საქმე # 330100123007074271
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №724აპ-25 ქ. თბილისი
ი-ე ვ. 724აპ-25 26 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ალიკა დვალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ი-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 18 მარტს, ქ. ა-ში, ა-ის გზატკეცილის ჩიხის N...-ში მდებარე შპს „ა-ს კ-ა ი-ში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს, ექთან მ. ბ-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ასტრაზენეკას ვაქცინით). ამცრელი ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდნენ ექიმი - ვ. ი-ე, მედდა - თ. გ-ი, რეგისტრატორი - ს. ი-ე. „კოვიდ 19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ 2021 წლის 3 თებერვლის N01-11/ნ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი მ. ბ-ე, ექიმ ვ. ი-ს მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო 30 წუთის განმავლობაში, რა დროსაც ვ. ი-ე ვალდებული იყო, ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში, გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამცრელი ბრიგადის ექიმმა - ვ. ი-მ, ვაქცინირებული მ. ბ-ე ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ნახა დაყოვნების ოთახში, რა დროსაც მ. ბ-ს კისრისა და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. თავის მხრივ, ანაფილაქსია შეფასებულია, როგორც სწრაფად მანიფესტირებად, სიცოცხლისათვის საშიში რეაქციად. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ი-მ მ. ბ-ე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო, შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ დაეწყო, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ვინაიდან მ. ბ-ს, ვ. ი-ს მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი გადაიყვანა, ქ. თ-ში მდებარე, სსიპ „თ-აში“, სადაც მ. ბ-ე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, 2021 წლის 19 მარტს, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 იანვრის განაჩენით:
2.1. ვ. ი-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა ვ. ი-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით თ. ი-ს (პ/ნ ...) რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე: მდებარე ა-ე, უ. ვ-ა N... (რზოში) საკადასტრო კოდი N... , დადებული ყადაღა.
2.3. გამართლებულ ვ. ი-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ალიკა დვალიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმება და ვ. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4.1. გამართლებულ ვ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ალიკა დვალიშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის №505აპ-21 განაჩენი).
8. ამდენად, უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მტკიცებით სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს ვ. ი-ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობას. შესაბამისად, ამ შემადგენლობის განხორციელება მხოლოდ უმოქმედობით შეიძლება. ავადმყოფი, ვისაც მედიცინის მუშაკი არ ეხმარება, უნდა იყოს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება კი გულისხმობს ისეთ დახმარებას, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მედიცინის მუშაკი ავადმყოფისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს იტყვის. ავადმყოფის დაუხმარებლობისათვის მედიცინის მუშაკს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს იტყვის დახმარების გაწევაზე არასაპატიო მიზეზით. ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია განზრახ. მედიცინის მუშაკს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ავადმყოფი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საპატიო მიზეზის გარეშე არ უწევს მას დახმარებას.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ი-ს ქმედებაში ვერ დადგინდა ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების განზრახვა. მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. ა-ში, ა-ს გზატკეცილის ჩიხის №...-ში მდებარე შპს „ა-ის კ-ა ი-ში“, 2021 წლის 18 მარტს დაიწყო კლინიკაში ვაქცინაციის აცრები, შეიქმნა ამცრელების ათკაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ კლინიკა „ი-ს“ თანამშრომლები, ძირითადად ექიმები, რომლებიც მიწვეულები იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროში და იქ ჩაუტარდათ ტრეინინგი. დაკომპლექტდა ორი ჯგუფი. ერთ-ერთ ჯგუფში შედიოდნენ ექიმი - ვ. ი-ე, რეგისტრატორი - ს. ი-ე და ვაქცინატორი - თ. გ-ი. სულ „ასტრაზენეკათი“ აიცრა 10 პირი, მათ შორის - მ. ბ-ე. პაციენტის სწორად მართვა კლინიკურად, პროტოკოლითა და გაიდლაინებით ჰქონდათ გათვალისწინებული. პროტოკოლით იყო გათვალისწინებული, რომ აცრილ პირებს ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში უნდა მოეცადათ სპეციალურ მოწყობილ ზონაში, თუმცა აღნიშნულ ოთახში განთავსებით სპეციალური ვალდებულება ჰქონდათ მხოლოდ იმ პირების მიმართ, ვისაც სპეციალური კითხვარის თანახმად, აღენიშნებოდათ ალერგიული ფონი. ვაქცინაციიდან ამ 30 წუთის განმავლობაში პასუხისმგებელი პირი იყო ამცრელი ბრიგადიდან ექიმი და ექთანი. ანაფილაქსიური შეტევის დროს უნდა გაკეთებულიყო ადრენალინი. კლინიკის ერთ-ერთ სივრცეში განთავსებული იყო შოკის აღჭურვილობა და ჰქონდათ მისთვის საჭირო მედიკამენტების მარაგი.
