¹ 3კ/410-01 11 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ნ-ძე 1941 წლიდან 1972 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის განყოფილებაში, ამ ორგანოდან გავიდა პენსიაზე. ამჟამად იგი არის 80 წლის, აქვს ინვალიდობის მეორე ჯგუფი, გათანაბრებულია სამამულო ომის მონაწილესთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული აქვს პენსია 105 ლარის ოდენობით. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. ნ-ძემ მიმართა ქუთაისის მაშინდელ სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას, მეორე სახეობის პენსიის (14 ლარი) დანიშვნის თაობაზე, რომელსაც იღებდა 1997 წლის 22 ივნისიდან 1999 წლის მაისამდე. მას პენსია შეუწყდა სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ა. ძ-შვილის განკარგულებით. პენსიის დანიშვნაზე მას უარი უთხრეს. ვ. ნ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ყოველთვიურად მეორე სახის პენსიის _ 14 ლარის დანიშვნა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კანონის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მე-60 მუხლში მითითებულია, რომ ომის ინვალიდებს ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის _ ერთდროულად მიღების უფლება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ იგი შს სამინისტროდან ღებულობს პენსიას წელთა ნამსახურობის მიხედვით, ამასთან არის II ჯგუფის ინვალიდი საერთო დაავადებით და არა ომის ინვალიდი. აქედან გამომდინარე, ვ. ნ-ძე შს სამინისტროდან, რომ იღებდეს ომის ინვალიდობის პენსიას, მაშინ მას ექნებოდა მეორე პენსიის მიღების უფლება.
ვ. ნ-ძემ უკანონოდ მიიჩნია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განჩინებით ვ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით: “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ორი სახეობის პენსიის დასანიშნ პირს უკვე დანიშნული უნდა ჰქონდეს და იღებდეს პენსიას ომის ინვალიდობის მიხედვით. ამის შემდეგ დაენიშნება მას მეორე სახეობის პენსია. საქმეშია საქართველოს შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვ. დ-იასა და საპენსიო განყოფილების უფროსი ლ. ს-შვილის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ვ. ნ-ძე შს სამინისტროდან ნამდვილად იღებს პენსიას წელთა ნამსახურობით, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და გათანაბრებულია სამამულო ომის მონაწილესთან.
ვ. ნ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მას არასწორად შეუწყვიტეს პენსია, დაირღვა ხსენებული კანონის 58-ე მუხლი, რომელიც შეეხება პენსიის შეწყვეტას; მას უსაფუძვლოდ და უკანონოდ უთხრეს უარი პენსიის დანიშვნაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ვ. ნ-ძე მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. იგი ამჟამად იღებს პენსიას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წელთა ნამსახურობით, არის II ჯგუფის ინვალიდი და გათანაბრებულია სამამულო ომის მონაწილეებთან. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიმართ და მოითხოვა ომის ინვალიდობის მიხედვით მეორე პენსიის დანიშვნა. მისი სარჩელის საფუძველს წარმოადგენს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი. ამ მუხლის თანახმად, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი (ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები), ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ვ. ნ-ძეს აქვს უფლება, რომ ამ კანონის საფუძველზე მიიღოს ორი სახეობის პენსია, კერძოდ, იგი არის სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი, 75-ზე მეტი წლის და მეორე ჯგუფის ინვალიდი, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ ეს პირობები არ არის საკმარისი ორი სახეობის პენსიის დასანიშნად. სასამართლომ კანონის იმპერატიულ მოთხოვნად ჩათვალა ზემოაღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში ასევე პირს უკვე დანიშნული უნდა ჰქონდეს და ღებულობდეს კიდეც პენსიას ომის ინვალიდობის მიხედვით. ამის შემდეგ შეიძლება დაენიშნოს პირს მეორე სახეობის პენსია _ მოხუცებულობის გამო სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდიდან. სააპელაციო პალატის ამგვარ მტკიცებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში არ არის მითითებული, რომ ორი სახეობის პენსიის უფლების მქონე პირს ჯერ უნდა დანიშნული ჰქონდეს და ღებულობდეს კიდეც ომის ინვალიდობის პენსიას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაენიშნოს მას მოხუცებულობის გამო მეორე სახის პენსია. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნულია, რომ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას პირს ეძლევა ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის), ერთდროულად მიღების უფლება. ამდენად, აქ კანონი მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პირისათვის დასანიშნი პენსიის სახეებზე – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის), რაც არ ნიშნავს იმას, რომ სავალდებულოა ჯერ ერთი სახის – ომის ინვალიდობის პენსიის დანიშვნა და შემდეგ მეორე სახის – მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული კანონის მე-60 მუხლი და არასწორად უთხრა უარი ვ. ნ-ძეს მეორე სახის პენსიის დანიშვნაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
ვინაიდან ვ. ნ-ძისათვის მეორე სახის პენსიის ოდენობის დასადგენად საჭიროა მტკიცებულებების გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო პალატას მოცემულ საქმეზე არ გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება და ხელახლა განხილვისათვის საქმეს აბრუნებს იმავე პალატაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.