Facebook Twitter

საქმე N 190100123007962057

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №826აპ-25 ქ. თბილისი

ა–ი მ., 826აპ-25 18 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ა–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მ. ა–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü უკანასკნელი თვეების განმავლობაში, შ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე საცხოვრებელში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ. ა–მა მეუღლეს – მ. ა–ას, სახლის გაყიდვასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: 2023 წლის 17 ივნისს, 2023 წლის 10 ივლისიდან – 11 ივლისამდე პერიოდში, 2023 წლის 3 აგვისტოსა და 2023 წლის 20 აგვისტოს. ფიზიკური ძალადობის ბოლო შემთხვევა მოხდა 2023 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, იმავე საცხოვრებელში, როდესაც მ. ა–მა მეუღლეს – მ. ა–ას გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. მ. ა–ის მიერ ჩადენილი, ზემოხსენებული სისტემატური ქმედებების შედეგად, მ. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

ü 2023 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, შ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე საცხოვრებელში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ. ა–მა მეუღლეს – მ. ა–ას, სახლის გაყიდვასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით მ. ა–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა მ. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

მ. ა–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. ა–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ცვლილებას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; დაზარალებულ მ. ა–ასა და მოწმე ჟ. ა–ას მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა მ. ა–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

9. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1​2-ელი ნაწილით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ, შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას – ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებებს მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა თუ არა მუქარა. შიშის განცდა სუბიექტური აღქმაა, თუმცა, შესაძლებელია, იგი დასტურდებოდეს სხვა ობიექტური გარემოებებით, ასევე – მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის მსჯავრდებას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებაც.

11. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა – მ. ა–ამ (გამართლებულის მეუღლე) და მოწმემ ჟ. ა–ამ (გამართლებულის შვილი) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის – მ. ა–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამავე დროს, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მათ სასამართლოში არ დაადასტურეს.

12. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება წარდგენილი ბრალდება, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაზარალებულ – მ. ა–ასა და მოწმე ჟ. ა–ას მიერ მ. ა–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, შეაფასებს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რამდენად საკმარისია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა შესახებაც საკასაციო საჩივარში აპელირებს, ვერ დგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი მ. ა–ის მხრიდან მ. ა–ას მიმართ სისტემატურ ძალადობას ან მუქარას, დადებით შემთხვევაში, როდის, რით გამოიხატა და დაზარალებულმა განიცადა თუ არა ძალადობის შედეგად ტანჯვა, ხოლო მუქარის გამო – საფუძვლიანი შიში.

16. ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დადგინდებოდა მ. ა–ის მიერ დაზარალებულზე დროის სხვადასხვა პერიოდში ფიზიკური ძალადობისა, თუ მუქარის ფაქტების რეალობა, დაზარალებულის ვიზუალური, ემოციური მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია; დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმით, ირკვევა, რომ 2023 წლის 2 სექტემბერს, 20:43:55 საათზე, შეტყობინების ინიციატორმა – მ. ა–მ დარეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში. შეტყობინებაში შენიშვნის სახით მითითებულია შემდეგი: ,,ინიციატორის გადმოცემით, მ. ა–ს (სხვა პიროვნებას, იმავე სახელითა და გვარით) ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლე, სასწრაფოზე უარს აცხადებენ, ცხოვრობენ მეზობლად”. შესაბამისად, შეტყობინების ოქმით, დგინდება, რომ მისი ინიციატორი არ არის დაზარალებული, ხოლო ის პირი, რომელმაც 112-ში დარეკა და, რომელსაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია სცოდნოდა და მიეწოდებინა გამოძიებისათვის, გამოძიებას არ დაუდგენია; მ. ა–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გამოცემულ N..... შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმში, მართალია, მითითებულია, რომ 2023 წლის 2 სექტემბერს, მ. ა–მა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი, როგორც მითითებულ დღეს, სავარაუდოდ, ფიზიკური ძალადობისას ტკივილის განცდის, ასევე – სხვა დროს ჩადენილ ფიზიკურ ძალადობებზე და შედეგად განცდილ ფიზიკურ ტანჯვაზეც. ამასთან, გრაფაში, ფიზიკურად იძალადა თუ არა მოძალადემ, მ. ა–ა დადებითად პასუხობს, მაგრამ კვლავ მხოლოდ ერთ ეპიზოდზეა მითითება, რა დროსაც, მ. ა–მა გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. ამასთან, მხოლოდ შემკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებული ინფორმაცია, როდესაც სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

17. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო, მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ ადასტურებს მ. ა–ის ბრალეულობას, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე