Facebook Twitter

ბს-329-261-კ-05 27 მაისი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 9 ოქტომბერს ფიზიკურმა პირებმა: თ. ბ.-მ, კ. ფ.-მ, კ. კ.-მ, ნ. ჯ.-მ, მ. ბ.-მ, დ. ს.-მ, დ. გ.-მ, ვ. შ.-მ, ე. გ.-მ, ს. გ.-მ, ...-ის საზოგადოების საქართველოს ფილიალმა, ... არარეგისტრირებულმა კავშირმა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი – მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მიუთითეს შემდეგზე:

2000წ. 8 სექტემბერს ქ. ზუგდიდში შეწყვეტილ და დარბეულ იქნა იეჰოვას მოწმეთა კონგრესი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობით, პოლიციისა და სამხედრო ძალების გამოყენებით, რომლებმაც გაანადგურეს და გადაწვეს კონგრესის ჩასატარებლად მოწყობილი ტერიტორია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალებს, მამაკაცებს, მოხუცებსა და ბავშვებს. კ. ფ.-თან სახლში შეიჭრა 15-20 სამხედრო სპეცსამსახურის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებმაც გადაწვეს მის ეზოში მდებარე სამი ნაგებობა, გაიტაცეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, წიგნები და სხვა პირადი ნივთები, საგუშაგო კოშკის წარმომადგენლობის კუთვნილი აპარატურა და “ჰონდა-ს” მარკის გენერატორი. კ. კ.-ს წაართვეს ხელჩანთა, ბიბლია, ბიბლიური პუბლიკაციები, 135 დოლარი და 45 ლარი, რომლის დასაბრუნებლად მიმართა პოლიციას და სთხოვა დახმარება, მათ კი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოქალაქეებს: ნ. ჯ.-ს, მ. ბ.-ს, დ. ს.-ს, დ. გ.-ს, ვ. შ.-ს, ე. გ.-ს, ნ. შ.-ს პოლიციის და “ომონის” თანამშრომლებმა მიაყენეს, როგორც მორალური, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნები, არ შესრულდა “პოლიციის შესახებ” კანონით დაკისრებული მოვალეობანი, რითაც მათ პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა მიიღეს რელიგიური შეხვედრების ჩაშლასა და თავდასხმის დაშვებაში. ფაქტობრივად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში იეჰოვას მოწმეთა სასტიკი რელიგიური დევნის მიმდინარე კამპანიაში, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, ევროპის კონვენციის მე-8-11, მე-13-14 მუხლების და პირველი ოქმის პირველი მუხლის დარღვევით. მოსარჩელეთა მტკიცებით, ისინი მოპასუხეთა უკანონო მოქმედებების გამო, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

მოსარჩელეები მოითხოვდნენ მოპასუხეებს დავალებოდათ:

1. 2000წ. 8 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესის შეწყვეტისა და ჩაშლისათვის დაუყოვნებლივ საჯაროდ ბოდიშის მოხდა;

2. საჯარო განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები დაიცავდნენ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესების ჩატარების უფლებას და მიიღებდნენ ყველა ზომას, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც დაარღვევდა მათ უფლებას;

3. მატერიალური ზარალისა და დანაკარგების ანაზღაურება, მათ შორის, კერძო სახლის შეკეთებისათვის გაწეული ხარჯი, საკონგრესო ადგილის შეკეთება და ყველა ნივთის დაბრუნება, რაც განადგურდა ან გატაცებულ იქნა;

4. მატერიალური ზარალის გადახდა, რომელიც შეადგენდა 23749 ლარს, იმ 2000 მოქალაქისათვის, ვინც შეეცადა დასწრებოდა კონგრესს, მაგრამ შეჩერებული ან იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკონგრესო ადგილი 2000წ. 8 სექტემბერს;

5. 100 ლარის გადახდა მიყენებული მორალური ზიანისათვის იმ 700 მოქალაქისათვის, ვინც ესწრებოდა კონგრესს 2000წ. 8 სექტემბერს და გახდა ხელისუფლების წარმომადგენელთა უკანონო მოქმედების მსხვერპლი.

