Facebook Twitter

საქმე N 330100123006781991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№742აპ-25 ქ. თბილისი

ჩ. ა, 742აპ-25 4 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენლების მიხედვით, ა. ჩ., – ..., – ბრალად დაედო: მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გამოძიების დროს, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ... მიმდებარედ, ს. მ., ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება ა. ჩ., კერძოდ – ორი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც, ასევე – მცირე ზომის ჩანთაში მოთავსებული ჰქონდა ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ კალიბრიანი, „Browning-ის“ 1900 წლის ნიმუშის, 9 ვაზნა. ამ ქმედების შედეგად, ა. ჩ. მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ს. მ. ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. რის შემდგომ, 2022 წლის 9 აგვისტოს, ... ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სახით გამოკითხვისას, დაზარალებულმა ა. ჩ. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.

2. ა. ჩ. წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით, ა. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შეს---მისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ჩ. ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით და გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ... მიმდებარედ, ს. მ. ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ა. ჩ. მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, კერძოდ, განზრახ მიაყენა ორი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც ასევე, მცირე ზომის ჩანთაში მოთავსებული ჰქონდა ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ. კალიბრიანი, „Browning-ის” 1900 წლის ნიმუშის, 9 ვაზნა. ამ ქმედების შედეგად, ა. ჩ. მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ს. მ. ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ამის შემდგომ, 2022 წლის 9 აგვისტოს, ... ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სახით გამოკითხვისას, დაზარალებულმა ა. ჩ. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.

5. მსჯავრდებულ ა. ჩ. სასჯელი აეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან – 2025 წლის 5 მარტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ა. ჩ. ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ს. თ., რომელიც ითხოვდა, გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელიც ითხოვდა ა. ჩ. დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ა. ჩ. დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებლებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა. ჩ. ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. გასათვალისწინებელია მოწმე ლ. ძ. ჩვენება, რომელიც იყო გამომძიებელი და გამოკითხა ა. ჩ.. მან კი, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ა. ჩ. განუმარტა მოწმის უფლება-მოვალეობები, ასევე – თუ რა საქმეზე გამოიკითხებოდა და გააფრთხილა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით. გამოკითხვისას, ა. . უარყო ს. მ. მიერ მისთვის დაზიანებების მიყენება, რაც, თავის მხრივ, უტყუარად დადასტურდა ს. მ. მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული, გამამტყუნებელი განაჩენით. ა. ჩ. საქმის განხილვისას, სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 9 აგვისტოს, გამოკითხვისას მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, შესაბამისად, კასატორს აღარ მიმოუხილავს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ა. ჩ. ნამდვილად ს. მ. მიაყენა ცეცხლსასროლი იარღიდან დაზიანებები, არამედ – თუ რამდენად იცოდა ა. ჩ., რომ ს. მ. ბრალი ედებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულია დანაშაულის კატეგორიები, რაც უკავშირდება თითოეული ქმედებისათვის განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ ზედა ზღვარს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასჯადია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გამოძიების დროს, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. განსახილველ შემთხვევაში, ს. მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე–4 ნაწილებით და სწორედ 236-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებები წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რაც გამოკვეთს სწორედ ა. ჩ. ქმედებაში მაკვალიფიცირებელ ნიშანს. რასაკვიველია, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომების ცოდნა არ ევალება არცერთ მოქალაქეს, თუმცა გასათვალისწინებელია კანონმდებლის მიზანი, რათა გადაიზღვეს რისკები, რომ მოქალაქეებმა ბოროტად არ დაამახინჯონ ფაქტები, რაც ხელს შეუშლიან შესაბამის ორგანოებს, საფუძვლიანად და ეფექტურად განახორციელონ მართლმსაჯულება. სოციალური გაგებით კი ბუნებრივია, როდესაც ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაზიანებებს აყენებს მეორეს, არის მძიმე გარემოება, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლის თვალში, მითუფრო, იმ პირობებში, როდესაც ა. ჩ. და ს. მ. ჰქონდათ წინარე ნაცნობობა, შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის აბსოლუტურად გასაგები და ცხადი იყო, რომ ს. მ. არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონიერად შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს: საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულმა ა. ჩ. 2022 წლის 9 აგვისტოს, მოწმის სახით გამოკითხვისას, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ხელი შეუშალა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, რამეთუ უტყუარად დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს მისი ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადგენად. კერძოდ:

3. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, სისხლის სამართლის №... საქმეზე, ა. ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის 1-ელ სამმართველოში გამოძიება დაიწყო 2022 წლის 13 ივლისს.

