საქმე N 140100124008917286
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№837აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი
ე. გ., 837აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების – გ. ე–ისა და დ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, გ. ე–ი, – დაბადებული 19..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. დ. ი–ე, – დაბადებული 19.. ., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2000-ლარიანი ჯარიმა და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ე–მა და დ. ი–ემ ჩაიდინეს: ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით და განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2024 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით, 16:00 საათზე, გ. ე–მა და დ. ი–ემ, წინასწარი შეთანხმებით, ქ. გ–ში, ...... ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ქ–ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცეს – 37000 ლარად ღირებული ავტომანქანა – „ვოლკსვაგენ ატლასი“ (სახელმწიფო ნომრით .....), რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. ე–ი, 2024 წლის 3 თებერვალს, ....... ავტომაგისტრალზე, პირადად ატარებდა ცივ იარაღს, ქარხნული წესით დამზადებულ, დასაკეც დანას.
2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი დ. ი–ე, 2024 წლის 3 თებერვალს, ..... ავტომაგისტრალზე პირადად ატარებდა ცივ იარაღს, ქარხნული წესით დამზადებულ დასაკეც დანას.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ე–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – რ. გ–მ და მსჯავრდებულ დ. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ქ–ამ. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში, გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – გ. ე–ისა და დ. ი–ის – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ქ–ამ, რომელიც ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ არცერთი მტკიცებულებით, რომელიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, უტყუარად არ დასტურდება გ. ე–ისა და დ. ი–ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მსჯავრდებულების მითითება, რომ მათ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი არ ჰქონიათ, არამედ – დაზარალებულთან შეთანხმებით წაიყვანეს მისი ავტომანქანა, რათა ეჩვენებინათ კლიენტისათვის. დ. ი–ე და დაზარალებული დ. ქ–ი სწავლობდნენ ერთ სკოლაში, რამაც განაპირობა მათ შორის ნდობის არსებობა. იმავდროულად, თავად დაზარალებულმაც გამორიცხა მსჯავრდებულების ბრალეულობა, როდესაც ჩვენების მიცემისას განაცხადა, „ვერ ვიტყვი, რომ ავტომანქანა გამტაცესო.“ მოწმეების: ზაზა და ნიკოლოზ წაქაძეების, ისევე, როგორც – დ. ბ–ს ჩვენებები, გ. ე–ისა და დ. ი–ისათვის ბრალადშერაცხილი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით – ირიბია და შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება გ. მ–თან გასაუბრების ოქმს, აღსანიშნავია, რომ ვერც ეს სამხილი მიიჩნევა უტყუარად, რამეთუ გასაუბრებისას სამართალდამცავებს არ გაუფრთხილებიათ იგი არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებით – ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ოდოროლოგიური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებითა და ამოცნობის ოქმებით – გ. ე–ისა და დ. ი–ის ბრალეულობა არ დასტურდება, რამეთუ დ. ქ–თან სატელეფონო გასაუბრებას, შეხვედრასა და ავტომანქანის სალონში ყოფნას, არც თავად მსჯავრდებულები უარყოფენ, თუმცა ისინი ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდნენ დ. ქ–ს, რომლის თანხმობით წაიყვანეს ავტომანქანა, რაც არ მოეწონათ დაზარალებულის მეწილეებს და ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავებს.
6. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბარბარა ჩხეიძე საკასაციო შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულების – გ. ე–ისა და დ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ–ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განაჩენის უცვლელად დაოვებას.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა გ. ე–ისა და დ. ი–ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – ჯგუფური ძარცვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
10. უპირველესად აღსანიშნავია, რომ მხარეები თანხმდებიან, რომ შემთხვევის დღეს მსჯავრდებულები მართლაც დაუკავშირდნენ და შეხვდნენ დაზარალებულ დ. ქ–ს, რომელმაც მათ ქ. გ–ი, ..... ქუჩაზე აჩვენა მათ გასაყიდი ავტომანქანა. სადავო არც ის გარემოება გამხდარა, რომ ამ შეხვედრის შემდგომ სამართალდამცავებმა ...........ის ავტომაგისტრალზე დააკავეს გ. ე–ი და დ. ი–ე, რომლებიც მოძრაობდნენ დ. ქ–ის ავტომანქანით.
11. დაცვის მხარის მტკიცებით, გ. ე–სა და დ. ი–ეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დ. ქ–ის ავტომანქანა არ გაუტაციათ, არამედ – დაზარალებულთან შეთანხმებით წაიყვანეს იგი, რათა პოტენციური კლიენტისათვის ეჩვენებინათ, ხოლო ბრალდების მხარის მითითებით, მსჯავრედებულებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცეს ავტომანქანა დ. ქ–ს, რითაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენეს მას.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
13. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ დ. ქ–ის მამხილებელი ჩვენება, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, რამეთუ, ერთი მხრივ, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც დეტალურად იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილა დაზარალებულს ცრუდ, ესოდენ მძიმე დანაშაულში, მსჯავდებულები, რომელთა მიმართაც დ. ქ–ის არანაირი პირადი ინტერესი არ გამოკვეთილა. აღსანიშნავია, რომ დ. ქ–ის ჩვენება – რომ გასაყიდი ავტომანქანით სატესტო სვლის შემდეგ გ. ე–მა და დ. ი–ემ, მისი ნებართვის გარეშე, წაიყვანეს მისი ავტომანქანა, იგი ცდილობდა მსჯავრებულებთან დაკავშირებას, თუმცა ამაოდ – თანხვდენილია ნეიტრალური მოწმე .. ბ–ის ჩვენებასთან, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი და შემთხვევის დღეს, დაზარალებულთან შესახვედრად მიიყვანა სწორედ გ. ე–ი და დ. ი–ე. ამ მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ავტომანქანის ვიზუალური შემოწმებისა და სატესტო სვლის შემდეგ, როდესაც დაზარალებული გადმოვიდა ავტომანქანიდან, მსჯავრდებულებმა განაგრძეს გზა. ამის კვალდაკვალ, გ. ქ–ი იყო გაოგნებული და გაბრაზებული, არ იცოდა, რატომ წაიყვანეს გ. ე–მა და დ. ი–ემ მისი ავტომანქანა; მოწმეების სახით დაკითხულმა ნ. და ზ. წ–ებმა, რომლებთან ერთადაც ჰყავდა შეძენილი გატაცებული ავტომნაქანა დ. ქ–ს, დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე ნახეს დაზარალებული, რომელსაც ცოტა ხნით ადრე გასტაცეს ავტომნაქანა, რის გამოც იყო აღელვებული და კანკალებდა. ნ. წ–მ დარეკა „112-ში“ და შეატყობინა მომხდარის თაობაზე. მანვე მიიღო სატელეფონო შეტყობინება, რომ გატაცებული ავტომანქანა სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმდა ........ს მაგისტრალის 32-ე კილომეტრზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოსდა, დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულებმა გასტაცეს ავტომანქანა, რამეთუ ამგვარი მტკიცება ცალსახად არ გამომდინარეობს მისი მონათხრობის ობიექტური შეფასებიდან. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად უარყო დაცვის მხარის ვერსია, დ. ი–ისა და დ. ქ–ის ნაცნობობის თაობაზე, რამაც თითქოსდა განაპირობა მათ შორის ნდობის არსებობა, რამეთუ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული შესაძლოა, ერთსა და იმავე სკოლაში სწავლობდნენ, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ მათ რაიმე სახის ნაცნობობა ან ახლობლობა აკავშირებდათ ერთმანეთთან, მით უფრო, როდესაც დ. ქ–სა და დ. ი–ეს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ე–ისა და დ. ი–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერია და არ არსებობს მსჯავრდების ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – გ. ე–ისა და დ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე