¹ 3კ/408-01 29 ივნისი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: კომლის ქონებიდან წილის გამოყოფა და ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ა-ძე 1993 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ი. ტ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 1994 წელს დაბადებული ზ. ტ-ძე. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ თ. ა-ძე საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ოჯახში, სადაც ცხოვრობდნენ დედამთილ-მამათილან _ ხ. და ვ. ტ-ძეებთან ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 1995 წელს ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე ბავშვთან ერთად მიატოვა მოპასუხეების ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა სხვა ადგილას. 2000 წლის ოქტომბერში თ. ა-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის კომლის ქონებიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფა მასი და მისი შვილისათვის 2\6-ის ოდენობით, რადგანაც მისი კომლში ცხოვრების პერიოდში კომლში ირიცხებოდა ექვსი სული. გარდა ამისა, მოითხოვა მისთვის ნაჩუქარი 620 ლარის ღირებულების ოქროს ნივთების დაბრუნება, ასევე მოითხოვა ი. ტ-ძისათვის შვილის სარჩენი ალიმენტის თვეში 30 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბავშვისათვის სარჩოს მიცემის ნაწილში.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს დაევალათ, მოსარჩელისათვის დაებრუნებინათ 6 დასახელების ოქროს ნივთი. გარდა ამისა, მოსარჩელესა და მის მცირეწლოვან შვილს საკუთრების უფლებით მოპასუხის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობიდან გამოეყო სახლის 2\14 და მიწის ნაკვეთის 2\14 ნაწილი. მოპასუხე ი. ტ-ძეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის სარჩო _ ალიმენტი თვეში 20 ლარის ოდენობით.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი. ტ-ძემ. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაჩუქარი ოქროს ნივთების დაბრუნების ნაწილში და თ. ა-ძეს უარი ეთქვა ნაჩუქარი ოქროს ნივთების დაბრუნებაზე უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საკომლო ქონებიდან წილის გამოყოფისა და შვილის სარჩოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, რადგან დადასტურებულია, რომ თ. ა-ძე რეგისტრირებულია მოპასუხე ვ. ტ-ძის მეურნეობის საკომლო წიგნში და ითვლება ამ კომლის წევრად.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ი., ვ. და ხ. ტ-ძეებმა. ისინი ითხოვენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას კომლის ქონებიდან წილის გამოყოფის ნაწილში შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე 1995 წელს წავიდა მათი ოჯახიდან, რის შემდეგაც ა-ძეს არ მიუღია მონაწილეობა კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. სარჩელი კი სასამართლოში აღძრა 2000 წლის ოქტომბერში. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დავის უფლება წარმოეშვა 1995 წლის მარტიდან, როდესაც მოქმედებდა ძველი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებდა 3 წლიან სასარჩელო ხანდაზმულობას. ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული. სასამართლომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ვ. ტ-ძის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე თ. ა-ძის სარჩელი მისთვის და მისი მცირეწლოვანი შვილისათვის კომლის ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ვ. ტ-ძის ქონება ჩათვალა კომლის ქონებად, ხოლო მოსარჩელე და მისი შვილი _ კომლის წევრებად. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია ვ. ტ-ძის მეურნეობა რეგისტრირებულია თუ არა საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) კომლად და ვის სახელზეა იგი რეგისტრირებული. აღნიშნული საკითხის გარკვევა კი აუცილებელია, რადგან “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების თანახმად, საკომლო მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს და რომელიც ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას შეადგენს. თუ საკომლო მეურნეობა მეუღლისა ან ოჯახის სხვა წევრთა საერთო საკუთრებაა საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრი), თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოიკვლიოს, არის თუ არა ვ. ტ-ძის კომლი რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) და ვის სახელზეა იგი რეგისტრირებული და ამის შემდეგ გადაწყვიტოს, ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს და მის მცირეწლოვან შვილს წილი კომლის ქონებიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი., ვ. და ხ. ტ-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება ვ. ტ-ძის კომლის ქონებიდან მოსარჩელე ნ. ა-ძისა და მისი მცირეწლოვან შვილისათვის ქონების გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის საქმე დაუბრუნდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.