4. 2022 წლის 14 ივლისის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ დადგენილების მიხედვით, სისხლის სამართლის №... საქმეზე გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

5. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, 2022 წლის 14 ივლისს, 05:45 საათზე, ..., ა. ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მსრთლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ბრალდებულის სახით დააკავეს ს. მ.

6. მოწმე/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2022 წლის 14 ივლისს, 18:00-18:10 საათზე, გამოსაკითხმა პირმა – ა. ჩ. განაცხადა: „გამომძიებლის მიერ განმემარტა, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია, ასევე – ჩემი უფლება-მოვალეობანი, მათ შორის, ვიყოლიო ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატი, რასაც ვსაჭიროებ და ვინაიდან ამ ეტაპზე არ მყავს ადვოკატი, ამიტომ ჩვენების მიცემაზე ვაცხადებ უარს“.

7. 2022 წლის 15 ივლისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ს. მ. ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:

ს. მ., გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 7,65 მმ კალიბრიანი „Browining-ის“, „BERETTA-ს“, „CZ 27-ის“, „CZ 50-ის“, „CZ 83-ის“, „ASTRA MODEL 4000-ის“, „ASTRA MODEL 1911-ის“, „STAR MODEL BM-ის“, „STAR MODEL 14-ის“ მოდელების პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული, „Browining-ის“ 1900 წლის ნიმუშის, 7.65 მმ კალიბრიანი 9 ვაზნა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ს. მ. აღნიშნულ იარაღსა და ვაზნებს უკანონოდ ინახავდა და ატარებდა ... მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, იმავე დროს, ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ა. ჩ., კერძოდ, ორი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად, ა. ჩ. მიიღო ჯანმრთელობის

8. შესაბამისად, 2022 წლის 15 ივლისს, ს. მ. ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

9. დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2022 წლის 9 აგვისტოს, 17:04-17:47 საათზე, გამომძიებელმა ლ. გამოსაკითხ ა. ჩ. განუმარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, რომ:

გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი და გამოსაკითხი პირი უფლებამოსილია, მხარეებს მიაწოდოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც იგი ფლობს;

გამოსაკითხ პირს უფლება აქვს საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით;

დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია;

გამოსაკითხი პირი უფლებამოსილია თავისი ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ გასცეს ინფორმაცია;

გამოსაკითხ პირს უფლება აქვს იცოდეს, რა საქმის გამო ხდება მისი გამოკითხვა, ინფორმაცია მიაწოდოს მისთვის მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით;

საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია;

გაეცნოს გამოკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ;

მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება;

გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში, ვალდებულია, გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული);

გამოსაკითხ პირს განემარტა, რომ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი შეიძლება დაბარებული იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად. ამ შემთხვევაში ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. გამონაკლისია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.

გამოსაკითხი პირი – ა. ჩ. – გაფრთხილებულია ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, ზემოაღნიშნული უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შემდგომ, ა. ჩ.გამოძიებას მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

„გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი უფლება მოვალეობები. განმემარტა, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი, ხოლო გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაბარებული ვიყო მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად და ამ შემთხვევაში, ჩვენების მიცემა სავალდებულოა, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. გაფრთხილებული ვარ ცრუ დასმენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. განმემარტა, რომ მაქვს უფლება საკუთარი ხარჯით ვისარგებლო ადვოკატის დახმარებით, რის გამოც ჩემს ინტერესებს დაიცავს ადვოკატი – ს--- თ.. ასევე განმემარტა, რომ უფლებამოსილი ვარ, არ გავცე ინფორმაცია ჩემი ან ჩემი ახლო ნათესათვის წინააღმდეგ. საქმის გარშემო და დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს:

