Facebook Twitter

¹3კ/401-01 5 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: საცხოვრებლი კოტეჯიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის მაისში ე. ბ-შვილმა თვითნებურად დაიკავა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...-ის ინსტიტუტის ბალანსზე არსებული, თიანეთის რაიონის დაბა ...-ში ... მდებარე სამოთახიანი კოტეჯი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...-ის ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ მიიჩნია რა უკანონოდ ე. ბ-შვილის მოქმედება, სასარჩელო განცხადებით მიმართა თიანეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ე. ბ-შვილის მიმართ, მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და საცხოვრებელი კოტეჯიდან გამოსახლება, რაც დაასაბუთა იმით, რომ ინსტიტუტს თავისი თანამშრომლებისათვის თიანეთის რაიონის დაბა ...-ში აქვს საცხოვრებელი კოტეჯები, რომლებიც ინსტიტუტის საკუთრებას; წარმოადგენს. მოპასუხემ თვითნებურად გატეხა კოტეჯი და დაიკავა იგი. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობს ცხოვრებას.

თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...-ის ინსტიტუტის სარჩელი მოპასუხე ე. ბ-შვილის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან დაბა ...-ში ... მდებარე საცხოვრებელი კოტეჯის გამოთხოვისა და დასახელებული კოტეჯიდან მისი გამოსახლების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე. ბ-შვილი გამოსახლებულ იქნა დ. ...-ში ... მდებარე საცხოვრებელი კოტეჯიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: საქმეში წარმოდგენილი ცნობებით დადგენილია, რომ დ. ...-ში ... მდებარე კოტეჯი იმყოფება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...-ის ინსტიტუტის ბალანსზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.

რაც შეეხება მოპასუხე ე. ბ-შვილს, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მიანიჭებდა მას სადავო კოტეჯის ფლობის უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება აქვს უკანონო მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხე ე. ბ-შვილს სადავო კოტეჯის ფლობის უფლება რომ არა აქვს, ეს დადგენილია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

თიანეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ბ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 15 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ე. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად იქნა დატოვებული მოცემულ საქმეზე თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნული განჩინება დაასაბუთა იმით, რომ სადავო კოტეჯი ავარიულიც რომ იყოს, წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...-ის ინსტიტუტის საკუთრებას და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მას, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით, სარგებლობა.

არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას, არ გააჩნია საშუალება ბინის დასაქირავებლად, მცირე ხელფასის გარდა, რომელიც დიდი ხანია არ მიუღია, სხვა შემოსავალი არ აქვს. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ე. ბ-შვილმა, როგორც არამართლზომიერმა მფლობელმა, ვალდებულია, დაუბრუნოს კოტეჯი მესაკუთრეს.

ე. ბ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას სხვაგან საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია, აქვს მცირე ხელფასი, რომელიც თავის სარჩენად არ ყოფნის, მეუღლესთან განქორწინებულია. ინსტიტუტის დირექცია არ იყენებს სადავო კოტეჯს და მხოლოდ ზაფხულობით სარგებლობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ე. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ...-ის ინსტიტუტის საკუთრებას წარმოადგენს თიანეთის რაიონის დაბა ...-ში, ... მდებარე საცხოვრებელი კოტეჯი, რომელიც 1999 წლის მაისში უკანონოდ დაიკავა ე. ბ-შვილმა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ასევე სწორად იქნა გამოყენებული სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ე. ბ-შვილი უკანონოდ ფლობს სადავო კოტეჯს და მას არ აქვს ამ კოტეჯის ფლობის უფლება.

ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 იანვრის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.