მოპასუხე ზუგდიდის გამგებელმა ლ. ჭ.-მ, ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ ლ. შ.-მ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსმა ე. ჯ.-მ, ზუგდიდის შს სამმართველოს უფროსმა ა. თ.-მ და ზუგდიდის შს სამმართველოს უფროსის მოადგილემ ფ. ჩ.-მ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ იგი უსაფუძვლო იყო, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ პოლიციელები. მოპასუხეთა მტკიცებით, მათ გააფრთხილეს მოსარჩელეები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უსაფრთხოების 12-კილომეტრიან ზონაში კონგრესის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ, მოსარჩელეებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს კონსტიტუციის 38-40-ე მუხლებით გათვალისწინებული პრინციპები. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ მოქმედებდნენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს მოპასუხე მხარის რაიმე სახით მონაწილეობა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეხვედრის ჩაშლაში და დაუშვა მათზე თავდასხმა. დადგენილია შეხვედრის ადგილის გაძარცვა-განადგურება, რაზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ რაიონული სასამართლოს მსჯელობით არ არსებობდა სკ-ის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რაც საფუძვლად დაედებოდა ამავე მუხლის შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებას.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფიზიკური პირების: თ. ბ.-ს, კ. ფ.-ის, კ. კ.-ის, ნ. ჯ.-ის, მ. ბ.-ის, დ. ს.-ის, დ. გ.-ს, ვ. შ.-ს, ე. გ.-ს, ს. გ.-ის, მ. ც.-ს, ...-ის საზოგადოების ფილიალის, ... არარეგისტრირებული კავშირის წარმომადგენლის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით ...-ის საზოგადოების ფილიალის, ... არარეგისტრირებული კავშირისა და სხვათა წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და აპელანტთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დააზუსტეს, კონკრეტულად რომელი მოპასუხეების რა ქმედებით ან უმოქმედობით მიადგა ზიანი მათ უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. სასამართლოს განმარტებით, სკ-ის 1005-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნორმის გამოსაყენებლად სახეზე უნდა იყოს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა, რისი დამტკიცებაც მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფიზიკური პირების: თ. ბ.-ს, კ. ფ.-ის, კ. კ.-ის, ნ. ჯ.-ის, მ. ბ.-ის, დ. ს.-ის, დ. გ.-ს, ვ. შ.-ს, ე. გ.-ს, ს. გ.-ის, ...-ის საზოგადოების საქართველოს ფილიალის და ... არარეგისტრირებული კავშირის მიერ, რომელმაც მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კასატორმა მოითხოვა სსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოპასუხეთათვის დაუყოვნებლივ საჯაროდ ბოდიშის მოხდის დავალება 2000წ. 8 სექტემბერს ქ. ზუგდიდში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესის შეწყვეტისა და ჩაშლისათვის; მოპასუხეებისათვის საჯარო განცხადების გაკეთების დავალება მასზედ, რომ დაიცავენ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესების ჩატარების უფლებას და მიიღებენ ყველა ზომას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც დაარღვევს მათ ამ უფლებას; მატერიალური ზარალის და დანაკარგების ანაზღაურების დავალება მოპასუხეთათვის 25068 ლარის ოდენობით, ასევე, მატერიალური ზარალის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს 23749 ლარს, იმ 2000 მოქალაქისათვის, ვინც შეეცადა დასწრებოდა კონგრესს. მოპასუხეთათვის 100 ლარის გადახდის დავალება იმ 700 მოქალაქისათვის, რომლებიც ესწრებოდნენ კონგრესს და ასევე მოპასუხეთა მიერ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება, რაც შეადგენს, შესაბამისად _ 11843,40 ლარს და 5018 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფიზიკური პირების: თ. ბ.-ს, კ. ფ.-ის, კ. კ.-ის, ნ. ჯ.-ის, მ. ბ.-ის, დ. ს.-ის, დ. გ.-ს, ვ. შ.-ს, ე. გ.-ს, ს. გ.-ის, ...-ის საზოგადოების ფილიალის, ... არარეგისტრირებული კავშირის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან კასატორთა მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2000წ. 8 სექტემბერს მოქალაქეთა ჯგუფის მიერ ჩაშლილ იქნა ქ. ზუგდიდში, სოფელ ხურში მდებარე კ. ფ.-ის კუთვნილ ტერიტორიაზე დაგეგმილი იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სკ-ის 1005-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო, ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს".

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის ფაქტი მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორთა მითითება პოლიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის დებულებების, ასევე “პოლიციის შესახებ” კანონისა და რიგი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შესახებ დაუსაბუთებელია. ამასთან, სკ-ის 1005-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნორმის გამოსაყენებლად უნდა არსებობდეს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უშვებს რაიმე გარემოების დადგომას, რისთვისაც საკმარის ღონისძიებებს არ ახორციელებს და შესაბამის ზომებს არ ატარებს.

საკასაციო სასამართლოს ასევე მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, რადგან მოპასუხეთა მხრიდან კანონდარღვევისა და მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ მტკიცდება, შესაბამისად, მოპასუხეთათვის ბოდიშის მოხდისა და მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრებაც უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბოდიშის მოხდის სახით სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით”. მოსარჩელეებმა ვერ მიუთითეს ნორმა, რომლის საფუძველზეც მათი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება კასატორთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი და სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფიზიკური პირების: თ. ბ.-ს, კ. ფ.-ის, კ. კ.-ის, ნ. ჯ.-ის, მ. ბ.-ის, დ. ს.-ის, დ. გ.-ს, ვ. შ.-ს, ე. გ.-ს, ს. გ.-ის, ...-ის საზოგადოების ფილიალის, ... არარეგისტრირებული კავშირის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.