გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/430-01 1 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სახლის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მხარეების პაპის _ ვ. თ-ოვის სახელზე. ვ. თ-ოვი გარდაიცვალა 1926 წელს. მას დარჩა მემკვიდრედ ოთხი შვილი: ნ. (მოსარჩელე თ. მ-ძის მამა), ი. (მოსარჩელე ო. ვ-შვილის მამა), მ. (მოსარჩელე მ. პ-შვილის დედა) და დ. (მოპასუხე ვ. თ-ოვის მამა). 1935 წელს მამის დანაშთი ქონება მთლიანად კანონისმიერი მემკვიდრეობის მომწმობის საფუძველზე გადაიფორმა თავის სახელზე ერთმა შვილმა დ. თ-ოვმა და ამ დროიდან მოყოლებული დღემდე სადავო სახლთმფლობელობა ირიცხება დ. თ-ოვის სახელზე. სადავო სახლთმფლობელობაში ცხოვრობდა დანარჩენი სამი შვილიც. იქ მათი მემკვიდრეები (მოსარჩელეები) დღემდე განაგრძობენ ცხოვრებას. 2000 წლის ივლისში ვ. თ-ოვის შვილიშვილებმა: თ. მ-ძემ, ო. ვ-შვილმა და მ. პ-შვილმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და თითოეულმა მოითხოვა თავისი პაპის ვ. თ-ოვი უფროსის დანაშთი ქონებიდან მათი მშობლების კუთვნილი 1/4 წილი და ამ წილის მესაკუთრედ ცნობა იმ მოტივით, რომ მათმა მშობლებმა ფაქტობრივი ცხოვრებით მიიღეს მემკვიდრეობა, ისინი ისეთივე მემკვიდრეები არიან 1926 წელს გარდაცვლილი ვ. თ-ოვი (უფროსის), როგორც მოპასუხე ვ. თ-ოვისა (უმცროსის) მამა _ დ. თ-ოვი.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი: მოსარჩელეებს და მოპასუხეს აღუდგათ მემკვიდრეობის მიღების ვადა და თითოეული მიჩნეულ იქნა სადავო სახლის მფლობელობის 1\4 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა მშობლებმა ფაქტობრივად მიიღეს მემკვიდრეობა, 1926 წელიდან დღემდე იზოლირებულად ცხოვრობენ თავიანთ სამკვიდრეო წილებში და 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის შესაბამისად დააკმაყოფილა სარჩელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ვ. თ-ოვმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. თ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, შეიცვალა გადაწყვეტილების პირველი პუნქტი სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის ნაწილში. აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოსარჩელეებს თ. ჯ-ძეს, ო. ვ-შვილს და მ. პ-შვილის მიღებულად ჩაეთვალათ სამკვიდროს წილი, თითოეულზე 1/4 ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები ვ. თ-ოვი უფროსის გარდაცვალების მომენტიდან დღემდე ცხოვრობენ სამკვიდრო სახლში და მიღებული აქვთ მემკვიდრეობა, მათ მემკვიდრეობის მიღების ვადის აღდგენა არ სჭირდებათ და რაიონულმა სასამართლომ მათ არასწორად აღუდგინა ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. თ-ოვმა (უმცროსი), რომლითაც ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა ბაბუა ვ. თ-ოვი გარდაიცვალა 1926 წელს. ამის შემდეგ სამკვიდროს მიღების უფლება გამოიყენა მხოლოდ მამამისმა დ. თ-ოვმა, სხვა შვილებს (მოსარჩელეთა მშობლებს) ასეთი უფლებით არ უსარგებლიათ და შესაბამისად, მათ მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თითქოს ვ. თ-ოვის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილების მიერ სამკვიდრო ქონების ფლობის ფაქტი დადასტურებულია საქმის მასალებით. სინამდვილეში სასამართლოს მიერ ისიც კი არ ყოფილა გამორკვეული, თუ რას წარმოადგენს სამკვიდრო მასა. მოსარჩელეებს დაუდგინა სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა სახლზე, რომლის აშენების უფლება მამამის მიეცა 1930 წელს. ამდენად, მითითებული სახლი არ არის ის სახლი, რომელიც დარჩა ვ. თ-ოვის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს. კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენბინა. კერძოდ, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი მაშინ, როდესაც სამკვიდრო გაიხსნა 1926 წელს. კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1935 წელს გაცემული მამამისის დ. თ-ოვის კანოინსმიერი სამემკვიდრეო უფლების მოწმობა დღესაც ძალაშია და მისი გაუქმების მოთხოვნა არავის დაუსვამს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ბაბუა ვ. თ-ოვი გარდაიცვალა 1926 წელს. ამ დროს გაიხსნა მის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პალატამ არასწორად გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რადგან გამოყენებული უნდა ყოფილიყო კანონი, რომელიც სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედებდა. სააპელაციო სასამართლომ სცნო რა მოსარჩელეები სადავო სახლის 1/4-ის მემკვიდრეებად, არ გამოარკვია, დღეისათვის არსებული სახლი წარმოადგენს თუ არა აწ გარდაცვლილი ვ. თ-ოვის საკუთრებას სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, საქმეში არსებულ მტკიცებულებას, სადაც თ-ოვის მემკვიდრეები ითხოვენ ახალი სამშენებლო გეგმის დამტკიცებას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა 1935 წელს დ. თ-ოვის სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობაზე. ცნო რა მოსარჩელეები სადავო სახლის მემკვიდრეებად, არ გააუქმა სამემკვიდრეო მოწმობა, რის გარეშეც მოსარჩელეთა სახლის მესაკუთრეებად ცნობა უკანონოა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებს არც დაუყენებიათ დ. თ-ოვის სახელზე გაცემული კანონისმიერ მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმების მოთხოვნა. თუ ასეთი დაყენებული იქნება, პალატამ უნდა იმსჯელოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე, უნდა გაირკვეს, რატომ არ გადაიფორმეს ვ. თ-ოვის მემკვიდრეობიდან მოსარჩელეთა მშობლებმა სამემკვიდრეო წილი საკუთრებაში ამით ხომ არ განაცხადეს ფაქტობრივად უარი მემკვიდრეობის მიღებაზე, რატომ არ გაუხდიათ სიცოცხლეში სადავოდ დ. თ-ოვის სახელზე მთელი მემკვიდრეობის გადაფორმება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. თ-ოვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.