Facebook Twitter

საქმე # 330100123007831968

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №710აპ-25 ქ. თბილისი

ყ-ი გ, 710აპ-25 10 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. რ-ოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით:

1.1. გ. ყ-ი, - დაბადებული ... წლის .. ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 2 წლით.

1.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაექვითოს 15 პროცენტი. სასჯელის მოხდის პერიოდში გ. ყ-ი არ უნდა დაწინაურდეს თანამდებობაზე და არ უნდა მოემატოს სამხედრო წოდება. მას სასჯელის ვადა არ უნდა ჩაეთვალოს ნამსახურობის ვადაში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად.

1.3. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის მოხდის პერიოდში კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება უნდა დაევალოს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას.

1.4. გაუქმდა გ. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ყ-მა ჩაიდინა უფროსის ცემა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 15 ივნისს,საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, შერეული საავიაციო ესკადრილიის შერეული საავიაციო რგოლის შვეულფრენების საავიაციო ჯგუფის ეკიპაჟის მეთაური, კაპიტანი გ. ყ-ი სადღეღამისო განწესში მორიგის თანაშემწის ფუნქციას ასრულებდა და ევალებოდა ფხიზლად ყოფილიყო და სამხედრო ქვედანაყოფში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის, სადღეღამისო განწესის შემადგენლობის ქმედება გაეკონტროლებინა. აღნიშნულის მიუხედავად, გ. ყ-ს 16 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, სამორიგეოს გვერდზე არსებულ ოთახში ეძინა. ამასთანავე, სამორიგეო ოთახში, აკრძალვის მიუხედავად, თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, რაც დამუხტვის მიზნით დენის წყაროსთან ჰქონდა შეერთებული.

· 2023 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათზე, სადღეღამისო განწესში მყოფი პირების მიერ შინაგანი სამსახურის წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება, შეამოწმა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შერეული საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გ. ნ-მა, კაპიტან გ. ყ-ის მიერ შინაგანი სამსახურის წესდების დარღვევის ფაქტი გამოავლინა და დადგენილი წესისამებრ საავიაციო ესკადრილიის მეთაურს მოახსენა.

· 2023 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 19:05 საათზე, ვიცე-პოლკოვნიკი გ. ნ-ი, სამსახურის დასრულების შემდგომ, „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის, სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ.ნომრით ..., ქ. თ-ში, ა-ის ქუჩის N..-თან, თავისი საცხოვრებელი სახლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას იქ მყოფ, ზემოხსენებული სამხედრო ნაწილის კაპიტნებს - გ. ყ-სა და მ. მ-ს მიესალმა. გ. ყ-მა, 16 ივნისს მის მიერ წესდების დარღვევის ფაქტის გამო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გ. ნ-ს შესთავაზა საუბარი. მათ შორის მცირე ხნის საუბარისას, ზემოხსენებული ფაქტით განაწყენებულმა გ. ყ-მა, სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი, მასზე წოდებით ზემდგომი სამხედრო მოსამსახურე, გ. ნ-ი სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო და შედეგად სახის არეში ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 2 წლით. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მას 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 1 წლითა და 8 თვით.

3.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაექვითოს 15 პროცენტი. უნდა აიკრძალოს სასჯელის მოხდის პერიოდში მისი თანამდებობაზე დაწინაურება და სამხედრო წოდების მომატება. ასევე, სასჯელის ვადა არ უნდა ჩაეთვალოს ნამსახურობის ვადაში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად.

3.4. გაუქმდა გ. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. რ-ომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენის გაუქმება და გ. ყ-ის გამართლება.

4.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვანო ალუღიშვილმა შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ. ყ-ის ადვოკატის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. ყ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. საქმეზე წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ გ. ნ-ის ჩვენება, მოწმეების - ლ. ჩ-ის, მ. მ-ის, შ. თ-ის, ე. რ-ის, ლ. ზ-ის, ი. ც-სა და სხვათა ჩვენებები, N.. და N.... ვიდეოექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:

7. დაზარალებულ გ. ნ-ის ჩვენებით, მუშაობს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეულ საავიაციო ესკადრილიაში შტაბის უფროსის პოზიციაზე. 2023 წლის 16 ივნისს, მეთაურმა შ. თ-მ დაავალა მოულოდნელი მონიტორინგის ჩატარება მ-ში. ვინაიდან იცოდა, რომ ყველაზე რთული იყო გამთენიის პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, სწორედ აღნიშნული დრო შეარჩია შესამოწმებლად. დაახლეობით 3:30 საათზე, მივიდა მ-ის საკონტროლო გამშვები პუნქტის სამორიგეოში, სადაც დახვდა მხოლოდ მორიგე ა. პ-ა. ამ დროს დაინახა მობილური ტელეფონი, რომელიც დამუხტვის მიზნით დენის წყაროსთან იყო შეერთებული. ვინაიდან მობილური ტელეფონის შეტანა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მინისტრის ბრძანებით აკრძალულია, დაინტერესდა და მორიგეს ჰკითხა, ვის ეკუთვნოდა მობილური ტელეფონი, რომელმაც უპასუხა, რომ გ. ყ-ის საკუთრება იყო. მორიგეს ჰკითხა: სად იყო თანაშემწე-გ. ყ-ი, რაზეც უპასუხა, რომ გვერდით ოთახში ისვენებდა, რომელსაც თავად მისცა დასვენების უფლება. მორიგესთან ერთად შევიდა და ნახა, რომ გ. ყ-ს დივანზე ეძინა, თუმცა არა მისთვის განკუთვნილ, მოსასვენებელ ოთახში. აღნიშნული დარღვევების შესახებ მოახსენა მეთაურს - შ. თ-ს, რომელმაც, თავის მხრივ, დაავალა იურისტ ი. გ-ს სიტუაციის გარკვევა. ვინაიდან პარასკევი იყო, იურისტმა რეაგირება გადადო ორშაბათისთვის. ორშაბათს, 19 ივნისს, აღნიშნულ საკითხზე საუბარი იყო თათბირზეც. როგორც ახსოვს, ამ თათბირს ი. გ-ნი არ ესწრებოდა. 2023 წლის 19 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, მძღოლმა მიიყვანა თ-ში, გ. ა-ის ქუჩის N.., კორპუსი N...-ში ე.წ. „სამხედრო ქალაქში“ მის საცხოვრებელ სახლთან. უბანში შესვლისას დაინახა თანამშრომლები - გ. ყ-ი და მ. მ-ი მანქანის უკანა მხარეს იდგნენ. მძღოლს გააჩერებინა მანქანა და დაინტერესდა რამე ხომ არ სჭირდებოდათ. მიესალმა მათ და ისინიც მიესალმენ. ამის შემდეგ, გ. ყ-მა უთხრა, რომ გასაუბრება უნდოდა და სთხოვა ჩასულიყო მანქანიდან. მან ჰკითხა: რაზე უნდა ესაუბრათ, რაზეც უპასუხა, „იმ საქმეზეო.“ ივარაუდა, რომ გ. ყ-ს საუბარი უნდოდა რამდენიმე დღის წინ სამხედრო ნაწილში აღმოჩენილი დარღვევის ფაქტზე და უპასუხა, რომ ახალს ვერაფერს ეტყოდა, თუმცა გ. ყ-ი დაჟინებით სთხოვდა მანქანიდან ჩასვლასა და საუბარს, რაზეც დათანხმდა და მანქანიდან სასაუბროდ ჩავიდა, მძღოლი კი გაუშვა. გ. ყ-მა მიუთითა ღობისკენ და სთხოვა, იქ ესაუბრათ, რაზეც უარი განუცხადა და უთხრა, თუ რაიმე ჰქონდა სათქმელი, ადგილზე ეთქვა. შემდეგ გ. ყ-ი ჩაჯდა მანქანქანის უკანა სავარძელში და სთხოვა თავადაც დამჯდარიყო, რაზეც უარი განუცხადა. შეატყო, რომ აღელვებული იყო, ამის შემდეგ, გ. ყ-მა მიმართა: „დაჯექი, ბიჭო“ რაზეც მოუწოდა, რომ სუბორდინაცია დაეცვა. უთხრა, რომ იმ საკითხთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ეტყოდა და ამის შემდეგ გ. ყ-მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა: „შე ორკოლეჯდამთავრებულო, რომ შემოიპარე ნაწილში“, გამოიყენა სამი ასობგერისგან შემდგარი კომბინაცია და დედა შეაგინა. შემდეგ გ. ყ-ი გადმოვიდა მანქანიდან, ხელი აუქნია, კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა და შეაგინა, რაც ვეღარ მოითმინა და უთხრა, რომ ფორმას გაიხდიდა და მერე ესაუბრათ. ამ დროს გ. ყ-მა ხელი გაარტყა, რის გამოც მ. მ-ი ჩადგა შუაში, ვითომდა გასაშველებლად, სინამდვილეში, ისიც ხელს ჰკრავდა. ხელის დარტყმის შემდეგ მანაც აუქნია ხელი და ფეხი გ. ყ-ს, თუმცა მოხვდა თუ არა, არ იცის. გ. ყ-ი ცდილობდა ფეხი დაერტყა, თუმცა აიცილა. მ. მ-მა ხელის კვრით გადაიყვანა ე.წ. „გრუნტიან“ ადგილზე, რის შემდეგ გ. ყ-მა სახის მიდამოში ძლიერად დაარტყა მუშტი, რის გამოც მიწაზე დაეცა, ხოლო ძირს დაცემულს ფეხი ჩაარტყა წელის არეში, რის გამოც ტკივილი იგრძნო. მაშინ ვერ მიხვდა, ფეხი რომელმა დაარტყა. ადგომისას იგრძნო, რომ ცხვირიდან სისხლი სდიოდა. გ. ყ-ი ამ დროს მანქანაში ჯდებოდა და აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც თავადაც შეურაცხყოფით უპასუხა; გ. ყ-ი გადმოვიდა მანქანიდან, აიღო ქვა და ესროლა, თუმცა არ მოხვედრია. შემდეგ, გ. ყ-ი და მ. მ-ი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. თავად დაუკავშირდა მეთაურს - შ. თ-ს, რომელსაც მომხდარის შესახებ აცნობა; მან კი, თავის მხრივ, სთხოვა სამსახურში მისვლა. გამოიძახა მძღოლი, მივიდა სამსახურში და შ. თ-ს უამბო მომხდარის დეტალები. მეორე დღეს გამოკითხეს მოწმის სახით და ექსპერტიზა ჩაუტარდა. გ. ყ-ს შესთავაზა, რომ მწყობრის წინ გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა, თუმცა გ. ყ-მა უარი განაცხადა.

8. დაცვის მხარის შეკითხვაზე დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას 19 ივნისს არ ჰქონდა ინფორმაცია გ. ყ-ის დასჯასთან დაკავშირებით. „ფორმის გამოცვლაში“ იგულისხმა ის, რომ ფორმას გამოიცვლიდა და თუ საჭირო იქნებოდა, გაესაუბრებოდა. აზრი იმის შესახებ, რომ ყ-ი და მ-ი სპეციალურად დახვდნენ, მოუვიდა ჩხუბის შემდეგ, ვინაიდან გ. ყ-მა უთხრა, გაჰყოლოდა იმ ადგილზე, სადაც არაფერი ჩანდა. როდესაც შემოტრიალდა და წამოვიდა, გ. ყ-ის არ უთქვამს, აქ დამელოდეო. მ. მ-ის ხელი არ დაურტყამს.

9. ადვოკატ ა. რ-ოს მოსაზრებით, დაზარალებულის ჩვენება, როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში იყო წინააღმდეგობრივი. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის იმ შინაარსის საუბარს, რასაც მათი შეხვედრის პირველ წუთებში ჰქონდა ადგილი, კერძოდ, გ. ყ-ის მოთხოვნის საფუძველზე, გ. ნ-ის მანქანიდან ჩასვლის ფაქტს და ამის დასადასტურებლად მოჰყავს გ. ნ-ის მძღოლის, მოწმე ლ. ჩ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც მოწმემ თითქოს არ დაადასტურა გ. ნ-ის ჩვენება ამ ნაწილში და განაცხადა, რომ მას საუბარი არ გაუგია.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ მოწმე ლ. ჩ-ის ჩვენების ასეთი სახით ინტერპრეტაციას, ვინაიდან მოწმეს არ უთქვამს, რომ მათ შორის საუბარს ადგილი არ ჰქონია. მან დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ვერ გაიგო საუბრის შინაარსი.

11. ადვოკატი დაზარალებულის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს იმ კუთხითაც, რომ იგი გამოკითხვის ოქმში უთითებს, როდესაც სახლში ასასვლელად შეტრიალდა, გ. ყ-მა მას უკნიდან კეფის არეში ხელი დაარტყა, რაც ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა გამოძიებას ნამდვილად მიაწოდა ასეთი სახის ინფორმაცია, თუმცა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, აღმოჩნდა, რომ უკნიდან დარტყმას ადგილი არ ჰქონია და ხელი პირდაპირ მოხვდა.

13. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ დაზარალებულ გ. ნ-ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს. იგი თანმიმდევრულად, სრული სიზუსტით ასახავს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც, თავის მხრივ, სანდოობას დაუკარგავდა მის ჩვენებას, როგორც პირდაპირ მტკიცებულებას.

14. დაცვის მხარემ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მ. მ-ის მობილური ტელეფონიდან (მე-15 კორპუსზე არსებული ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული ჩანაწერი) გამოითხოვა 2023 წლის 19 ივნისის შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწები, რაც გამოიკვლია სასამართლომ. დაცვის მხარემ აღნიშნულ ჩანაწერებზე ვიდეოჩანაწერების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით დანიშნა ვიდეოექსპერტიზები. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და ასევე გამოკვლეულ იქნა 2025 წლის 31 იანვრის, N.. და N... ვიდეოექსპერტიზის დასკვნები.

15. საქმეში არსებული 2023 წლის 19 ივნისს, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ამსხველი ვიდეოჩანაწერის მიხედვით დგინდება შემდეგი: 18:37:35 საათზე, კადრში შემოდის შავი „ჰონდა ცეერვეს“ მარკის ავტომანქანა, რომლიდანაც ჩამოსული ორი პირი დგას მანქანასთან, ჩანაწერის დასრულებამდე. 19:08:41 საათზე, შემოდის „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოდის სამხედრო ფორმაში ჩაცმული გ. ნ-ი. კადრიდან ჩანს, რომ გ. ყ-ი თავიდან მიემართება არა მანქანისაკენ, არამედ - იქვე არსებული ღობისაკენ, შემდეგ მიდის ავტომაქანასთან, აღებს კარს და შედის უკანა მხარეს. გ. ნ-ი დგას მანქანის კართან და ესაუბრება გ. ყ-ს. ამ დროს მ. მ-ი იმყოფება ავტომანქანის უკან. ამის შემდეგ, 19:12:20 საათზე, გ. ნ-ი ტოვებს ადგილს და მიემართება წინ (მისი განმარტებით, საკუთარი მე-13 კორპუსისკენ, სადაც ცხოვრობს) რა დროსაც რაღაცას ეუბნება გ. ყ-ი და ხელს იშვერს გ. ნ-ის მიმართულებით. 19:12:27 საათზე, გ. ყ-ი ტრიალდება უკან და ისინი ერთმანეთის პირისპირ დგებიან, რის შემდეგაც მათთან ახლოს მიდის მ. მ-ი. გ. ყ-ი 19:12:45 საათზე გ. ნ-ს ხელს კრავს, გ. ნ-ს თავიდან სძვრება ქუდი. მათ შორის დგება მ. მ-ი, გ. ნ-ი გ. ყ-ს ფეხს უქნევს, ისიც ორჯერ უქნევს ფეხს გ. ნ-ს. მათ შორის დგას მ. მ-ი, რომელიც აწვება გ. ნ-ს, ამ მომენტში -19:12:57 საათზე ფიქსირდება, რომ გ. ნ-ი ხელით იშორებს მ. მ-ს. დაახლოებით 19:12:58 საათზე, მ. მ-ს გ. ნ-ი, გადაჰყავს ე.წ. „გრუნტიან“ ზედაპირზე, სადაც გ. ყ-ი დაახლოებით 19:13:06 მუშტს ურტყამს გ. ნ-ს, რომელიც ძირს ეცემა, ამ დროს კი გ. ყ-ი ურტყამს ფეხს; გ. ნ-ი მალევე დგება ფეხზე, მათ შორის მ. მ-ია, ხოლო გ. ყ-ი მიდის შავი ფერის „ჰონდა სიარვის“ (Honda CRV) მარკის ავტომანქანისკენ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 19:27:44-ზე გ. ყ-ი ძირიდან იღებს და გ. ნ-ის მიმართულებით ისვრის ღია შეფერილობის გაურკვეველ საგანს. ამის შემდეგ გ. ყ-ი და მ. მ-ი ტოვებენ შემთხვევის ადგილს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ გ. ნ-ის ჩვენება შეესაბამება 2025 წლის 31 იანვრის N.. და N... ვიდეოექსპერტიზის დასკვნებს და სრულად ასახავს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ამ ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება დაცვის მხარის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თავად დაზარალებული იყო ჩხუბის ინიციატორი და სწორედ მან განახორციელა პირველი ფიზიკური კონტაქტი მსჯავრდებულის მიმართ, ასევე, თითქოს, გ. ნ-მა დაარტყა მ. მ-ს და სწორედ ამიტომ მიაყენა გ. ყ-მა გ. ნ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა.

17. რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების მოტივს, გარდა დაზარალებულისა, ფაქტის შემსწრე მოწმე მ. მ-მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ გ. ყ-მა სთხოვა გ. ნ-ს, რომ საქმე ჰქონდა და ჩამოსულიყო ავტომანქანიდან. გ. ნ-მა კი უპასუხა, რომ რაზედაც უნდოდა საუბარი, იმ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. საქმე ეხებოდა რამდენიმე დღის წინ სამხედრო ნაწილის შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებს.

18. სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას მსჯავრდებულმა გ. ყ-მა განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არა სამსახურებრივი შემოწმებიდან გამომდინარე, არამედ პირადი მოტივით არსებულა. მსჯავრდებულის განმარტებით, პირადი მოტივი გამოიხატა იმით, რომ გ. ნ-ს ახასიათებდა აგდებული ტონით საუბარი და ამის დასადატურებლად მოიყვანა ფაქტი, თითქოს ნახევარი წლის უკან, როდესაც იგი იდგა ესკადრილიაზე, გ. ნ-მა მას უხეშად მიმართა, „რას დგეხარ ბიჭო აქო“. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ მსჯავრდებულის ეს ვერსია არის მოგონილი, ყოველგვარ ლოგიკასა და დამაჯერებლობას მოკლებული, ვინაიდან მან ვერ გასცა შეკითხვაზე პასუხი, ნახევარი წლის უკანდელ ფაქტზე რატომ სთხოვდა დაზარალებულს პასუხს ახლა და თუ რეალურად პირადი მოტივით იყო განპირობებული მათ შორის მომხდარი დაპირისპირება, რატომ არ დაუსვა ამის თაობაზე შეკითხვა თავად დაზარალებულს, როდესაც ის პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენებას აძლევდა.

19. საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ, სინამდვილეში, გ. ნ-ან შემოწმება არ მომხდარა სამართლიანად, არც დარღვევა დაუფიქსირებია და გ. ყ-ის არც საყვედური გამოუცხადებიათ.

20. საქმეში არსებული მტკიცებულებები - მოწმების - შ. თ-სა და ა. პ-ას ჩვენებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის, პოლკოვნიკ შ. თ-ის 2023 წლის 14 ივლისის წერილით უდავოდ დასტურდება გ. ნ-ის მხრიდან შემოწმების ფაქტი, რა დროსაც გ. ყ-ის მხრიდან დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, შესაბამისი რეაგირებით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ყ-ს დარღვევების გამო დისციპლინარული წესით დასჯიდნენ თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის.

22. დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მომხდარი ინციდენტის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა - ე. რ-მა, ლ. ზ-მა და ი. ც-ამ. მანვე მიუთითა, რომ გ. ყ-ს ქვის მაგვარი საგანი ეჭირა ხელში.

23. რაც შეეხება მოწმე მ. გ-ის ჩვენებას, რაზეც დაცვის მხარე ასევე ამახვილებს ყურადღებას, მოწმემ მიუთითა, რომ ეზოში შესვლისას შეესწრო ხმამაღალი საუბრისა და გინების ხმას. დაინახა სამი პირი, მათ შორის - ერთი ფორმიანი, რომელმაც ხელი გაარტყა მხარზე სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფ პიროვნებას. ამის შემდეგ, მან ხელი ჰკრა ფორმიანს, რის შედეგად მას ქუდი მოსძვრა და გადაუვარდა. მესამე პირი ჩადგა მათ შორის და აშველებდა, რომელსაც ეძიძგილავებოდა ფორმიანი პირი. მოწმის განმარტებით, როგორც ფორმიანი, ისე მეორე პირისაგან დააფიქსირა ფეხის მოქნევის ფაქტი. შემდეგ გადავიდნენ ბალახებისკენ, თავად მივიდა მაღაზიასთან და იქ რა მოხდა, არ დაუნახავს. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად აღნიშნავს, რომ დაზარალებული თავადაც არ უარყოფს გინების ფაქტს. რაც შეეხება იმას, რომ ჯერ გ. ნ-მა გაარტყა ხელი და ამის შემდეგ გ. ყ-მა მას ხელი ჰკრა, ჩვენების ეს ნაწილი ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ და ზემომითითებულ ექსპერტიზის დასკვნებს.

24. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

26. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ყ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

27. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

29. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. რ-ოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე