გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/394-01 25 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი – იჯარით აღებულ ფართზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
შეგებებული სარჩელის საგანი: საიჯარო ქირის გადახდა და ფართის უკანონო მფლობელიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 16 მარტს შპს “გ-მ” სს “შ-ს” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 16 მარტს შპს “გ-სა” და სს “შ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება ¹ 45 და ¹ 46 ქ. თბილისში ...ის ქუჩა ¹ 190 მდებარე ფართის (150 და 40 კვ.მეტრი) იჯარით აღების შესახებ. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1 წლით. საიჯარო ქირამ ყოველთვიურად შესაბამისად შეადგინა 450 და 160 ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული შენობა სარემონტო იყო, მხარეების შეთანხმებით, იჯარის ქირის გადახდა დაიწყებოდა შენობაში რემონტის დამთავრებისა და ობიექტის ფუნქციონირების დაწყების დღიდან.
მიუხედავად აღნიშნულისა სს “შ-მ” დაარღვია ხელშეკრულების პირობა და იჯარის ხელშეკრულებით მითითებული ფართიდან 30 კვ.მეტრი გადასცა მესამე პირს.
ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა 1999 წლის ნოემბერში. აღნიშნული გარემოების გამო მან იჯარით აღებულ ფართს დროულად ვერ ჩაუტარა სარემონტო სამუშაოები და ვერ განალაგა სათანადო დანადგარები.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ მესამე პირზე გადაცემული ფართის გამოთავისუფლება და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
მოპასუხე სს “შ-მ” სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს.
შეგებებულ სარჩელში სს “შ-მ” მიუთითა, რომ იგი სარჩელს არ ცნობდა. ¹ 45 და ¹ 46-ე იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2000 წლის 16 მარტს და ამდენად, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიაჩნდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელშეკრულების შესაბამისად იჯარით აღებულ ფართში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და საიჯარო ქირის გადაუხდელობა მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული. ამასთან, შეგეგებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მას და შპს “გ-ს” შორის 1999 წლის 17 მაისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც შპს “გ-ს” იჯარით გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ¹ 196 მდებარე 75 კვ.მეტრი ფართი სათანადო ობიექტების აშენების მიზნით. ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლით ვადით. იჯარის ქირა თვეში განისაზღვრა 300 ლარით. ხელშეკრულების შესაბამისად იჯარის ქირის გადახდა მოხდებოდა ობიექტის აშენებით გამოწვეული ხარჯების იჯარის ქირით გადასახადის გადაფარვის გზით მშენებლობის დამთავრების დღიდან.
მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს “გ-მ” ააშენა ობიექტი და დაიწყო იჯარის ქირის გადახდა, მაგრამ გადასახდელი დარჩა 6399 ლარი.
სს “შ-მ” მოითხოვა მითითებული თანხის უკან დაბრუნება მისი საკუთრების შპს “გ-ს” მფლობელობიდან ამოღება და მისთვის გადაცემა.
მოსარჩელე შპს “გ-მ” სს “შ-ს” შეგებებული სარჩელი არ ცნო.
სასამართლო სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა შეამცირა მოთხოვნის ოდენობა, მოხსნა ¹ 45 და ¹ 46 ხელშეკრულებით გადაცემულ ფართზე იჯარის ქირის გადახდის მოთხოვნა, ხოლო ¹ 59 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ხელშეკრულებით მოითხოვა იჯარის ქირის სახით 994 ლარის ანაზღაურება და ქონების გამოთხოვა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შპს “გ-ს” სს “შ-ს” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 994 ლარი და გამოთხოვილ იქნა შპს “გ-ს” მფლობელობაში იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული, ქ. ...ისა და ...ის ქუჩებზე მდებარე სს “შ-ს” კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი.
შპს “გ-მ” სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისში ...ის ქუჩაზე მდებარე Aფართზე მხარეებს შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულების 10 წლის ვადით გაგრძელება.
