Facebook Twitter

¹ 3კ/428-01 4 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ს” უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე და წესდებაში არ იქნა შეტანილი ცვლილება იმის შესახებ, რომ 1998 წლის 27 ნოემბერს რეგისტრირებული შპს “ბ.-ი” არის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ 1994 წლის 23 მარტს რეგისტრირებული შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრე.

2000 წლის 28 მარტს შპს “ბ.-ის” დირექტორმა ბ. ჩ-ძემ განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიეთითა გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2000 წლის 21 იანვარს გაცემულ ცნობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს “ბ.-ი” არ არის ლიკვიდირებული; იგი 1990 წლის 21 ნოემბრიდან დგას საგადასახადო ინსპექციის აღრიცხვაზე და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი; ბიუჯეტის დავალიანება ერიცხება 1384 ლარის ოდენობით. განმცხადებელს მიაჩნია, რომ 1998 წელს რეგისტრირებული შპს “ბ.-ი” მიჩნეულ უნდა იქნეს 1994 წელს რეგისტრირებულ შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრედ, ვინაიდან 1994 წელს რეგისტრირებული შპს “ბ.-ი” არ არის ლიკვიდირებული და ამასთან, ორივე შპს-ს ჰყავს ერთი და იგივე პარტნიორები, აქვთ ერთი და იგივე იურიდიული მისამართი და საქმიანობის საგანი.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისთვის ახლად აღმოჩენილი გარემოება ცნობილი გახდა 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება შპს-ს სამართალმემკვიდრედ ცნობის შესახებ, რადგან უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება იმავე საგანზე და იმავე მხარის მიმართ), სადაც მითითებულია, რომ სამართალმემკვიდრედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ბ.-ის” დირექტორის განცხადება და გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება; დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გლდანის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ცნობა წარდგენილი არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას. სასამართლომ აღნიშნული ცნობის გარეშე დაადგინა, რომ 1994 წელს რეგიტსრირებული შპს ლიკვიდირებულია, რადგან არ გაიარა ხელახალი რეგიტსრაცია. განჩინებაში მითითებულია, რომ გლდანის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ცნობების (1999 წლის 22 სექტემბერი, 2000 წლის 21 იანვარი) შესახებ განმცხადებელმა არ იცოდა და ამიტომ ვერ შეძლო მათი მოპოვება. სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ეს დოკუმენტები.

საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს შპს “ს.-მ” განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, არ დაკმაყოფილებულიყო შპს “ბ.-ის” განცხადება, რადგან იგი არ მიაჩნია 1994 წელს რეგისტრირებული შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრედ. ასევე მოითხოვა საქმეში მესამე პირად (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) ჩაბმა.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის განჩინებით შპს “ს.-ა” მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 2000 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ბ.-ის” განცხადება და იგი ცნობილ იქნა 1994 წელს რეგისტრირებული შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრედ. მესამე პირის _ შპს “ს.-ის” მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება და 2000 წლის 5 აპრილის განჩინება, საქმის წარმოების განახლების შესახებ, შპს “ს.-მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა საქმის წარმოების განახლება უკანონოდ მიიჩნია, რადგან სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 423-ე და 426-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, განცხადება სასამართლოს არ უნდა დაეშვა, რადგან იგი მხარემ კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ შეიტანა. ასევე, განცხადებაში მითითებული გარემოება სასამართლოს არ უნდა მიეჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად.

აპელანტმა ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმებაც, რადგან შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრედ ცნობა უკანონოდ მიიჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის გასვლის შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ მხარისათვის ახლად აღმოჩენილი გარემოება ცნობილი გახდა 2000 წლის მარტში, ხოლო განცხადება შეტანილია 28 მარტს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, მცირე საწარმო (შპს), რომელმაც 1996 წელს კანონის მოთხოვნის საფუძველზე არ მოახდინა ხელახალი რეგისტრაცია, არ არის ლიკვიდირებული, რადგან მოქმედი კანონი საწარმოს ლიკვიდაციის ასეთ წესს არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ საწარმოს (შპს-ს) სამართალმემკვიდრედ ცნობისათვის საკმარისად ჩათვალა შემდეგი: გაუქმებულ და ახალ რეგისტრაციაში გატარებულ შპს-ებს აქვთ ერთი და იგივე ქონება, ჰყავთ ერთი და იგივე პარტნიორები, აქვთ საქმიანობის ერთი და იგივე საგანი. 1998 წელს რეგისტრირებულმა შპს-მ გადაიხადა 1994 წელს რეგისტრირებული შპს “ბ.-ის” საგადასახადო დავალიანება.

აღნიშნულ განჩინებაზე შპს “ს.-მ” შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით განცხადებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 423-ე და 426-ე მუხლების მოთხოვნები.

2. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, რადგან გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის განჩინებით იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით შეტანილ განცხადებაზე საქმის წარმოება სსსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება ამჟამადაც კანონიერ ძალაშია.

3. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 424-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან განცხადება მხარეს უნდა შეეტანა არა პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ _ საოლქო სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს “ს.-ის” კასაცია უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ს” უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე და შპს-ს წესდებაში არ იქნა შეტანილი ცვლილება 1994 წელს რეგისტრირებული შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრედ ცნობის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს “ბ.-მა” (რეგ. 1998წ.) წესდებაში სხვა ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით 2000 წლის 24 იანვარს კვლავ მიმართა სასამართლოს. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “ბ.-ის” განცხადება 1994 წელს რეგისტრირებული შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით და სსსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით საქმის წარმოება შეწყდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 265-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით, ხოლო ამ კოდექსით დადგენილია საქმის წარმოების განახლება სსსკ-ის 422-ე, 423-ე მუხლებით.

დადგენილია, რომ მხარემ 2000 წლის 28 მარტს სასამართლოში შეიტანა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომლის საფუძვლად მითითებულია აღნიშნული გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით შეიტყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ასევე მითითებულია გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2000 წლის 21 იანვარს გაცემულ წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს “ბ.-ი” არ არის ლიკვიდირებული, იგი 1990 წლის 21 ნოემბრიდან დგას საგადასახადო ინსპექციის აღრიცხვაზე და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი; ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება 1384 ლარის ოდენობით.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 29 დეკემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულია გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ 1999 წლის 28 დეკემბრის გაცემულ ცნობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ “გლდანის საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე დგას შპს “ბ.-ი” (მცირე საწარმო “ბ.-ის” სამართალმემკვიდრე), რომელიც რეგიტსრირებულია გლდანის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, მაგრამ არ აქვს გავლილი სავალდებულო რეგისტრაცია სასამართლოში და ითვლება გაუქმებულ საწარმოდ (პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე), ვინაიდან მას ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება, მისი საქმე ლიკვიდაციის მიზნით არ იქნა გადაცმული სასამართლოსათვის”.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას შეამოწმა რა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხის კანონიერება, დაარღვია სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას არ დაასაბუთა, აკმაყოფილებდა თუ არა განცხადებაში მითითებული საფუძვლები ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მოთხოვნებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი არ არის იურიდიულად დასაბუთებული. აღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს (შესაბამისად უქმდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების და განჩინების სამართლებრივი შედეგი, რადგან არც ერთი მათგანი კანონიერ ძალაში არ არის შესული) და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

პალატა თვლის, რომ შპს “ბ.-ის” განცხადება უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. განცხადებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია:

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მოცემულ შემთხვევაში მხარემ გლდანის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2000 წლის 21 იანვარს გაცემული წერილი (რომელსაც მხარე ახალ გარემოებად მიიჩნევს) სასამართლოში წარადგინა 2000 წლის 28 მარტს, ე.ი. კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

მითითებული ნორმის მე-2 ნაწილით ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წერილის (2000წ. 21.01) არსებობა მხარისათვის იმავე თვეში ცნობილი იყო, რადგან წერილის დედანი 2000 წლის 24 იანვარს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იმ განცხადებას დაურთო, რომლითაც სამართალმემკვიდრედ ცნობაზე საქმის წარმოება შეწყდა (გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება), წინამდებარე საქმის მასალებში კი აღნიშნული დოკუმენტის ქსეროასლი წარმოადგინა. ამდენად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განცხადებაში მითითებული გარემოება მხარისათვის ცნობილი იყო 2000 წლის იანვრის თვის მეორე ნახევარში, ამიტომ ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუშვებელი იყო.

პალატა ვერ გაიზიარებს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად იმ გარემოებას, რომ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შეიტყო. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ განმარტა მხოლოდ სსსკ-ის 265-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის დასაშვებობის წესი. კანონის საპროცესო ნორმის განმარტება კი არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილ საფუძველს (სსსკ-ის 422-423-ე მუხლები).

პალატა თვლის, რომ განცხადება დასაშვებიც რომ ყოფილიყო, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები არ წარმოადგენს მოცემული საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რადგან აღნიშნული შინაარსის წერილი გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციას გაცემული აქვს 1999 წლის 28 დეკემბერს. დადგენილია, რომ წერილში მითითებული გარემოებები ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის.

პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარისათვის ცნობილი ახალი გარემოებები და მტკიცებულებები საქმის წარმოების განახლების საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ ისინი, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ის გარემოება, რომ 1999 წელს რეგისტრირებულმა შპს “ბ.-მა” არ გაიარა ხელახალი რეგიტსრაცია, არ მოხდა მისი ლიკვიდაცია კანონით დადგენილი წესით და მას კიდევ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, იურიდიულად არ წარმოადგენს იმ საფუძველს, რომლითაც 1998 წლის 27 ნოემბერს რეგისტრირებული შპს “ბ.-ი” მიჩნეულ იქნება ხელახალი რეგისტრაცია გაუვლელი შპს “ბ.-ის” სამართალმემკვიდრედ.

ამდენად, შპს “ბ.-ის” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვები არ არის სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებითა და 429-ე მუხლით, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს “ბ.-ის” განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად დარჩეს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.