¹ 3კ/437-01 4 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. გ-ძემ სარჩელი აღძრა გ. და რ. ს-ძეების წინააღმდეგ და მოითხოვა ვალის დაბრუნება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ 1996 წლის 16 დეკემბერს მოპასუხეებს ასესხა 8800 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ თვეში გადაიხდიდნენ 6% სარგებელს. მოპასუხეებმა 1998 წლის მარტში დაუბრუნეს აღნიშნული თანხა და 3 დღის შემდეგ კვლავ ისესხეს იმავე პირობით. გ. და კ. ს-ძეებს ვალი არ დაბრუნებიათ, რის გამოც მოპასუხემ მოითხოვა როგორც ძირითადი თანხის, ისე პროცენტის დაბრუნება.
მოპასუხე გ. ს-ძემ სარჩელი არ ცნო, ხოლო რ. ს-ძემ აღიარა ზეპირი ხელშეკრულებით მოსარჩელისაგან სესხის 8800 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, მაგრამ მიუთითა რომ აღნიშნული თანხა მან უკანვე დააბრუნა. შეთანხმება პროცენტზე არ ყოფილა, მაგრამ ვინაიდან თანხის უკან დაბრუნება დააგვიანა, იგი თანახმაა 4000 აშშ დოლარი გადაიხადოს ც. გ-ძის სასარგებლოდ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ძეს ც. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის გადახდა. ც. გ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 8800 აშშ დოლარისა და 2 წლის ყოველთვიური პროცენტის (6%) დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ც. გ-ძესა და გ. ს-ძეს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა; ც. გ-ძესა და რ. ს-ძეს შორის 8800 აშშ დოლარზე დაიდო ზეპირი ფორმით სესხის ხელშერულება; მხარეებს შორის შეთანხმება პროცენტის შესახებ არ ყოფილა. სასამართლომ, ც. გ-ძის ახსნა-განმარტების საფუძველზე, ასევე, დაადგინა, რომ 7280 აშშ დოლარი რ. ს-ძემ გამსესხებელს დაუბრუნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დარჩენილი თანხა რ. ს-ძეს ც. გ-ძის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს (რ. ს.-ს თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე, 429-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 131-ე მუხლები.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:
როგორც სააპელაციო, ისე პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რადგან თუ სესხის (ზეპირი) ხელშეკრულება სასამართლომ ნამდვილად მიიჩნია, მაშინ გარიგება პროცენტის ნაწილშიც ნამდვილია და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაეკმაყოფილებინა;L
სასამართლომ ისე გაიზიარა რ. ს-ძის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ სესხი დააბრუნა, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლების მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში მოვალეს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა შესრულების მიღების დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს ვალდებულება (სესხის ნაწილის დაბრუნება) შესრულებულად არ უნდა მიეჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ც. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად შეფასების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით, მართალია, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მაგრამ ამავე მუხლის მესამე წინადადებით ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ე.ი. დავის შემთხვევაში გარიგების ნამდვილობის დასადგენად საჭიროა გარდა კრედიტორის მოთხოვნისა, სხვა სახის მტკიცებულებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მოვალემ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების არსებობა. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის ნაწილში სასამართლომ გაიზიარა მოვალის აღიარება, რაც საპროცესო ნორმის (სსსკ-ის 132-ე მუხლი) შესაბამისად გაფორმდა სხდომის ოქმში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ სესხისათვის პროცენტი არ დააკისრა რ. ს-ძეს, რადგან ჯერ ერთი, აპელანტმა მხოლოდ 8800 აშშ დოლარი, ე.ი. ძირითადი თანხა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში და პროცენტის ნაწილში მოთხოვნა აღარ დააყენა, რაც სხდომის ოქმითაა დადასტურებული, მეორე, აპელანტს რომ არ შეემცირებინა დავის საგანი, სასამართლოს ასეთ შემთხვევაში ც. გ-ძისათვის უარი უნდა ეთქვა პროცენტის მოთხოვნაზე, რადგან ზეპირი ფორმით ხელშეკრულების დროს სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის არსებობა (ნამდვილობა) არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კრედიტორის აღიარებით, ანდა მოწმეთა ჩვენებებით. ასეთ შემთხვევაში, პროცენტი სესხისათვის იმ მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს, რაც ზეპირი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენისათვისაა საჭირო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევაზე, რომლითაც კრედიტორმა შესრულების მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესრულების დოკუმენტი). მოცემულ შემთხვევაში ასეთი (შესრულების) დოკუმენტის არ არსებობას ხელი არ შეუშლია სასამართლოსათვის ვალი გადახდილად მიეჩნია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალემ 7280 აშშ დოლარი დააბრუნა, დარჩენილი თანხა 1520 აშშ დოლარი (და არა 520 დოლარი, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს და რაც აშკარა არითმეტიკული შეცდომაა) კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა დაკისრებული2.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.