Facebook Twitter

¹ 3კ/393-01 31 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 4 ოქტომბერს ნ. თ-ძემ მოპასუხეების: ა. ფ-ავას და გ. გ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის დეკემბერში ა. ფ-ავამ, ხოლო 1998 წლის ნოემბერში გ. გ-ძემ მასზე მოახდინეს ფიზიკური და ფსიქიური ზემოქმედება, რის შედეგადაც დაამყარეს მასთან ინტიმური კავშირი, თუმცა ხელვაჩაურის რაიონის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოპასუხეებთან ჰქონდა იძულებით ინტიმური კავშირი, რის შედეგად განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი: მათი მოქმედებით შეილახა მისი რეპუტაცია; ფსიქიური და იძულებითი დუმილის გამო შეირყა მისი ჯანმრთელობა.

ასეთი ურთიერთობა გრძელდებოდა სარჩელის შეტანის დროსაც, რის გამოც თვითმკვლელობაც გადაწყვიტა, ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 20 ათასი ლარის დაკისრება. ამის გარდა მოითხოვა ა. ფ-ავას გადასახდელად დაკისრებოდა მის მიერ იძულებით გადაცემული ნივთების ღირებულება 550 აშშ დოლარი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ნ. თ-ძესთან სხვადასხვა დროს მათ ჰქონდათ ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი და მათ მხრივ რაიმე ფიზიკურ ან ფსიქიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

მოპასუხე ა. ფ-ავამ ნივთების ღირებულების გადახდის ნაწილში სარჩელი არ ცნო. სარჩელი ცნო მხოლოდ 120 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში და მიუთითა, რომ მითითებული თანხა მას ნ. თ-ძემ გადასცა ნებაყოფლობით, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ავტომანქანას არემონტებდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოპასუხეებს მორალური ზიანის მიყენებისათვის სოლიდარულად დაეკისრათ 3000 ლარი, ხოლო მოპასუხე ა. ფ-ავას 1160 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეთა მხრივ ზემოთ მითითებული მოქმედებით მოსარჩელისადმი მორალური ზიანის მიყენება ბრალეული მოქმედებით დადასტურებულად მიიჩნია და მიუთითა, რომ მორალური ზიანი იმაში მდგომარეობდა, რომ სქესობრივი კავშირის დაჭერის გამო ნ. თ-ძე განიცდიდა შიშით, სირცხვილით გამოწვეულ უარყოფით განცდებს, რაც იმედის გაცრუებასა და ტანჯვაში გამოიხატებოდა.

ამავე მოსაზრებით რაიონულმა სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრულ ზღვრულ ოდენობად 3000 ლარი მიიჩნია.

რაც შეეხება ა. ფ-ავას ვალდებულებას 1160 ლარის ანაზღაურების ნაწილში, დადასტურებულად ჩათვალა იმ მტკიცებით, რომ ა. ფ-ავამ მოსარჩელისაგან 120 აშშ დოლარის მიღება აღიარა.

ა. ფ-ავას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

გ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე 2001 წლის 12 თებერვალს განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც თავისი განჩინებით გააუქმა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გ. გ-ძისათვის სოლიდარულად 3000 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

2001 წლის 12 მარტს ნ. თ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კასატორმა მიუთითა, რომ გ. გ-ძემ თავბრუდამხვევი მოქმედებებით მაცდურად მოიპოვა მისი ნდობა, გაუწონასწორებელ სიტუაციაში დაეუფლა მის სხეულს. სირცხვილისა და შიშის გამო ვერ შეძლო გ-ძის სურვილის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ, როცა მასში გაიღვიძა სიყვარულმა, მიატოვა იგი და გადააბარა ა. ფ-ავას, რომელთანაც განაგრძობდა ინტიმურ ურთიერთობას შიშის და მუქარის გამო. აღნიშნული მოქმედებით მან განიცადა მორალური ზიანი და გ. გ-ძის საკასაციო საჩივრის განხილვის დროს აჭარის უმაღლესმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და გ-ძესთან მისი ინტიმური კავშირი არასწორად ჩათვალა ნებაყოფლობით ინტიმურ კავშირად.

კასატორის მოსაზრებით უმაღლესმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდესის 389-ე და 393-ე მუხლების მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივარს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტში მითითებული ფაქტებისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით კი საკასაციო საჩივარი უნდა მიუთითებდეს იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უმაღლესმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე და 393-ე მუხლების მოთხოვნები.

მოცემულ საქმეზე გ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელე ნ. თ-ძის სასარგებლოდ გ. გ-ძისთვის 3000 ლარის სოლიდარულად გადახდის ნაწილში და დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად, თავისთავად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე და 249-ე მუხლის მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა გ. გ-ძისათვის სოლიდარულად 3000 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში ნ. თ-ძის სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად, ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ანუ სარჩელზე არ მიიღო არანაირი გადაწყვეტილება.

უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნულით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის “ვ” პუნქტთან მიმართებაში დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტის მოთხოვნა; არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. თ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.