Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ/419-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი: სარჩელში – ბინიდან გამოსახლება; შეგებებულ სარჩელში - მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ა-იამ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე მათი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ჩაუწერავად მცხოვრები პირების: ნ., ლ., ლა. დ-შვილი-გ-იასა და თ. გ-იას გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ მან 1995 წლის 14 ივნისს საკუთრების უფლებით შეიძინა ... მდებარე ბინა. აღნიშნული ბინის ¹ 8 ოთახში 4-5 წელია ჩაწერის გარეშე ცხოვრობენ ცოლ-ქმარი გ-იები, ხოლო ¹ 12 ოთახში ნ. ლ-ხი.

მოპასუხეებმა წარადგინეს შეგებებული სარჩელები;

მოსარჩელე ნ. ლ-ხმა მოითხოვა ... მდებარე 8 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახის დედის ქ. ქ-ძის საკუთრებად, ხოლო მისი ამ უკანასკნელის მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ 1932 წლის 27 მაისის შინაურული ხელწერილით აღნიშნული ოთახი დედამისმა ქ. ქ-ძემ და ბიძამ ვ. ქ-ძემ შეიძინეს სახლის მაშინდელი მესაკუთრე მ. გ-ოვასაგან.

ლა. დ-შვილ-გ-იამ და თ. გ-იამ შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ... მდებარე სახლის I სართულზე 12 კვ.მ. ოთახის მესაკუთრეებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ შინაურული ხელწერილის საფუძველზე აღნიშნული ოთახი 1995 წლის 25 მაისს იყიდეს სახლის იმდროინდელი მესაკუთრე ნ. ბ-იანისგან.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ნ. ლ-ხმა, ისე ლა. დ-შვილ-გ-იამ. თბილისის საოლქო სასაამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ა-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ლა. დ-შვილი-გ-ია ცნობილ იქნა ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 12 კვ.მ. ოთახის ფართის მესაკუთრედ, ხოლო ნ. ლ-ხი ცნობილ იქნა ქ. ქ-ძის მემკვიდრედ და ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 8 და 5 კვ.მ. ფართის ოთახის მესაკუთრედ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლის შესაბამისად ლ. დ-შვილი და ნ. ლ-ხი ცნობილ უნდა იქნენ სადავო ფართის მესაკუთრეებად, ვინაიდან ნ. ლ-ხის დედამ, რომლის მემკვიდრეა აპელანტი ნ. ლ-ხი, სახლის ადრინდელი მესაკუთრისაგან შეისყიდა სადავო ფართი შინაურული გარიგების საფუძველზე, ხოლო ლა. დ-შვილ-გ-იამ, ასევე, ყოფილი მესაკუთრე თ. ბ-იანისაგან შეისყიდა შინაურული წესით სადავო ფართი ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ გაუფორმებია.

კასატორი რ. ა-ია მოითხოვს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ... ჩაწერის გარეშე მცხოვრები პირები იყვნენ მდგმურები, იხდიდნენ ბინის ქირას წლების მანძილზე, ამდენად მათ ცნობა მესაკუთრეებად უკანონოა. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლს ისე, რომ არ მიუთითა, აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილი ჰქონდა მხედველობაში, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების მიღებისას სწორად გამოიყენა საქართველოს კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვენ, მაგრამ არასწორად განმარტა ამ კანონის ზოგიერთი ნორმა. კერძოდ, მიიჩნია რა ქ. ქ-ძეს, ვ. ქ-ძეს და მ. გ-ოვას შორის 1932 წლის მაისში გაფორმებული ბინის ნასყიდობის გარიგება, ასევე, ნ. ბ-იანსა და ლა. დ-შვილ-გ-იას შორის 1995 წლის მაისში გაფორმებული შინაურული ხელწერილი ზემოაღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წერილობით დოკუმენტად, რომელიც აღიარებს მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოცემული კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილი მხარეებად გულისხმობს ხელშეკრულების მხარეებს და არა მხოლოდ საპროცესო მხარეებს: რ. ა-ია _ სადავო სახლის ახლანდელი მესაკუთრე ხელშეკრულების მხარე არ არის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ... მდებარე საცხოვრებელი სახლი არაერთხელ იქნა გასხვისებული და სხვადასხვა პერიოდში სახლის მესაკუთრეები იყვნენ გ-ოვი, ს-ძე, მ-იანი, ბ-იანი, დ-ძე და რ. ა-ია. ეს უკანასკნელი 1995 წლის 1 ნოემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა სახლის მესაკუთრედ. საცხოვრებელ სახლში დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე მცხოვრები პირებიც არ ხდიან სადავოდ მის მესაკუთრეობას: ამდენად, რ. ა-იამ იცოდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამსხვისებელი დ-ძე იყო ბინის მესაკუთრე, ხოლო თავად კეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრე გახდა კანონის სრული დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას დაარღვია სამართლის ნორმა, არასწორად განმარტა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რაც საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები შეკრებილია საპროცესო ნორმების დაცვით, მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საჭირო არ არის და შესაძლებელია საკასაციო სასამართლომ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, რომ წერილობითი დოკუმენტი სახლის ნასყიდობის შესახებ დაიდო სადავო სახლის დღევანდელ მესაკუთრე რ. ა-იასთან, რის გამოც არ არსებობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების მონაწილეთა მესაკუთრედ ცნობისა და შესაბამისად, მათი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის ურთიერთობაა. მართალია, დღეს მოდავე მხარეები არ ყოფილან და არც არიან ჩაწერილნი სადავო ფართში, მაგრამ ისინი მართლზომიერ საფუძველზე ახორციელებდნენ მათ მიერ დაკავებული ფართის ფლობას, იმ მესაკუთრეთა ნებართვით, რომლებიც საკუთრების უფლებით ფლობდნენ სახლს დათმობის წესით ფიზიკურ პირთა სარგებლობის განხორციელების პერიოდში; თვით კასატორი არ უარყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ და არიან მდგმურები.

პალატა თვლის, რომ რ. ა-იას სასარჩელო მოთხოვნა დ. ლ-ხისა და ლა. დ-შვილ-გ-იას ბინიდან გამოსახლების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის გათავისუფლებაზე, თუ მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ამ მუხლით განსაზღვრული ოდენობით ან მისცემს ამ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას.

საქმის მასალებში მტკიცებულება რ. ა-იას მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის სანაცვლო სადგომის გადაცემის ან ამ სადგომის ღირებულების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ არ არსებობს, რის გამოც არ შეიძლება დაკმაყოფილდეს რ. ა-იას სასარჩელო მოთხოვნა

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

რ. ა-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტვილება.

რ. ა-იას სარჩელი ნ. ლ-ხისა და ლა. დ-შვილი-გ-იას გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

ნ. ლ-ხისა და ლ. დ-შვილი-გ-იას შეგებებული სარჩელები მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს.

რ. ა-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი-40 ლარი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.