Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ/422-01 6 ივნისი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ტ-ინმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ იგი 1991 წლის იანვარ-აპრილის თვეებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ბ. ტ-ინს სჭირდება იმისათვის, რომ მასზე გავრცელდეს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”კანონის ნორმები სოციალური დაცვის შესახებ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ინის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 313-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოში წარმოდგენილ უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას. ბ. ტ-ინმა ხსენებული საბუთები ვერ წარმოადგინა. ბ. ტ-ინმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება (განჩინება) იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილის “ი” ქვეპუნქტით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათი დადგენის სხვა წესს.

“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ამავე კანონის მე-15 მუხლი აწესებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა სოციალური დაცვის მიზნით შეღავათებს. აღნიშნული კანონი და არც სხვა ნორმატიული აქტი არ არეგულირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დადგენის წესს.

ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს სსსკ-ის 312-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტი. მოცემულ შემთხვევაში ბ. ტ-ინმა სასამართლოს წარუდგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო დეპარტამენტის 1998 წლის 16 ნოემბრის ¹ 153 ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ ბ. ტ-ინი ნამდვილად იბრძოდა 1991 წლის იანვრიდან აპრილამდე სამაჩაბლოში (შიდა ქართლში) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში. აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს ასევე, შსს საგამოძიებო დეპარატმენტის სატრანსპორტო საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების უფროსმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ი. ვაშალომიძემ; ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს შტაბის უფროსმა ინსპექტორმა, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა თ. ჩიტაძემ; შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტმა, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ი. გრიშაშვილმა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თადარიგის უფროსი ლეიტენანტი ბ. ტ-ინი საქართველოს შს ტრანსპორტის სამმართვლეოში მსახურობდა 1990 წლის 17 ივლისიდან 1991 წლის 24 იანვრამდე (ბრძანება ¹ 165, პირადი საქმე ¹ 11369).

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბ. ტ-ინის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ბ. ტ-ინის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 26 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ბ. ტ-ინის განცხადება დაკმაყოფილდეს. ბ. ტ-ინი ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილედ.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.