Facebook Twitter

საქმე N 190100124010707083

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №824აპ-25 ქ. თბილისი

ა–ე ზ., 824აპ-25 22 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ა–ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 25 ნოემბერს, ქ. რ–ში, ........ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საღამოს საათებში, ნასვამი ზ. ა–ე იქცეოდა აგრესიულად, ყვიროდა ხმამაღლა და აქეთ-იქით ისვრიდა სახლში არსებულ ნივთებს. ზ. ა–ემ ასევე გაისროლა მის საკუთრებაში არსებული სანადირო იარაღიდან. გასროლილი ტყვია მოხვდა თავისი საძინებელი ოთახის კედელს, ხოლო როდესაც მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ მის დამშვიდებას, მან დედას – ლ. ა–ეს და ძმას ა. ა–ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც, მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის განაჩენით ზ. ა–ე, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ზ. ა–ეს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლევან კლდიაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ა–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ზ. ა–ის ბრალეულობა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ზ. ა–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

9. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ბრალის ფორმის მიხედვით, მითითებული დანაშაული განზრახია. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ზ. ა–ის ქმედებაში, ერთი მხრივ, არ დასტურდება ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობის განზრახვის არსებობის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე არ დასტურდება მისი ქმედებების შედეგად, დაზარალებულებში ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ფაქტებიც, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასადავოობაზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის − დაზარალებულების ლ. ა–ისა და ა. ა–ის გამოკითხვის ოქმები – მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

12. დაზარალებულების − ლ. ა–ისა და ა. ა–ის გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ზ. ა–ეს 2024 წლის 25 ნოემბერს არ ჰქონდა მათზე ფიზიკური ძალადობის განზრახვა, კერძოდ, დაზარალებულ ლ. ა–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ზ. ა–ემ მას გულმკერდის არეში ორივე ხელი ჰკრა არა მასზე ფიზიკური ძალადობის, არამედ − მისი თავიდან მოცილების მიზნით, ვინაიდან იგი ცდილობდა ზ. ა–ის დამშვიდებას, რომელიც იქცეოდა აგრესიულად და სახლში ამტვრევდა ნივთებს. ა. ა–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მას ზ. ა–ის მიერ გაქნეული ხელი სახისა და ტანის არეში მოხვდა მაშინ, როდესაც ცდილობდა ზ. ა–ის გაკავებას, ხოლო ზურაბი მისი თავიდან მოცილების მიზნით იქნევდა ხელებს. გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმში ორივე დაზარალებული ცალსახად უთითებს, რომ ზ. ა–ის ქმედებების შედეგად, არცერთ მათგანს ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტიც არ დასტურდება არც სუბიექტური და არც ობიექტური კრიტერიუმებით. ამასთან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ზ. ა–ის ქმედებაში არ იკვეთება ოჯახის წევრებზე ძალადობის განზრახვაც.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო, მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ზ. ა–ის ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე