Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/423-01 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: სასესხო ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ხ-ძემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ნ. ა-ძეს ასესხა 2000 აშშ დოლარი, რაზეც არსებობს ხელწერილი, მოვალე უარს აცხადებს ვალის დაბრუნებაზე.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე 2000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან განმარტა, რომ სესხი არ აუღია და საქმეზე წარმოდგენილ ხელწერილზე მისი ხელმოწერა არ არის.

რაიონული სასამართლოს მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით ხელწერილები დაწერილია ნ. ა-ძის მიერ.

რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. ა-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 თებერვლის განჩინებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები, კერძოდ ის ფაქტი, რომ ნ. ა-ძემ ასესხა რ. ხ-ძეს 2000 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის სასესხო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები.

ნ. ა-ძის მიერ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული. კასატორი მიუთითებს, რომ ხელწერილი სესხის თაობაზე მის მიერ არ არის დაწერილი, ექსპერტიზის დასკვნა არ შეესაბამება სინამდვილეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება ნ. ა-ძის მიერ არის დაწერილი.

კასატორს არ მიუთითებია რაიმე გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სასამართლოს მტკიცებულება კანონის დარღვევით არის შედგენილი.

კასატორი, ასევე არ მიუთითებს სხვა რაიმე მტკიცებულებებზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული და რომელიც გამორიცხავდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნა განიხილა და თავის შინაგანი რწმენით მიიღო დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს დაუბრუნოს იმავე სახის ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

აღნიშნულ გარემოებათა გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 თებერვლის განჩინება.