ი. დ-შვილი, რომელსაც მთლიანად მიაკუთვნა ქ. თბილისში, ... ბინა და მასვე დააკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ მათი წილის _ სადავო სახლის 2\6 ნაწილის ღირებულების კომპენსაციის _ 1346 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა, რითიც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება თავისი გადაწყვეტილებით აპელანტისათვის მიეკუთვნებინა ის, რასაც იგი არ ითხოვდა. სააპელაციო საჩივრიდან და სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმებიდან კი ჩანს, რომ აპელანტ ი. დ-შვილს არ მოუთხოვია ქ. თბილისში, ... ბინის მიკუთვნება მთლიანად და მის მიერ ბინის შესაბამისი წილის ღირებულების კომპენსაციის გადახდა ნ. და გ. ც-ძეებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმის დარღვევით, რადგანაც სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორთა თხოვნა ქ. თბილისში, ... ბინის კანონით პირველი რიგის სამ მემკვიდრეზე სამ თანაბარ ნაწილად გაყოფისა და კასატორებისათვის ი. დ-შვილის მიერ ბინის შესაბამისი წილის კომპენსაციის გადახდის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, რადგანაც ი. დ-შვილი აწ გარდაცვლილ მეუღლე ო. ც-ძესთან ერთად ითვლებოდა აღნიშნული ბინის თანამესაკუთრედ.
რაც შეეხება გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე სადავო სახლს, იგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყო სამ თანაბარ ნაწილად ნ. ც-ძეს, გ. ც-ძესა და ი. დ-შვილს შორის და კასატორებმაც საკასაციო საჩივარში აღნიშნული სახლის გაყოფა ითხოვეს იმგვარად, როგორც გაყოფილ იქნა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით.
კასატორების თხოვნა სოფ. ... მდებარე საბაღე მიწის ნაკვეთის მათთვის საერთო საკუთრებაში გადაცემისა და ი. დ-შვილისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის შესახებ, უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სოფ. ... მდებარე საბაღე ნაკვეთი და მასში განთავსებული საცხოვრებელი სახლი გარდაბნის რაიონის გამგეობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 1999 წლის 15 სექტემბერს აღირიცხა აწ გარდაცვლილ ო. ც-ძის სახელზე, ხოლო 1999 წლის 28 დეკემბერს რეგისტრაციაში გატარდა ი. დ-შვილის სახელზე, წარდგენილი საბაღე ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო მოწმობის საფუძველზე.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სოფ. ... მდებარე სადავო სახლი სწორად არ ჩათვალა მეუღლეთა თანასაკუთრებად და იგი თანაბარწილად გაყო კანონით პირველი რიგის სამ მემკვიდრეს შორის, ასევე მიწის საბაღე ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სადავო სახლი, არ უნდა ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად და საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთიც თანაბარწილად უნდა მიეკუთვნოთ ნ. ც-ძეს, გ. ც-ძესა და ი. დ-შვილს, როგორც აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებს.
კასატორთა მოთხოვნა, სოფ. ... მდებარე საბაღე მიწის ნაკვეთის 1\3 ნაწილის ღირებულების კომპენსაციის ი. დ-შვილისათვის გადახდისა და მიწის ნაკვეთის მთლიანად კასატორებისათვის საერთო საკუთრებაში მიკუთვნების თაობაზე, ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ვინაიდან ამას არ ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი და კასატორთა ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს მესაკუთრის უფლებების დარღვევას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა და განხილვის გარეშე დატოვა მოსარჩელეთა თხოვნა საბაღე მიწის ნაკვეთის მათთვის მიკუთვნების შესახებ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად ამ ნაწილშიც არ არის დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გ. და ნ. ც-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
გ. და ნ. ც-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გ. ც-ძე ცნობილ იქნეს ქ. თბილისში, ... განთავსებული, აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის დანაშთი ბინის 1/6 ნაწილისა და გარდაბნის რაიონის სოფ. ..., კოჯრის გზის მარჯვენა მხარეს 21-ე ნაკვეთში მდებარე სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
ნ. ც-ძე ცნობილ იქნეს ქ. თბილისში, ... განთავსებული, აწ გარდაცვლილი ო. ც-ძის დანაშთი ბინის 1/6 ნაწილისა და გარდაბნის რაიონის სოფ. ..., კოჯრის გზის მარჯვენა მხარეს, 21-ე ნაკვეთში მდებარე სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
გ. და ნ. ც-ძეების სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისში, ... განთავსებული ბინის 2/3 ნაწილის მემკვიდრეობის წესით მიკუთვნების ამავე ბინის 1/3 ნაწილზე
ი. დ-შვილისათვის ფულადი კომპენსაციის მიცემისა და სოფ. ... მდებარე სააგარაკე სახლისა და საბაღე მიწის ნაკვეთის მთლიანად მიკუთვნების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ი. დ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
იგი ცნობილ იქნეს ქ. თბილისში, ... განთავსებული ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და ამავე ბინის მეორე ნახევრის 1/3 ნაწილის მემკვიდრედ.
აგრეთვე, იგი ცნობილ იქნეს სოფ. ... მდებარე სააგარაკე სახლისა და საბაღე მიწის ნაკვეთის 1\3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
ი. დ-შვილს შეგებებული სარჩელის დანარჩენ ნაწილზე, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფ. ... აწ გარდაცვლილ ო. ც-ძის სახელზე რიცხული სააგარაკე სახლის 1\2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე, უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
სათანადო ცვლილებები იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრში.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.