12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანების №01-11/ნ „COVID-19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №5-ის „COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომი ანაფილაქსიად მიჩნეული მდგომარეობების“ 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით დადგინდა, რომ პერსონალმა უნდა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა აცრის შემდგომი მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ხოლო მე-5 დანართის 1-ლი მუხლის 3-ე ნაწილით განისაზღვრა „COVID-19“ ვაქცინაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდი, კერძოდ, დადგინდა, რომ პირი, რომელსაც აქვს ვაქცინების ან ინექციური თერაპიის მიმართ ნებისმიერი სიმძიმის ალერგიული რეაქციის ისტორია, ან პირი, რომლებსაც აქვს ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული ანაფილაქსიის ისტორია, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს/დაყოვნდეს აცრის ჩატარებიდან 30-45 წუთის განმავლობაში რისკის შეფასების საფუძველზე (აღნიშნულ ბრძანებაში, მ. ბ-ს გარდაცვალების ფაქტის შემდგომ შევიდა ცვლილება და 2021 წლის 29 აპრილის ცვლილებით განისაზღვრა, რომ ვაქცინირებული პირი უნდა იმყოფებოდეს ექიმის და/ან ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ აცრის ჩატარებიდან 30-45 წუთის განმავლობაში, №7 დანართის შესაბამისად, ორგანიზებულ პოსტვაქცინაციის სივრცეში რისკის შეფასების საფუძველზე). დანართი №5-ის „COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომი ანაფილაქსიად მიჩნეული მდგომარეობების“ შესახებ პროტოკილის თანახმად (ცვლილებამდე) მხოლოდ მაშინ არსებობდა აცრილი პირის მიმართ 30 წუთის განმავლობაში მეთვალყურეობის სპეციალური ვალდებულება, თუ მას ჰქონდა რაიმე სახის ალერგიული რეაქციის შესახებ ისტორია წარსულში. ანაფილაქსიური რეაქციის დროს 1-ლი მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად „სიმპტომების გენერალიზების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს ეპინეფრინი, უნდა მოხდეს დაკავშირება გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასთან, რათა პაციენტი გადაყვანილ იქნას სამედიცინო მომსახურების უფრო მაღალ დონეზე“.
13. მიუხედავად იმისა, რომ მ. ბ-სთან გასაუბრების საფუძველზე შევსებული „ასაცრელი პირის Covid-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარში“ კითხვაზე: „გქონიათ თუ არა ოდესმე ალერგიული რეაქცია ქვემოთ მითითებულ ალერგიებზე“ მონიშნულია პასუხი „არა“; ასევე, ანკეტაში ყველა კითხვაზე მონიშნულია პასუხი არა, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ. ბ-ე აცრის შემდეგ მაინც მოთავსდა სპეციალურ ოთახში და იმყოფებოდა ექიმ ვ. ი-ს დაკვირვების ქვეშ. მიუხედავად ამისა, ვერც მოწმეთა ჩვენებებითა და ვერც რომელიმე ნორმატიული აქტით ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ აღნიშნულ პერიოდში ექიმს ევალებოდა აცრის შემდგომ 30 წუთის განმავლობაში განეხორციელებინა მეთვალყურეობა აცრილი პირის მიმართ. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები (ექიმები და სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი) მიუთითებდნენ, რომ ზოგადად იცოდნენ, აცრილი პირი 30 წუთის განმავლობაში უნდა ყოფილიყო კლინიკაში, თუმცა რაიმე ბრძანება ან ნორმატიული აქტი ამის შესახებ მათთვის ცნობილი არაა.
14. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება, რომ ვ. ი-მ პროტოკოლით განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უმეთვალყურეოდ დატოვა მ. ბ-ე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე რ. ა-ს ჩვენებით, ვებსაიტისა და ფოტოსურათის დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ მ. ბ-ე აიცრა 12:10-12:12 საათზე და მოთავსდა დაყოვნების ოთახში. კერძოდ: 12:10 საათს უჩვენებს მ. ბ-ის მაჯის საათი, ხოლო აცრის კაბინეტში არსებული საათი კი - 12:12 საათს.
15. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის მიხედვით: მე-3 ფაილში (წარწერით „3DVR 2 wutit ukan“) არსებული რიგით 4-ვიდეო ფაილის მიხედვით: 12:50:05 საათზე იმუნიზაციის ოთახიდან გამოდის გ. ა-ი და გადის კადრს მიღმა. 12:50:20 საათზე იმუნიზაციის ოთახში შედის ნ. კ-ე. 12:50:42 საათზე იმუნიზაციის ოთახიდან გამოდის ვ. ი-ე და გადის კადრს მიღმა. 12:50:51 საათზე შედის ბ. ლ-ი“. ვინაიდან ჩანაწერი ორი წუთით ჩამორჩება რეალურ დროს, დასტურდება, რომ ვ. ი-ე გამოდის იმუნიზაციის ოთახიდან 12:52:42 საათზე, ხოლო ბ. ლ-ი შედის 12:52:51 საათზე. გ. ა-ი კი 12:52:05 საათზე გამოდის იმუნიზაციის ოთახიდან. ამავე დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ვ. ი-ე უკვე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 12:58:59 საათზე - ვაქცინაციიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ - ბრუნდება აცრის ოთახში, საიდანაც გარკვეული დროის შემდეგ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროდ 12:30 საათი არის მითითებული, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, გამოკვლეული ფოტოსურათებით დასტუდება, რომ მ. ბ-ს ვაქცინაცია მოხდა 12:10-12:12 საათზე. რაც შეეხება 13.04.2021 წელს, მ. კ-ის მონაწილეობით დათვალიერებული ა-ს ი-ის კლინიკის ვიდეოკამერის ჩანაწერებით დასტურდება, რომ ა-ის ი-ის კლინიკის ვიდეოკამერის ჩანაწერი რეალურ დროს ჩამორჩება 33 წუთით.
16. რაც შეეხება მ. ბ-ის იმჟამინდელ მდგომარეობას (როდესაც უკვე ვ. ი-ე გამოდის აცრის ოთახიდან და ტოვებს კლინიკას) საკასაციო სასამართლოს მოწმეთა (მათ შორის უდავოდ მიჩნეული თ. ვ-სა და ნ. კ-ს) ჩვენებებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმჟამად იყო დამაკმაყოფილებული და არ იკვეთებოდა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე.
17. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ვ. ი-ე, მ. ბ-ს აცრიდან 30 წუთის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ დატოვა კლინიკის ტერიტორია. გარდა ამისა, მ. ბ-ე დაყოვნების ოთახში უმეთვალყურეოდ არ დარჩენილა, როდესაც უკვე ცუდად გახდა და დაეწყო შეტევა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილეს თ. გ-მა, ნ. კ-მ, ბ. ლ-მა და უკვე შემდგომ მისულმა გ. ა-მა, რომლებმაც მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყეს და მ. ბ-ს გაუწიეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამდენად, მ. ბ-ე ყურადღების გარეშე არ დაუტოვებიათ და იგი იყო მუდმივად კონტროლის ქვეშ.
18. მოწმე ნ. კ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2021 წლის 18 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, შეიარა კოვიდ ვაქცინაციის კაბინეტში, დაყოვნების სივრცეში, სადაც დახვდა მ. ბ-ე, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა კოვიდ ვაქცინა და იყო დაკვირვების ქვეშ. დაყოვნების ოთახში ასევე იყვნენ ამცრელი ექთანი თ. გ-ი, ს. ი-ე, ასევე მალევე ოთახში შევიდა რეანიმაციის უმცროსი ექიმი ბ. ლ-ი. დაკვირვებისას მ-ს შეეკითხა, თუ როგორ გრძნობდა თავს, რაზეც უპასუხა, რომ თავს გრძნობდა კარგად. იგი გაჩერდა ოთახში და საუბრობდნენ. სარეგისტრაციო ოთახი ასევე იყო ტელეკომპანია მეცხრე არხის ჟურნალისტი, რომელმაც შესთავაზა ჩაწერა. მისი მისვლიდან დაახლოებით 4-5 წუთის გასვლის შემდეგ მ-მ თქვა, რომ ყელში შიგნიდან გრძნობდა მცირედით ქავილი, რის გამოც მას ბ. ლ-მა უთხრა, რომ წამოწოლილიყო პრევენციის მიზნით იქვე განთავსებულ სამედიცინო საწოლზე. მ. ბ-ე თავისით დაწვა სამედიცინო დანიშნულების საწოლზე. ამის შემდეგ ბ. ლ-მა გადაწყვიტა, რომ მისთვის გაეკეთებინა კათეტერი, რომლის მეშვეობითაც მოახდენდა მედიკამეტებით მკურნალობას. მან ვერ მოახერხა მარცხენა ხელის ვენაში კათეტერის ჩადგმა, ვინაიდან ვენა გასკდა, რის შემდეგადაც პირადად ჩაუდგა მ-ს მარჯვენა ხელის ვენაში კათეტერი და ამაგრებდა მას, შემდეგ კი ბ-მ მიაწოდა უკვე ამპულიდან შპრიცით ამოღებული დექსამეტაზონი და მეორე შპრიცით - დიმედროლი, რომელიც გაუკეთდა მ-ს. შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარით დაიწყეს გადასახმა. დექსამეტაზონი და დიმედროლი პირადად მ-ის ორგანიზმი შეუშვა კათეტერის მეშვეობით. ხსენებული