Facebook Twitter

¹ 3კ-426-01 4 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს.ს. “ა.-ის” ადმინისტრატორმა კ. ლ-ხმა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996 წლის 26 აპრილს საპროექტო ინსტიტუტის “ს.-ის” წერილის საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად “ა.-ის” მიერ გაიცა კრედიტი 130 000 ლარის ოდენობით. სესხით სარგებლობისათვის განსაზღვრული იყო წლიური განაკვეთი 60% (თვეში 5%). 1996 წლის 20 დეკემბერს მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა ბანკში სესხის ძირითადი თანხა 130 000 ლარი და სარგებელი 52 000 ლარი.

მოპასუხემ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულება და მოითხოვა მისი გადავადება. ვადა გაგრძელდა 1997 წლის 1 მარტამდე. 1997 წლის 1 მარტისთვის “ს.-ს” უნდა დაეფარა 195 000 ლარი, რაც არ შეასრულა.

ფოთის საზღვაო სავაჭრო პორტმა აიღო ვალდებულება სესხის დაფარვაზე, მაგრამ არც მან შეასრულა პირობა.

მოსარჩელემ მოითხოვა სააქციო საზოგადოება საქპროექტზე და ფოთის სავაჭრო პორტზე 195 000 ლარის გადახდევინება.

სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება და მოითხოვა 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 349 700 ლარი. ამასთან, მოითხოვა ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურების გამო 61050 ლარი. მთლიანად 410750 ლარი.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს.ს. “ს.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 174 850 აშშ დოლარის გადახდა.

საქმის განხილვისას მოპასუხე “ს.-ი” ითხოვდა თანხის ფოთის ნავსადგურის გაფართოება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტების დირექციაზე დაკისრებას, იმ მოტივით რომ მშენებარე ობიექტების დირექციას აქვს “ს.-ის” ვალი სხვადასხვა წლებში ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების გამო, დირექცია არ უარყოფს ,,ს.-ის” ვალს და კრედიტორის თანხმობით მოხდა ვალის გადატანა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინებით “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება, რომ სასესხო დავალიანება ფოთის ნავსადგურს გადაეწერა, რადგან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის თანახმად მოვალის ვალის გადატანა სხვა პირზე შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორის თანხმობით, ხოლო ამავე კოდექსის 211-ე მუხლით კი წერილობით გარიგებებზე დამყარებული ვალის გადატანა წერილობით უნდა იყოს შესრულებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე ს.ს. “ს.-ის” წარმომადგენელმა დ. ლ-ავამ შეიტანა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ,,ა.-ის” თანხმობა ვალის გადაწერაზე, სასამართლოს მიერ არ ყოფილა შეფასებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული მტკიცებულებებით ფაქტიურად დასტურდება ,,ა.-ის” თანხმობა ვალის გადაწერაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ს.ს. “ს.-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილია და არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდის შემდეგი დოკუმენტების ნამდვილობას: ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციის 1996 წლის 6 დეკემბრის წერილით წერილის ავტორი ითხოვს ინსტიტუტის დავალიანება 515748 ლარი გადაეწეროს ფოთის ნავსადგურის გაფართოება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტების დირექციას. სს ,,ა.-ის” დირექტორის ტ-ძის 1996 წლის 10 დეკემბრის წერილში წერილის ავტორი გაერთიანებული ქართული ბანკის ფოთის ფილიალის მმართველს სთხოვს, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციის წერილის თანახმად მათ მიერ გადაგზავნილი დავალიანებები მიიღონ და დააწერონ ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციას სულ 515748 ლარი. ,,ს.-ი” 1997 წლის 14 მარტის წერილში ბანკს თხოვს გაუგრძელოს სესხის ვადა, რომელიც დაფარული იქნება ფოთის ნავსადგურის მეშვეობით. 1997 წლის 19 სექტემბრის წერილით ს.ს. ,,ა.-ის” ადმინისტრატორი კ. ლ-ხი საქართველოს ტრანსპორტის მინისტრს თხოვს ქმედით დახმარებას საკითხის გადაწყვეტაში. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო ატყობინებსYკ. ლ-ს, რომ ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობას მიეცა მითითება, რათა მოახდინონ სესხის დაუყოვნებლივ დაფარვა. Y

სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ,,ს.-მ” თავის 1997 წლის 14 მარტის წერილით კვლავ აღიარა დავალიანება ,,ა.-ის” წინაშე. Aმითითებულ წერილში აღნიშნულია, რომ დავალიანება დაფარული იქნება ფოთის ნავსადგურის მეშვეობით. A

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 211-ე მუხლის თანახმად წერილობით დადებულ გარიგებაზე დამყარებული მოთხოვნის დათმობა და ვალის გადატანა წერილობითვე უნდა იქნეს შესრულებული. როგორც აღნიშნული დოკუმენტებიდან ჩანს, მხარეთა ნება ვალის გადატანის შესახებ წერილობით არის გამოხატული. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა “ს.-ის” მტკიცება იმის თაობაზე, რომ მისი სასესხო დავალიანება გადაეწერა ფოთის ნავსადგურს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ,,ს.-მ” თავის 1997 წლის 14 მარტის წერილით კვლავ აღიარა დავალიანება ,,ა.-ის” წინაშე. Aმითითებულ წერილში აღნიშნულია, რომ დავალიანება დაფარული იქნება ფოთის ნავსადგურის მეშვეობით. A

საქრთველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 მაისის დადგენილებით, განსაზღვრულია, რომ ,,ს.-ი” სამუშაოებს ახორციელებს ფოთის ნავსადგურის დაკვეთით. ფოთის საზღვაო სავაჭრო პორტის უფროსი ვ. გ-ძე 1997 წლის 13 ივნისის წერილში მიუთითებს, რომ ნავსადგურის დავალიანება ,,ს.-ის” მიმართ ანაზღაურებულ იქნება უმოკლეს ვადაში ნავსადგურის მიერ. Aაღნიშნულით დასტურდება უშუალოდ ფოთის საზღვაო პორტის ვალდებულება კრედიტის გადახდაზე.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 165-ე მუხლის თანახმად ვალდებულებები უნდა სრულდებოდეს ჯეროვნად და დაწესებულ ვადაზე, ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად. მითითებული ნორმის თანახმად და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით ფოთის საზღვაო ნავსადგური ვალდებულია გადაიხადოს კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი 349700 ლარი (თანხის ოდენობა მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა).

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ს.ს. “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ფოთის საზღვაო ნავსადგურს ს.ს. “ა.-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 349700 ლარის გადახდა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.