გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-3-3(კ-06) 30 მაისი, 2006 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი, ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდა.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თავდაცვის სამინისტრომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე დ. მ-ვის თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 1458,49 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხემ 2002წ. 1 დეკემბერს გააფორმა კონტრაქტი ¹2235 თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონკურსო პირობებით შერჩეული სამხედრო მოსამსახურის შემდგომი აუცილებელი სამწლიანი დასაქმების შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი მოქმედების (3 წელი და 3 თვე) ვადა და ვადამდე შეწყვეტის პირობები. 2005წ. 6 მარტს ..... დ. მ-მა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე, დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. კონტრაქტის 7.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას ეკისრებოდა ვალდებულება, აენაზღაურებინა სწავლების პერიოდში (3 თვეში) მასზე დახარჯული თანხა. შესაბამისად, პირადი პატაკის საფუძველზე სამხედრო ნაწილის დატოვებით დ. მ-ის მიერ დაირღვა კონტრაქტის პირობები და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა _ თავდაცვის სამინისტრომ სსკ-ის 302–308-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვა საქმის გამარტივებული წესით განხილვა და კონტრაქტის 7.1 მუხლის პირობის დაცვით, დ. მ-ის თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ საწავლების პერიოდში მასზე დახარჯული თანხის ანაზღაურების დაკისრება, რაც ჯამში შეადგენს 1458,49 ლარს.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა და 2005წ. 27 ივლისის ბრძანებით მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დააკისრა აღნიშნული თანხის გადახდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს ბრძანება გააპროტესტა დ. მ-მა და მოითხოვა ბრძანების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
მას ჰყავს შრომისუუნაროMმშობლები და იგი წარმოადგენს ერთადერთ მარჩენალს ოჯახში. მის მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება იძულებულს გახდიდა უმეთვალყურეოდ დაეტოვებინა მშობლები, რაც მათ არსებობის საშუალებას ართმევდა. შესაბამისად, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის თანახმად, მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო «სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ» კანონი, რომლის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ი» ქვეპუნქტის თანახმად, უფლება ჰქონდა‚ დაეტოვებინა სამხედრო სამსახური მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო; ამასთან, დ. მ-მა‚ სსკ-ის 308.1. მუხლის თანახმად‚ მოითხოვა შესაგებლის საფუძველზე დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა სასამართლოს განეხილა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დ. მ-ის მიმართ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საერთო სასარჩელო წესით, 2005წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და დ. მ-ს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დააკისარა 1458,49 ლარის გადახდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
კონტრაქტი ხელმოწერილი იყო ორივე მხარის მიერ და მათ გააჩნდათ უფლება-ვალდებულებები კანონის მიხედვით. კონტრაქტის 7.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით ხელშეკრულების დარღვევისას სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრებოდა სწავლის პერიოდში მასზე დახარჯული თანხის გადახდა; მოპასუხე დ. მ-ი ვადაზე ადრე გავიდა საჯარისო სამსახურიდან, რითაც დაარღვია ხელშეკრულების მოთხოვნები.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 361_ე მუხლი და განმარტა, რომ: «ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად», ასევე, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად: «იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება», რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა.
დ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდგომი მოტივით:
აპელანტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტის მე-5 მუხლითა და საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 4 ივნისის ¹274 ბრძანებულებით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურეთა გასამრჯელო, უფროსი სერჟანტის თანამდებობრივი განაკვეთი შეადგენდა 33,35 ლარს, ხოლო თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი _ 400 ლარს. მოგვიანებით, პრეზიდენტის 2005წ. 15 იანვრის ¹17 ბრძანებულებით, ოდენობა შეიცვალა და უფროსი სერჟანტის _ დ. მ-ის ყოველთვიური გასამრჯელო შემცირდა 121 ლარამდე. კონტრაქტის 9.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეცვლა შეიძლება წერილობითი ფორმით მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით. თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, ხელშეკრულების შეცვლისას მათ შორის რაიმე შეთანხმება არ მომხდარა, რაც დ. მ-სE კონტრაქტის მოშლის უფლებას აძლევდა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მძიმე ოჯახური მდგომარეობა _ ჰყავდა შრომისუუნარო მშობლები და იგი წარმოადგენდა ერთადერთ მარჩენალს, შემცირებული ხელფასი კი მას მშობლების რჩენის შესაძლებლობას არ აძლევდა. შესაბამისად, «სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ი» ქვეპუნქტის თანახმად, მას უფლება ჰქონდა დაეტოვებინა საჯარისო სამსახური დოკუმენტურად დადასტურებული მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო.
სასამართლო სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 9 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 ივლისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
«საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 4 ივნისის ¹274 ბრძანებულების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროსა და დ. მ-ს შორის დაიდო კონტრაქტი. კონტრაქტის 7.1. მუხლის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით ის ვალდებულია აანაზღაუროს სწავლების პერიოდში (სამი თვე) მასზე დახარჯული თანხა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 1458,49 ლარს. დ. მ-მა 2005წ. 7 მარტს მეთაურის სახელზე დაწერა პატაკი კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. დ. მ-ს ჰყავდა ინვალიდი მამა, პენსიონერი დედა, თავადაც იყო დაავადებული.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დ. მ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 15 იანვრის ბრძანებულების, ნორმატიული აქტებისა და «სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ» კანონზე დაყრდნობით იყო უსაფუძვლო, არ ეხებოდა მოცემულ დავას და აღნიშნულ ურთიერთობას არ აწესრიგებდა.
სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2. და სსკ-ის 361-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ ვალდებულება მხარეებმა უნდა შეასრულონ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად; აპელანტმა დ. მ-მა დაარღვია კონტრაქტის პირობები და 7.1 მუხლის შესაბამისად, მას საფუძვლიანად დაეკისრა სწავლების პერიოდში მასზე დახარჯული თანხის თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასაციის მიზეზი:
«თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 15 იანვრის ¹17 ბრძანებულებით შემცირდა საჯარისო მოსამსახურეთა ხელფასი, აღნიშნულზე მხარეებს შეთანხმება არ ჰქონდათ, რითაც სახელმწიფოს მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები. კონტრაქტის 6.3 მუხლის საფუძველზე ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში Uმეორე მხარეს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება ვადამდე შეეწყვიტა, შესაბამისად, უფროს სერჟანტ დ. მ-ს უფლება ჰქონდა მოეშალა შეთანხმება.
ასევე, საქართველოს 1997წ. «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის 31-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, კასატორმა აღნიშნა, რომ განეკუთვნებოდა სამხედრო მოსამსახურეს და, ამდენად, მასზე უნდა გავრცელებულიყო «სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ» საქართველოს 1998წ. 25 ივნისის კანონი, რომლის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ი» ქვეპუნტის თანახმად, მძიმე ოჯახური პირობების გამო, შეეძლო დაეტოვებინა საჯარისო სამსახური, რაც არ უნდა მიჩნეულიყო ხელშეკრულების დარღვევად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 5 მაისის განჩინებით დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სსკ-ის 393.2 და 394 «ე» მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებულია.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ზ‚‚ პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე _ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65I.1. მუხლის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პირობებში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2. მუხლით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტრო ითხოვს დავალიანების გადახდას, კერძოდ, სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის სამხედრო სამსახურის თაობაზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიერ, ამასთან, სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «ა» მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ვინაიდან საქართველოს თავდაცვა, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტრო, «თავდაცვის შესახებ» კანონის 2-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რაც ითვალისწინებს სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობის, ტერიტორიის და სუვერენიტეტის დაცვას შეიარაღებული თავდასხმისაგან, ამასთან საქართველოს თავდაცვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომლის ორგანიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საქართველოს სამხედრო დოქტრინის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურესთან ხელშეკრულების დადებისას ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» და «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» _ სპეციალური საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
სსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რადგან სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურება შემცირდა, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 4 ივნისის ბრძანებულებითა და თავდაცვის სამინისტროსა და დ. მ-ს შორის 2002წ. 1 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით უფროსი სერჟანტის _ დ. მ-ის თანამდებობრივი განაკვეთი შეადგენდა 33.35 ლარს და დანამატს 400 ლარს. საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 15 იანვრის ¹17 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა პრეზიდენტის 2002წ. 4 ივნისის ¹274 ბრძანებულება და უფროსი სერჟანტისათვის თანამდებობრივი განაკვეთი განისაზღვრა 121 ლარით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. მ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად‚ თუ ცვლილება არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარსს, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გაუქმება. აღნიშნული პირობა ასევე გათვალისწინებული იყო მხარეებს შორის დადებულ კონტრაქტშიც, კერძოდ, კონტრაქტის 6.3 მუხლით კონტრაქტი ვადამდე შეიძლებოდა შეწყვეტილიყო მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისას. სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მიერ ხელფასის შემცირებით უფროს სერჟანტ დ. მ-ს არსებითად შეეცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარე უფლებამოსილია, მოსთხოვოს ხელშეკრულების მეორე მხარეს გარემოებათა არსებითად შეცვლისას ხელშეკრულების პირობების შეცვლა. ამასთან, პირობების შეცვლა უნდა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით, რაც ასევეა გათვალისწინებული კონტრაქტის 9.2 მუხლში, რომლის თანახმად ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობით შეთანხმებით კონტრაქტის დანართის სახითა, ხოლო მსგავსი შეთანხმება საქმის მასალებში არ მოიპოვება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად, შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს, იყო თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და არსებობს თუ არა იგი წერილობით _ კონტრაქტის დანართის სახით.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებული კონტრაქტი შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან და მისი დადების, შეცვლის თუ შეწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საკანონმდებლო აქტები, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ», მიიჩნია რა, რომ იგი ამ ურთიერთობას არ აწესრიგებდა, თუმცა სრულიად დაუსაბუთებლად.
საკასაციო სასამართლო «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის 31-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, ვადიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს. დ. მ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება იყო ვადიანი სამხედრო ხელშეკრულება და მისი მოშლის საფუძვლის კანონიერების დადგენა უნდა მომხდარიყო «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის «ი» ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი შეიძლება გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან «პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა), რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ჩათვალა რა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტი სადავო სამართალურთიერთობაზე არ ვრცელდებოდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული კანონი არ აწესრიგებს სადავო სამართალურთიერთობას და განმარტავს, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობის და ხელშეკრულების პირობების არსებითად შეცვლის /ხელფასის შემცირება/ საფუძველზე დ. მ-ს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა კონტრაქტი, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ დ. მ-ს ჰყავს შრომისუუნარო მშობლები და იგი წარმოადგენს ერთადერთ მარჩენალს, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, თუ როდის შეექმნა კასატორს მძიმე ოჯახური მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს მტკიცებულებები და იმსჯელოს იმ გარემოებაზე, მოპასუხე დ. მ-ის მამა როდის გახდა შრომისუუნარო, შესაბამისად როდის წარმოეშვა დ. მ-ს კონტრაქტის შეწყვეტის უფლება ოჯახის წევრის შრომისუუნარობის გამო.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, კასატორმა დ. მ-მა გათავისუფლების საფუძვლად პატაკში მიუთითა მძიმე ოჯახურ მდგომარეობაზე, რომელიც 21-ე ქვეითი ბატალიონის I ასეულის მეთაურის მიერ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იმსჯელოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ გარემოებას, რომ ასეულის მეთაურის მიერ პატაკის დაკმაყოფილების და შესაბამისად, დ. მ-ის გათავისუფლების თაობაზე გაცემული თანხმობა, რაც გამოიხატა პატაკზე შესაბამისი რეზოლუციით, რამდენად წარმოადგენდა დ. მ-ათვის საფუძველს, რომ თანხმობის გაცემის გამო ხელშეკრულების პირობები მის მიერ არ ირღვეოდა, ანუ აღნიშნული თანხმობით გამოხატა თუ არა ხელშეკრულების კონტრაჰენტმა, ადმინისტრაციის უფლებამოსილმა პირმა ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არ ეხება და არ არეგულირებს მოცემულ დავას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მსჯელობით დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 393-ე, 394-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 9 ნოემბრის განჩინება და და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;