პრეპარატების მიღების შემდეგ მ-იმ თქვა, რომ იყო უკეთ და არაფერი სჭირდა. როცა დარწმუნდა, რომ მ-ს დახმარება აღარ სჭირდებოდა, გავიდა გვერდით რეგისტრაციის ოთახში, ხოლო დაყოვნების ოთახში დარჩნენ ბ. ლ-ი, ს. ი-ე, თ. გ-ი. წამლების მიღებიდან რამოდენიმე წუთში, როდესაც მ. ბ-ე ისევ იწვა სამედიცინო საწოლზე, მას მოულოდნელად დაეწყო ღებინება, აპირებდა ოთახიდან გასვლას, მაგრამ აღარ გავიდა, ღებინების დროს კი მას დაეწყო კრუნჩხვები. ბ. ლ-მა უთხრა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ასულიყო და ჩამოეტანა პრეპარატი დიაზეპამი. თ. შ-მ გადასცა დიაზეპამი და მაშინვე ჩამოუტანა, მალევე დაუდგეს იქვე განთავსებული მონიტორები ვითარებაში სრულად გასარკვევად. ამ დროს ბ. ამბუს პარკის მეშვეობით მ-ს აწვდიდა ჟანგბადს. რამდენიმე წუთში ოთახში სწრაფად შევიდა რეანიმატოლოგი გ. ა-ი, რომელმაც დაიწყო მ. ბ-სათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მოითხოვა საკაცე, რადგან საჭირო იყო მ-ს რეანიმაციულ განყოფილებაში ტრანსპორტირება, მ. გადააწვინეს საკაცეზე და გ-მ გააგრძელა მისი სამედიცინო დახმარება.
19. ამდენად, მოწმეების - გ. ა-სა და ბ. ლ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ ყველაფერი იღონეს (ჩაუტარდა ყველა სამედიცინო მანიპულაცია) მ. ბ-სთან მიმართებით და გაეწია აუცილებელი სამედიცინო დამხარება. პირველადი ალერგიული რეაქციის დროს გაკეთდა ანტიფისტამინები, სუპრასტინი და დექსამეტაზონი. ანაფილაქსიის ტალღის შემდეგ გაუკეთდა ადრენალინი. მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლის მიხედვით, ნებისმიერ ალერგიულ რეაქციაზე (სიწითლეზეც) უნდა გაკეთდეს ადრენალინი, პრაქტიკაში მსგავსად არ ხდება. შესაძლოა, აღნიშნულით გამოწვეულიყო თრომბოზი, ტახიკარდია და სხვა. შესაბამისად, სანამ სიმპტომები არ შეჯამდა, არ მიიჩნევა საჭიროდ ადრენალინის გაკეთება. ბ. ლ-ს განმარტებით, როდესაც მ. ბ-ის მდგომარეობა დამძიმდა, ვ. ი-ც იქ რომ ყოფილიყო, მაინც რეანიმატოლოგს მიმართავდნენ დასახმარებლად.
20. ეს გარემოება ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ალერგოლოგ-ექსპერტმა ბ. ჩ-მ, რომლის ჩვენებით, ყველა სამედიცინო ჩარევა (მანიპულაცია) მ. ბ-ის მიმართ, იყო გამართლებული. იმ ფონზე, რომ პაციენტს არ მიუთითებია, რომ რამეზე ჰქონდა ალერგია, თავდაპირველად ჰქონდა ნორმალური პულსაცია და წნევა, მისი სიწითლე არ მიუთითებდა ანაფილაქსიურ შოკზე. შესაბამისად მკურნალობა დაეწყო ალერგიის აღმოსაფხვრელად. მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გაუკეთდა ადრენალინი. მანვე განმარტა, ვ. ი-ს ადგილზე ყოფნის შემთხვევაშიც, პაციენტი ვერ გადარჩებოდა.
21. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის - ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებისათვის - გათვალისწინებული სამართლებრივი შემადგენლობა. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე განზრახვას გულისხმობს. მედიცინის მუშაკს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ავადმყოფი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საპატიო მიზეზის გარეშე არ უწევს მას დახმარებას.
22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მაშინ როდესაც ვ. ი-ე იმყოფებოდა პაციენტთან (პროტოკოლით გათვალისწინებული დროის განმავლობაში), იგი არ იყო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. მას ჰქონდა მცირე ქავილი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ალერგიულ რეაქციაზე, თუმცა ანაფილაქსია არ იყო განვითარებული თავდაპირველად, რადგან მას არ ჰქონია ანაფილაქსიური შოკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტახიკარდია, წნევის ცვლილება). ხოლო მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, გაეწია აუცილებელი სამედიცინო დახმარება იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
23. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
24. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ვ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ალიკა დვალიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განაჩენზე ვ. ი-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი