გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/406-01 15 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: კედელში ჭიშკრის მოწყობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. ფ-შვილმა (წარმომადგენელი ლ. ჭ-ძე) სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ვ. მ-შვილის, თ. თ-ძის, ლ. შ-იას და სხვათა მიმართ და მოითხოვა კედელში გასასვლელი ჭიშკრის მოწყობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ... მდებარე სახლის გასასვლელი გადის ... ქუჩის მხარეს მდებარე სახლის ეკლესიის ეზოში, მისი სახლის რეკონსტრუქცია დამტკიცებულია ქალაქის დეპარატამენტისა და ზემდგომი ინსტანციების მიერ. მოპასუხეებმა ამოაშენეს გასასვლელი კარების ღიობი, რის გამოც მოითხოვა კედელში გასასვლელი ჭიშკრის მოწყობა.
მოპასუხეებმა ვ. მ-შვილმა, თ. თ-ძემ, ლ. შ-იამ, ნ. შ-იამ, რ. ჟ-იანმა და ც. ჯ-იანმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ივრიის ... მდებარე სახლს ... ქუჩის მხრიდან ჰქონდა ყრუ კედელი და არავითარი კავშირი არ ჰქონდა ... ქუჩასთან. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებულ ყრუ კედელში კარების ღიობის გაჭრისათვის საჭირო იყო მათი და ეკლესიის წარმომადგენელთა თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვეს უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ძეს უარი ეთქვა თბილისში ... გასასვლელი ჭიშკრის მოწყობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლობის მოტივით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისში, ... მდებარე სახლს ... ქუჩის მხრიდან ჰქონდა ყრუ კედელი და არავითარი კავშირი არ ჰქონდა ... ქუჩასთან. 1988 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა მოსარჩელის სახლის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლითაც მოსარჩელეს უფლება მიეცა ჩაეტარებინა მასზე რიცხული სახლის, მდებარე ..., რეკონსტრუქცია. პროექტი ითვალისწინებდა ... ქუჩის მხრიდან შესასვლელი ჭიშკრის მოწყობას. ... სახლის მობინადრენი და კათოლიკური ეკლესია წინააღმდეგი იყვნენ ყრუ კედელში ჭიშკრის მოწყობის, რის გამოც თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 1990 წლის 8 ნოემბრის წერილით ო. ფ-შვილს ეთხოვა შესასვლელის გაუქმება და კედლის მოყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
თბილისის მერიის არქიტექტურის და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს 1992 წლის 14 სექტემბრის წერილითაც ო. ფ-შვილს დაევალა შესასვლელი ჭიშკრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო. ფ-შვილის საცხოვრებელი სახლის პროექტი შესდგა, პერსპექტივაში მიმდებარე განაშენიანების რეკონსტრუქციის გათვალისწინებით. კერძოდ, კათოლიკურ ეკლესიაში საკონცერტო დარბაზის მოწყობის და ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის გაყვანის გათვალისწინებით, რაც შემდგომში არ განხორციელდა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ... ქუჩის მხრიდან პროექტით გათვალისწინებული გასასვლელი ჭიშკარი გადიოდა მოპასუხეთა საერთო სარგებლობის ეზოში და გასასვლელი ჭიშკრის მოწყობისათვის საჭირო იყო ამ ეზოში მცხოვრებ მობინადრეთა და მიმდებარე კათოლიკური ეკლესიის თანხმობა, რის გამოც დაუშვებელი იყო ო. ფ-შვილის სახლის რეკონსტრუქციის პროექტის დამტკიცება. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდესის 170-ე, 218-ე და 220-ე მუხლები და მიუთითა, რომ სადავო ეზოში მცხოვრებ პირთა თანხმობის გარეშე, მოსარჩელის მიერ ყრუ კედელში გასასვლელი ჭიშკრის მოწყობით ილახებოდა ამ ეზოში მცხოვრებ პირთა კანონიერი უფლებები და ინტერესები.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 218-ე და 220-ე მუხლები. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 182-ე მუხლი. გასასვლელი ჭიშკრის მოწყობისათვის მას არ ესაჭიროებოდა მოპასუხეთა და კათოლიკური ეკლესიის მფლობელთა თანხმობა. სადავო ტერიტორიის მესაკუთრეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, სადავო კედელი წარმოადგენს სასაზღვრო ნაგებობას, იგი აღმართულია მისი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებს შორის, რის გამოც საჭირო იყო მხოლოდ ამ უკანასკნელის ნებართვა. აღნიშნული საფუძვლებით კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ლ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ ... მდებარე ლ. ჭ-ძის საცხოვრებელ სახლს ... ქუჩის მხრიდან ჰქონდა ყრუ კედელი და არავითარი კავშირი არ ჰქონდა ... ქუჩასთან. პროექტით გათვალისწინებული გასასვლელი ჭიშკარი გადიდოდა ... ქუჩის მხრიდან მოპასუხეთა საერთო სარგებლობის ეზოში. სადავო ეზოს ერთობლივად ფლობენ ... მცხოვრები პირები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ ყრუ კედელში ჭიშკრის მოწყობისათვის საჭირო იყო მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნებართვა, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რადგან სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა დაცულია თვით მესაკუთრის მხრიდანაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს მოპასუხეთა თანხმობის გარეშე არ ჰქონდა უფლება ყრუ კედელში გაეჭრა ღიობი და მოეწყო ჭიშკარი. გასათვალისწინებელია, ასევე, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 1990 წლის 8 ნოემბრის, თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის მთავარი სამმართველოს 1992 წლის 14 სექტემბრის, ქალაქის არქიტექტორის 1997 წლის 9 ივლისის და კრწანისის რაიონის გამგეობის 1999 წლის 26 ივლისის წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ ყრუ კედელში ჭიშკრის მოწყობისათვის საჭირო იყო ნოტარიულად დამოწმებული ... საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მობინადრეების და მიმდებარედ არსებული ეკლესიის წარმომადგენელთა თანხმობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.