გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/402 6 ივნისი, 2001 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ახალაძე
სარჩელის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 14 თებერვალს მ. შ-გას რწმუნებულმა ნ. სეხნიაშვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ე. ყ-შვილისა და ჯ. ტ-ძის მიმართ. მესამე პირებად სარჩელში მითითებულ იქნენ ნოტარიუსი ა-ძე და ნოტარიუსი მ-ძე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1996 წელს მარია შ-გას ჯ. ტ-ძემ შესთავაზა გარდაცვალებამდე მასზე ზრუნვა, სანაცვლოდ კი მ. შ-გას ანდერძით მთელი თავისი ქონება უნდა დაეტოვებინა ჯ. ტ-ძისათვის, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა.
სარჩელის თანახმად, 1996 წლის დეკემბერში ჯ. ტ-ძე მივიდა მ. შ-გასთან, რათა იგი წაჰყოლოდა ნოტარიუსთან ანდერძის გასაფორმებლად. მოსარჩელე დათანხმდა, რადგანაც იგი ენდობოდა მოპასუხეს და სურდა ანდერძის გაფორმებით მადლიერება გამოეხატა მის მიმართ.
ჯ. ტ-ძემ ისარგებლა მ. შ-გას ნდობით, მისი უმწეო მდგომარეობით (მას ჰქონდა ორივე თვალის ბადურის დისტროფია) და ანდერძის ნაცვლად მოტყუებით ხელი მოაწერინა მინდობილობაზე, რომლითაც მოპასუხე ჯ. ტ-ძის მეუღლე ე. ყ-შვილს უფლება მიეცა განეკარგა მ. შ-გას კუთვნილი ქონება. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, 1997 წლის აპრილში ე. ყ-შვილმა მ. შ-გას კუთვნილ ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დადო თავის მეუღლე ჯ. ტ-ძესთან, რის შემდეგაც მოპასუხეებმა შეწყვიტეს მ. შ-გასათვის მზრუნველობის გაწევა. მოსარჩელემ 1999 წლის ნოემბერში შეიტყო, რომ მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ..., გასხვისებული იყო და მის მესაკუთრედ ირიცხებოდა ჯ. ტ-ძე. სარჩელში აღნიშნულია, რომ, მართალია, არსებობს ჯ. ტ-ძესა და ე. ყ-შვილის შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ აღნიშნული გარიგების გაფორმებისას მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ ბინის მესაკუთრის ნება. გარდა ამისა, მინდობილობა გაიცა დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, მ. შ-გას უსინათლობის გამო, ნოტარიუსი მინდობილობის გაცემისას ვალდებული იყო წაეკითხა მისთვის მინდობილობის ტექსტი და ეს უნდა აღენიშნა დოკუმენტში, რაც ნოტარიუსს არ გაუკეთებია.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 82-ე მუხლების თანახმად, ჯ. ტ-ძესა და ე. ყ-შვილს შორის 1997 წლის 18 აპრილს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ბინაზე მ. შ-გას მესაკუთრის უფლებების აღდგენა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ აღნიშნული მინდობილობა გაიცა კანონით დადგენილი წესით. მ. შ-გამ გამოხატა ნება და ხელი მოაწერა მინდობილობას, რომლითაც თავისი ქონების გასხვისების უფლება მისცა ე. ყ-შვილს. მოპასუხეების განმარტებით, მინდობილობაზე ხელის მოწერის დროს მ. შ-გას მხედველობა ისე არ ჰქონდა დაქვეითებული, რომ ვერ დაენახა, თუ რა დოკუმენტზე აწერდა ხელს.
მოპასუხეები აღნიშნავდნენ, რომ მ. შ-გასა და მათ შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის შესახებ, ხოლო ე. ყ-შვილზე გაცემული მინდობილობის ვადა ისე გავიდა, რომ იგი მ. შ-გას არ გაუუქმებია.
ე. ყ-შვილისა და ჯ. ტ-ძის განმარტებით, მათ შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მ. შ-გას სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. ყ-შვილსა და ჯ. ტ-ძეს შორის 1997 წლის 18 აპრილს ქ. თბილისში, ... მდებარე, მ. შ-გას კუთვნილ ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ტ-ძისა და ე. ყ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, მოსარჩელე მ. შ-გას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. შ-გას რწმუნებულმა ნ. სეხნიაშვილმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობას. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად არ ჩათვალა უეჭველი ფაქტი _ მ. შ-გასა და მოპასუხეებს შორის არსებული სამისდღეშიო რჩენის შეთანხმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ყ-შვილსა და ჯ. ტ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
კასატორი მიუთითებს, რომ მ. შ-გას თუნდაც გამოეხატა ნება და მოეწერა ხელი მინდობილობაზე, ე. ყ-შვილს ჯ. ტ-ძესთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კი არ უნდა დაედო, არამედ _ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მეუღლეებმა კი ბოროტად გამოიყენეს მ. შ-გას ნდობა და ერთმანეთთან დადეს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა ის ფაქტიც, რომ მოპასუხეებმა ვერ წარადგინეს მათ მიერ მ. შ-გასათვის ბინის საფასურის _ 3000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
მ. შ-გას წარმომადგენელმა ნ. სეხნიაშვილმა საკასაციო საჩივარში ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მ. შ-გას სარჩელი.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ მ. შ-გას არ გაუცია მისი კუთვნილი ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობა, ხოლო მოპასუხეებმა ისარგებლეს მოსარჩელის დაქვეითებული მხედველობით და მას მოტყუებით, ანდერძის ნაცვლად ხელი მოაწერინეს მინდობილობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1996 წლის 26 დეკემბერს მ. შ-გას კუთვნილი ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობა მოპასუხე ე. ყ-შვილზე გაიცა მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. შ-გას 1996 წლის 26 დეკემბერს სანოტარო ბიუროში სადავო მინდობილობის ტექსტის წაკითხვა ახლო მანძილიდან (10-20 სმ) და ხელის მოწერა შეეძლო დაავადების (ორივე თვალის ბადურის დისტროფია) მიუხედავად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილ, ზემოთ მითითებულ გარემოებებზე კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტება, რომ მ. შ-გამ არ იცოდა, რა დოკუმენტზე აწერდა ხელს, საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯ. ტ-ძესა და ე. ყ-შვილს შორის უნდა დადებულიყო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, თუნდაც მ. შ-გას გამოეხატა ნება და მინდობილობაზე მოეწერა ხელი.
პალატა თვლის, რომ მეუღლეებმა: ჯ. ტ-ძემ და ე. ყ-შვილმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მათ შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს მოკლებული იქნებოდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მოპასუხეებმა ერთმანეთთან დადეს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება.
პალატას მიაჩნია, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევებში, ხელშეკრულებების მონაწილე მხარეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპასუხეებს სწორედ იმ შედეგის დადგომა სურდათ, რაც ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. აღნიშნული გარიგებით მათ სხვა გარიგების დაფარვა არ სურდათ და ამდენად, მათი შეთანხმება ნამდვილი იყო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ჯ. ტ-ძესა და ე. ყ-შვილს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ მოპასუხეებს მ. შ-გასათვის არ გადაუხდიათ ბინის საფასური _ 3000 ლარი, ამის გამო აღნიშნული გარემოება ვერ გახდება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ან გაუქმების საფუძველი. გარდა ამისა, სარჩელში მ. შ-გას არ დაუყენებია მოთხოვნა, რომ მის მინდობილ პირს გადაეცა მისთვის გაყიდული ბინის საფასური. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს ცალკე დავის საგანია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. შ-გას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.