2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში, რა დროსაც, მე მარტო ვიმყოფებოდი ...., სადაც ჩამოვუხვიე ...- მიმართულებით, რა დროსაც, გზაზე შემხვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მთხოვა სიგარეტი და მე მას მივაწოდე ერთი ღერი სიგარეტი, რაზედაც, აღნიშნულმა ახალგაზრდა მამაკაცმა მთხოვა კიდევ ერთი ღერი სიგარეტი და მე მას მივაწოდე კიდევ ერთი ღერი სიგარეტი, რა დროსაც, აღნიშნულმა ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა, რომ „შენ რაა ბიჭო, მე მათხოვარი ხომ არ გგონივარო“, რაზედაც მეც გავბრაზდი და ჩვენ მოგვივიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც აღნიშნულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი წაიღო წელის უკანა მხარეს, საიდანაც ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და დამიზნებით, ერთხელ მესროლა მარცხენა ფეხში და დამჭრა, რის შემდეგაც იგი გაიქცა, ხოლო მე ფეხიდან წამომივიდა სისხლი და მეც გამოვერიდე იქაურობას და ...- ეზოს გავლით, გამოვედი ... მდებარე, პოლიციის სამმართველოს გვერდით, გავედი ... ქუჩაზე და მივედი იქვე, ახლოსმდებარე სილამაზის სალოთან, სადაც ჩავიკეცე, რა დროსაც ჩემთან მოვიდნენ იქ მყოფი ადამიანები, რომლებმაც მე აღმომიჩინეს დახმარება. მალევე, ჩემთან მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც და ადგილზე მოვიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები, რომლებმაც მე გადამიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ოპტიმალ მედიში“, სადაც მე აღმომიჩინეს სამედიცინო დახმარება და რამდენიმე დღეში გავეწერე საავადმყოფოდან. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მე პისტოლეტიდან გასროლით მესროლა ტყვია ერთხელ და მომარტყა მარცხენა ფეხში, იყო, დაახლოებით, 28-30 წლის, დაახლოებით, 180-185 სმ. სიმაღლის, ქერა, სუსტი აღნაგობის, ქერა მოკლედ შეჭრილი თმით, კეხიანი ცხვირით, ჩავარდნილი ლოყებით და მოგრძო სახით, რომლის ამოსაცნობი ნიშნებითაც, მე შემიძლია მისი ამოცნობა. მას ტანთ ეცვა შავი გრძელმკლავიანი პერანგი, მოკლე, მუქი სპორტული შორტი და ფეხზე ეცვა მუქი ბოტასი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ... არასდროს არ ვარ ნამყოფი და, შესაბამისად, არც 2022 წლის 13 ივლისს არ ვყოფილვარ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18.00 საათზე ... არ ვყოფილვარ და არ მინახავს არც გ. ბ..., არც ს. მ., არც ლ. მ., არც გ. ფ. და არც გ. ბ., რომლეთანაც მე ყველასთან მაქვს ახლო და მეგობრული ურთიერთობა და მე მათთან არანაირი ჩხუბი არ მომსვლია და მათ ჩემთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, ხოლო ს. მ. ჩემთვის ტყვია არ უსვრია პისტოლეტიდან გასროლით და არ დავუჭრივარ. მე ისინი იმ დღეს საერთოდ არ მინახავს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე 2022 წლის 13 ივლისს ვიყავი მთელი დღე სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში და ყველაფერი მახსოვს კარგად.“