აპელანტს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია ¹ 45 და ¹ 46 ხელშეკრულებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ფართის მისი მფლობელობიდან გამოთხოვის და იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ნაწილში.
აპელანტმა სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს ნაწილობრივ შეცვალა მოთხოვნა და მოითხოვა თბილისში, ...ის ქუჩა ¹ 190-ში მდებარე ფართზე მხარეების შორის დადებული ¹ 59 ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძელება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს “გ-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 17 მაისს შპს “გ-ს” და სს “შ-ს” შორის დაიდო ¹ 59 საიჯარო ხელშეკრულება თბილისში, ...ის ქ. ¹ 190-ში მდებარე 75 კვ.მეტრ ფართზე ერთი წლის ვადით.
ხელშეკრულების შესაბამისად საიჯარო ქირამ ყოველთვიურად შეადგინა 300 ლარი. ამ ობიექტზე მშენებლობის ხარჯები დაიფარებოდა იჯარის გადასახადით. იჯარის თანხების გადახდა მოხდებოდა ობიექტის მშენებლობის დამთავრებისა და ფუნქციონირების დაწყების დღიდან.
იმის გამო, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შპს “გ.” სარგებლობდა მითითებული ფართით და მეიჯარე მას არ შედავებია, მხარეებს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ.
შეგებებული სარჩელის შეტანით სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის დაცვით სს “შ-მ” ფაქტობრივად გააკეთა განცხადება ხელშეკრულების მოშლის შესახებ. ამ დროისათვის შპს “გ-ს” გადაუხდელი ჰქონდა საიჯარო ქირა - 994 ლარი.
2001 წლის 13 მარტს შპს “გ-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
მას მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ¹ 45 ხელშეკრულების ვადა, მართალია, 2000 წლის 16 მარტს ამოიწურა, მაგრამ, რადგან სს “შ-ს” უკანონო მოქმედებით აღნიშნული ფართის ნაწილი (30 კვ. მეტრი) ხელშეკრულების პირობის საწინააღმდეგოდ გაიცა მესამე პირზე, სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო მესამე პირთან დადებული გარიგება.
მისივე მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს ¹ 59 ხელშეკრულებაზე სს “შ-ს” მიერ შეგებებული სარჩელის შეტანა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნად არ უნდა მიეჩნია და მათ შორის დადებული ხელშეკრულება უვადოდ გაგრძელებულად უნდა ჩაეთვალა.
მისი მოსაზრებით, მითითებულ საკითხთა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რა მოსარჩელის შპს “გ-ს” სარჩელი, თავისთავად უარი ეთქვა მის მოთხოვნას 1999 წლის 16 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ფართიდან 30 კვ.მეტრი ფართის მესამე პირზე გადაცემის გაუქმების და 1999 წლის 16 მარტის იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ.
შპს “გ-ს” რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. აქედან გამომდინარე, მითითებული საკითხი სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა და ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძვლით.
ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს საკასაციო წესით შეუძლია, გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
იმის გათვალისწინებით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “გ-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, საკასაციო სასამართლოში რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.
მცდარია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 59 საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნას არ წარმოადგენდა სს “შ-ს” მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელი შპს “გ-ს” მფლობელობიდან ფართის გამოთხოვის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 559-ე, 564-ე, 172-ე და 50-ე მუხლების საფუძველზე შეწყვეტილად ჩათვალა რა შპს “გ-სა” და სს “შ-ს” შორის 1999 წლის 17 მაისს დადებული საიჯარო ხელშეკრულება, სწორად გადაწყვიტა შპს “გ-ს” მფლობელობაში მყოფი სს “შ-ს” კუთვნილი ფართის ამ უკანასკნელის მფლობელობაში დაბრუნება, გადაუხდელი საიჯარო ქირის - 994 ლარის - გადასახდელად დაკისრება, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების და - ვალდებულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ იჯარის ხელშეკრულების დადებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო და ამ ურთიერთობის წარმოშობა მეორე მხარის ნების საწინააღმდეგოდ დაუშვებელია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდესის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “გ-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.