Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ/420 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: სამკვიდრო სახლის იდეალური წილების გაყოფის შესახებ (ძირითადი სარჩელი), თანამესაკუთრედ ცნობა (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი :

თბილისში ... მდებარე სახლი აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილ ვა. გ-ძის სახელზე. მას ჰყავდა მეუღლე და ორი ქალიშვილი: ვ. გ-ძე და ე. გ-ძე. 1986 წელს გარდაიცვალა ვა. გ-ძის მეუღლე. 1990 წლის მაისში გარდაიცვალა თვითონ ვა. გ-ძე. გარდაცვალებამდე, 1990 წლის თებერვალში, თავის სახელზე რიცხული სახლის ნახევარი უანდერძა თავის შვილიშვილს – ვ. გ-ძის ვაჟს ვარ. გ-ძეს. 1990 წლის 21 დეკემბერს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სადავო სახლის ნახევარზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა ვარ. გ-ძე, ხოლო სახლის 4/4-ზე, კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე, მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი დედა ვ. გ-ძე. 1991 წლის მარტში დედა-შვილმა ვ. და ვარ. გ-ძეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სადავო სახლიდან მათთვის იდეალური წილის გამოყოფა. სასამართლოს მიმართა, ასევე, ე. გ-ძემ და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სახლის ნახევრის თანაამშენებლად, ხოლო ნახევრის ამშენებლად ცნობა, მოსარჩელეებისათვის (ძირითად სახლზე) კომპენსაციის გადახდა და მთელი სახლის მესაკუთრედ ცნობა.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი ცნობილ იქნა მესაკუთრედ თბილისში, ... მდებარე სახლის 7/18 (30,66 კვ.მ) იდალურ წილზე, მაგრამ უარი ეთქვა სარჩელზე, საოჯახო მოწყობილობებისა და საყოფაცხოვრებო საგნების გაყოფის შესახებ. დაკმაყოფილდა ვარ. გ-ძის სარჩელი. იგი ცნობილ იქნა სადავო სახლის 4/18 (17,52 კვ.მ.) ნაწილის მესაკუთრედ. მასვე მიეკუთვნა ავტოფარეხის ნაწილი. ე. გ-ძეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და იგი ცნობილ იქნა სადავო სახლის 7/18 (30,66 კვ.მ) ნაწილის მესაკუთრედ, მასვე მიეკუთვნა ავტოფარეხის ნაწილი.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. და ვარ. გ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ვარ. გ-ძე ცნობილ იქნა ვა. გ-ძის სამკვიდრო ქონების, სადავო სახლის, მემკვიდრედ ½1/2 ნაწილში (ანუ მთლიანი სახლის 1/4¼ნაწილზე), ვ. გ-ძე ცნობილ იქნა ვა. გ-ძის სამკვიდრო ქონების (სადავო სახლის) 1/4¼-ის კანონიერ მემკვიდრედ (ანუ მთლიანი სახლის 1/8 ნაწილის). ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. გ-ძის შეგებებული სარჩელი. იგი ცნობილ იქნა ვა. გ-ძესთან ერთად სადავო სახლის თანაამშენებლად და თანამესაკუთრედ თანაბარ წილში (ანუ მთელი სახლის 1/2½ნაწილში). მასვე მიეკუთვნა სადავო სახლის საოჯახო მოწყობილობა და საცხოვრებელი საგნები. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. გ-ძემ მამასთან – ვა. გ-ძესთან ერთად ააშენა სადავო სახლი და იგი ჩათვალა სახლის ნახევრის მესაკუთრედ. ამდენად, მიიჩნია, რომ ვა. გ-ძის დანაშთ ქონებას წარმოადგენს სახლის ნახევარი და აქედან გამომდინარე გაუნაწილა წილები მოსარჩელეებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი. ცვლილებები შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაში შემდეგნაირად: ვარ. და ვ. გ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვარ. გ-ძეს გამოეყო თბილისში, ... მდებარე სახლის 3/8 იდეალური წილი, ხოლო ვ. გ-ძეს – 3/16 ნაწილი. არ დაკმაყოფილდა ე. გ-ძის სარჩელი სახლის ნახევრის თანაამშენებლად და ნახევრის ამშენებლად ცნობის შესახებ. ე. გ-ძეს გამოეყო სახლის 7/16 ნაწილი. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მესამე პირმა ვ. პ-შვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა განცხადება ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს 2001 წლის 5 იანვრის განჩინებით ამავე პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და განახლდა საქმის წარმოება.

საკასაციო საჩივარში ვ. გ-ძე ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას ისე, რომ უარი ეთქვას ე. გ-ძეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და სახლის თანამესაკუთრედ ცნობაზე, მიეცეს მას მხოლოდ სახლის 7/18 (30,66 კვ.მ.) ნაწილი.

ე. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას ისე, რომ იგი ცნობილ იქნეს სახლის ნახევრის თანაამშენებლად, ხოლო ნახევრის - ამშენებლად და მიეკუთვნოს სახლის 39/40 ნაწილი (64,9 კვ.მ).

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები და თვლის რომ, ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით შეიცვალოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ 1953 წელს სადავო სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი გამოეყო ვა. გ-ძეს. სახლის მშენებლობის პროექტი გაიცა 1954 წელს თბილისის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ აწ გარდაცვლილ ვა. გ-ძის სახელზე და სახლი ტექინვენტარიზაციის ბიუროში აშენების დღიდან დღემდე ირიცხება მის სახელზე. არც ერთ ხსენებულ დოკუმენტში ე. გ-ძის სახელი, როგორც თანამესაკუთრის, არ ფიგურირებს. სააპელაციო სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებებით და საშენი მასალის შეძენის ქვითრებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ სახლს მამასთან ერთად აშენებდა ე. გ-ძე, რის გამოც ჩათვალა იგი სახლის თანაამშენებლად და თანამესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, რადგან მოპასუხე ე. გ-ძე თავის შრომითა და სახსრებით მონაწილეობდა სახლის მშენებლობაში, ე.ი. არსებობდა შეთანხმება სახლის თანამესაკუთრეობაზე. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მსჯელობას, რადგან მოპასუხე ე. გ-ძეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის რაიმე მტკიცება, რომ არსებობდა შეთანხმება მას და მამამისს შორის სახლის თანასაკუთრებაზე. მით უფრო, რომ ვა. გ-ძე სახლს მხოლოდ თავის საკუთრებად თვლიდა, რაც საქმის მასალებით (ვ. გ-ძისათვის ვა. გ-ძის მიერ გაგზავნილი წერილებით) დასტურდება. მამის სიცოცხლეში ე. გ-ძეს არ განუცხადებია პრეტენზია სახლის თანამესაკუთრეობაზე, მშენებლობაში მონაწილეობა კი, თანასაკუთრებაზე შეთანხმების გარეშე, არ წარმოშობს უფლებას. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა ე. გ-ძესა და მამამის ვა. გ-ძეს შორის სახლის თანაამშენებლობის და თანამესაკუთრეობის შესახებ შეთანხმების არსებობა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს. ახალი გადაწყვეტილებით შემდეგნაირად უნდა განაწილდეს სადავო სახლში მხარეთა შორის იდეალური წილები: სახლი აშენდა 1954-67 წლებში ვა. გ-ძის მიერ. იმ პერიოდში ჰყავდა მეუღლე მ. გ-ძე, რომელიც გარდაიცვალა 1986 წელს. მ. გ-ძე ვა. გ-ძესთან ერთად იყო სადავო სახლის მესაკუთრე. ამდენად, მისი გარდაცვალების შემდეგ, სახლის ნახევარზე გაიხსნა მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 556-ე მუხლის თანახმად, ფაქტობრივი ცხოვრებით მიიღეს ვა. გ-ძემ და ე. გ-ძემ, თითოეულმა _ მთლიანი სახლის 1/4¼ ნაწილი. ამდენად, ვა. გ-ძე გახდა მთლიანი სახლის ¾3/4-ის მესაკუთრე. რადგან ვა. გ-ძემ მისი დანაშთი სახლის ნახევარი უანდერძა ვარ. გ-ძეს, ამ უკანასკნელს უნდა მიეცეს სახლის 3/8 იდეალური წილი. სახლის დარჩენილ 3/8 თანაბარ წილში კანონიერი მემკვიდრეები არიან ე. და ვ. გ-ძეები და აქედან გამომდინარე, თითოეულს უნდა მიეცეს 3/16 ნაწილი. ამდენად, ვ. გ-ძეს უნდა გამოეყოს საკუთრებაში სადავო სახლის 3/16 ნაწილი, ხოლო ე. გ-ძეს კი - 7/16 ნაწილი (3/16+1/4). დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

არ დაკმაყოფილდეს ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

დაკმაყოფილდეს ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

ცვლილებები შევიდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაში შემდეგნაირად:

ვარ. და ვ. გ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ვარ. გ-ძეს გამოეყოს ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 3/8 იდეალური წილი, ხოლო ვ. გ-ძეს - 3/16 ნაწილი.

არ დაკმაყოფილდეს ე. გ-ძის სარჩელი სახლის ნახევრის თანაამშენებლად და ნახევრის ამშენებლად ცნობის შესახებ.

ე. გ-ძეს გამოეყოს ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 7/16 ნაწილი.

გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.