10. მოწმე ლ. ძ. ჩვენებით, რომელმაც 2022 წლის 9 აგვისტოს გამოკითხა ა. ჩ., დასტურდება, რომ 2022 წლის 13 ივლისს, მუშაობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის 1-ელი სამმართველოს გამომძიებლად. დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ა. ჩ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე და გამოძიების ფარგლებში, ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხა დაზარალებული ა. ჩ., რომელმაც, თავდაპირველად, ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ვინაიდან არ ჰყავდა ადვოკატი და ჩვენების მიცემა სურდა ინტერესების დამცველის თანდასწრებით. ა. ჩ., პოლიციის განყოფილებაში მოგვიანებით გამოცხადდა ადვოკატ ს. თ-სთან ერთად. გამოკითხვამდე ა. ჩ. განუმარტა მისი უფლებები და მოვალეობები, ასევე – ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სრულად იყო მისთვის გასაგები. მითუფრო, რომ მას ადვოკატთანაც ჰქონდა გავლილი კონსულტაცია ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. მან შეადგინა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ასახა ის, რაც ა. ჩ. უამბო. გამოკითხულმა წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ადვოკატის თანდასწრებით დაადასტურა ხელის მოწერით. ა. ჩ. ჰკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა მისი ჩვენების სისწორეში, რაზეც მან უპასუხა, რასაც ეუბნებოდა, ის დაეფიქსირებინა ოქმში. მიუხედავად ა. ჩ. მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, არსებობდნენ თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ, თუ საიდან გამორბოდა დაზარალებული და სად მირბოდა, ასევე – როგორ მისდევდა მას სროლით შეიარაღებული ს. მ.. შესაბამისად, გამოძიებისათვის იყო ცნობილი, თუ რა მოხდა რეალურად, ა. ჩ. კი იძლეოდა ცრუ ჩვენებას. ა. ჩ. ვერსიის გადასამოწმებლად, ოპერატიულად გამოჰკითხა დაზარალებულის მიერ მითითებულ ადგილას მაცხოვრებლები, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ იქ არანაირი ჩხუბი, სიტყვიერ კონფლიქტი და სროლა არ ყოფილა. მათ ასევე არ დაუნახავთ დაჭრილი ადამიანი, რომელიც გარბოდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაშია, ს. მ-----–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ს. მ. ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:

ს. მ., გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 7.65 მმ კალიბრიანი „Browining-ის“, „BERETTA-ს“, „CZ 27-ის“, „CZ 50-ის“, „CZ 83-ის“, „ASTRA MODEL 4000-ის“, „ASTRA MODEL 1911-ის“, „STAR MODEL BM-ის“, „STAR MODEL 14-ის“ მოდელების პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული, „Browining-ის“ 1900 წლის ნიმუშის, 7.65 მმ კალიბრიანი 9 ვაზნა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 2022 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ს. მ. აღნიშნულ იარაღსა და ვაზნებს უკანონოდ ინახავდა და ატარებდა ... მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, იმავე დროს, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ა. ჩ., კერძოდ, ორი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში.

13. შესაბამისად, განსახილველ, ა. ჩ. ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს იმაში დაეჭვების გონივრული საფუძველი, რომ ა. ჩ. 2022 წლის 9 აგვისტოს, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით, შეთხზა ვერსია, რომ მას არა საქმის მასალებით დადგენილ, არამედ – სულ სხვა ადგილას დაესხა თავს შეიარარებული უცნობი მამაკაცი და მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, რომლის ამოცნობაც, თითქოსდა, შეეძლო, რითაც, ცხადია, ხელს უშლიდა გამოძიებას დანაშაულის ვითარების აღდგენასა და, შესაბამისად, საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებაში.

14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ბრალდების მხარე ა. ჩ.ედავებოდა, რომ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ზემოაღნიშნული დანაშაული – გამოძიების დროს, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება – მსჯავრდებულმა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ, მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ ა. ჩ. ქმედებაში ბრალადწარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ეს გარემოება არ იკვეთებოდა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საყურადღებოა, რომ ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაციის შეცვლას, საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, მიუთითებენ ა. ჩ.მიერ, მაკვალიფიციებელი გარემოების გარეშე დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლომ, ერთი მხრივ, მიიჩნია, რომ დაზარალებულ ა. ჩ., ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, არ მიუღია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, არამედ – მსუბუქი, მისი ხანმოკლე მოშლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დასჯადი ქმედებაა და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიკუთვნება; მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ, მძიმე კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, ჰქონდა თუ არა დაზარალებულ ა. ჩ. ინფორმაცია, რამდენად მართლზომიერად ფლობდა მასზე თავდამსხმელი პირი ცეცხლსასროლ იარაღს.

16. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, რომელიც დაედო საფუძვლად, ა. ჩ. მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, რის კვალდაკვალ, მსჯავრდებულის ქმედება – მოწმის ან დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა – ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებით – ჩადენილი იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მძიმე კატეგორიის დანაშაულზე – აღარ დამძიმდა.

17. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რაც ქმნის მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის აბსტრაქტულ საფრთხეს და ისჯება იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევაში შეუშალა თუ არა ხელი ამ მოქმედებამ სასამართლოში ობიექტური რეალობის დადგენას. ჩვენება ითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის. [...] ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, თავის მხრივ, წარმოადგენს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და არ აქვს მნიშვნელობა იმას, საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მართლმსაჯულებას ხელი შეეშალა, გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა თუ გამამართლებელი. მოცემულ შემთხვევაში მთავარია, მსჯავრდებულის მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა შედეგი მოჰყვა მას, რაზეც ასევე მიუთითებს განსახილველი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება №458აპ-20, პუნქტი 9-10).

18. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ა. ჩ. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2022 წლის 14 ივლისს, ბრალდებულის სახით დააკავეს ს. მ., რომელსაც 2022 წლის 15 ივლისს, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

19. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე მუხლით განსაზღვრულია დანაშაულთა კატეგორიები, კერძოდ, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

21. შესაბამისად, უდავოა, რომ 2022 წლის 9 აგვისტოს, ა. ჩ., მოწმის სახით გამოკითხვისას, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ს. მ. ბრალი ედებოდა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული, მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის.

22. ხაზგასასმელია, რომ ა. ჩ. 2022 წლის 9 აგვისტოს გამოკითხულია მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. თ. თანდასწრებით, რა დროსაც, მსჯავრდებული სრულად იყო ინფორმირებული, რომ იგი იკითხებოდა ს. მ. ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც წარდგენილი ჰქონდა ბრალდება, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე – ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ა. ჩ., მიუხედავად იმისა, რომ სათანადო წესით იყო გაფრთხილებული ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, ადვოკატთან შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის შემდგომ, განზრახ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია სამართალდამცავებს, მათ შორის, საქმის ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით, კვალის შეგნებულად არევისა და, შესაბამისად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ს. მ. მიმართ სისხხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა და მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასჯადი დანაშაულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ქმედების ობიექტური შემადგენლობა – მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით – მძიმდება, თუკი ცრუ ინფორმაცია მიწოდებულია იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულებს ბრალი ედებათ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის, რომელთა გახსნისა და დამნაშავეთა დასჯის მიმართ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ამ მაკვალიფიცირებელი გარემოების შერაცხვის დროს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მიმდინარე გამოძიებისას, მტკიცებულებების შეკრების დროს, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიმწოდებელ პირს, რამდენად შეცნობილი ჰქონდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია და რამდენად აცნობიერებდა, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულთა კატეგორიებისადმი, მის კუთვნილებას. მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად და მკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამ შემთხვევაში არც იმას აქვს არსებითი მნიშვნელობა, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მოწმემ ან დაზარალებულმა, საბოლოოდ, გამამართლებელი განაჩენი დადგება თუ გამამტყუნებელი, არამედ – მხოლოდ იმ გარემოებას, იყო თუ არა მოწმის ან დაზარალებულის მონათხრობი განზრახ მცდარი, რათა გამოძიების შეცდომაში შეყვანით, ხელი შეშლოდა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის სამართლებრივი შეფასებისას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არა ინფორმირებული ა. ჩ., მისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებების მიყენებისას, რამდენად მართლზომიერად ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ს. მ., რამეთუ გადამწყვეტია, რომ დაზარალებულმა ა. ჩ., მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით გამოკითხვისას, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიშიც მან იცოდა, რომ ბრალდებულს ბრალი ჰქონდა წაყენებული მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის. შესაბამისად, ა. ჩ. ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას კანონიერად უნდა დაედოს მსჯავრი.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

25. საკასაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ა. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა შეეფარდოს – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:

3. ა. ჩ.ცნობილ იქნეს დამნასავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც და მიესაჯოს – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. ა. ჩ. სასჯელი აეთვალოს 2025 წლის 5 მარტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 28 ოქტომბრიდან – 2022 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით;

5. სხვა – მათ შორის, ნივთმტკიცებისა და გირაოს – ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე