გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/427-01 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 8 ივლისს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ. ნ-ძემ მოპასუხე სს “მ-ის” მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1998 წლის 1 ივნისს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ნ-ძემ იკისრა ვალდებულება დაეცვა სს “მ-ის” ინტერესები სასამართლოში, საქართველოს რკინიგზის დეპარატმენტის სარჩელის გამო, სს “მ-ის” მიმართ, 98150 ლარის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 5 ივნისს სს “მ-ამ” გააფორმა მასთან ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს “მ-ა” იღებდა ვალდებულებას, ზემოთ აღნიშნული საქმის სასამართლოში მოგების შემთხვევაში, გადაეხადა ნ. ნ-ძისათვის 98150 ლარის 2%, რაც შეადგენდა 1963 ლარს.
თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სარჩელი სს “მ-ის” მიმართ 98150 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სს “მ-ა” ვალდებული იყო გადაეხადა მისთვის მოგებული თანხის 2% _ 1963 ლარი, მაგრამ იგი თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას. მოსარჩელის მიერ მრავალგზის მოთხოვნის შემდეგ მოპასუხემ გადაუხადა მხოლოდ 302 ლარი.
ნ. ნ-ძე სარჩელში აღნიშნავდა, რომ, ვინაიდან სს “მ-ასთან” ხელშეკრულების დადების დროს ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდა 1,347-ს, ხოლო სარჩელის შეტანის დღისთვის _ 1 აშშ დოლარი უდრიდა 2 ლარს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მოსარჩელისათვის თანხა მიმდინარე სავალუტო კურსის შესაბამისად, კერძოდ _ 2613 ლარი.
სამგორის რაიონულ სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვამდე სს “მ-ამ” მოსარჩელს გადაუხადა 500 ლარი. ამდენად, სარჩელის ფასმა შეადგინა 2113 ლარი.
1999 წლის 26 ივლისს ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე სს “მ-ა”, თუმცა მისთვის სათანადო წესით ცნობილი იყო სხდომის დრო და ადგილი.
1999 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს “მ-ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2113 ლარი.
აღნიშნული გდაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2000 წლის 6 ნოემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიტანა სს “მ-ამ”, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებელმა განცხადებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოება:
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარატმენტის 2000 წლის 1 ნოემბრის ¹ 1-03\79 ცნობიდან გაირკვა, რომ 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში 1999 წლის მარტი-ოქტომბრის მდგომარეობით (საშუალოდ თვეების მიხედვით), ეროვნული ბანკის მონაცემებით, განსხვავდებოდა მოსარჩელე ნ. ნ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ მონაცემებისაგან. ამდენად, განმცხადებლის განმარტებით, მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა სასამართლო, რის გამოც გამოტანილ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელიც ადრე, საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ამიტომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სს “მ-ის” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველად, რაც განმცხადებელმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 28 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სს “მ-ის” კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის დროს შეამოწმა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უნდა გასაჩივრებულიყო სააპელაციო წესით, რადგანაც ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს წარდგენილი განცხადების მხოლოდ დასაშვებობა კი, არ შეუმოწმებია, არამედ მან იმსჯელა განცხადების საფუძვლიანობაზეც. სააპელაციო სასამართლოში მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება მომხდარიყო სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2001 წლის 19 თებერვლის განჩინებით სს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინება.
სს “მ-ამ” საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.
კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებად განმცხადებლის მიერ წარდგენილი ცნობა, გაცემული საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 1 ნოემბერს, რის გამოც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს სს “მ-ის” განმარტებას, რომ მის მიერ წარდგენილი ცნობა, გაცემული საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 1 ნოემბერს, არის ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ მტკიცებულებაზე.
პალატა თვლის, რომ, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე სს “მ-ის” წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სააქციო საზოგადოებას შეეძლო მოეპოვებინა და წარედგინა სასამართლოში ზემოთ აღნიშნული მტკიცებულება.
ამდენად, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.