3კ/442-01 17 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
შეგებებული სარჩელის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 11 ოქტომბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა პ. კ-ავამ მოპასუხე ზ. პ-იას მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელემ 1997 წელს იყიდა ნახევრად სარდაფის ტიპის პრივატიზებული ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ..., გაარემონტა იგი და დაიწყო ცხოვრება.
1999 წლის 20 აპრილს აფხაზეთიდან დევნილმა ზ. პ-იამ გატეხა აღნიშნული ბინა და თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლდა ერთ ოთახში.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მოპასუხისა და მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსახლება სადავო ბინიდან.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხე ზ. პ-იას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 ივლისის განჩინებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის განჩინება და საქმე საჩივრის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში აღნიშნული საქმის ხელახლა განხილვისას ზ. პ-იამ აღძრა შეგებებული სარჩელი პ. კ-ავას მიმართ.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ზ. პ-იას მეუღლე დ. პ-იამ 1994 წლის 10 ივნისს იყიდა აღნიშნული ბინა ტ. კ-ოვასაგან, მაგრამ, რადგანაც იმ პერიოდში არ შეიძლებოდა ბინების გაფორმება იძულებით დევნილებზე, ამიტომ 1994 წლის 10 ივნისს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ბინის მყიდველად მითითებულ იქნა დ. პ-იას ნათესავი პ. კ-ავა. იგი შეუთანხმდა დ. პ-იას, რომ აღნიშნულ ბინას გადაუფორმებდა პირველივე მოთხოვნისთანავე.
შეგებებული სარჩელის თანახმად, დ. პ-ია 1997 წლის ნოემბერში სამუშაოდ წავიდა რუსეთში და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რითაც ისარგებლა პ. კ-ავამ და მოითხოვა ზ. პ-იასა და მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსახლება აღნიშნული ბინიდან იმ საფუძვლით, რომ იგი აღრიცხული იყო მის მესაკუთრედ.
ზ. პ-იამ შეგებებულ სარჩელში ითხოვა პ. კ-ავასა და ტ. კ-ოვას შორის 1994 წლის 10 ივნისს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა პ. კ-ავას სარჩელი და მოპასუხე ზ. პ-ია მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 15 თებერვალს განიხილა ზ. პ-იას სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. პ. კ-ავას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე, არ დაკმაყოფილდა ზ. პ-იას შეგებებული სარჩელიც.
საკასაციო საჩივარში დ. პ-იას წარმომადგენელი ო. ბ-შვილი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რადგანაც პ. კ-ავას მიერ სადავო ბინის შეძენის ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, კერძოდ, დადებულია სანოტარო წესით დადასტურებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება პ. კ-ავასა და ტ. კ-ოვას შორის, რომელიც რეგისტრირებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო სადავო ბინის მესაკუთრედ აღრიცხულია პ. კ-ავა.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 615-ე და 621-ე მუხლებით, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 146-ე და 239-ე მუხლები.
კასატორი საჩივარში ითხოვს სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას პ. კ-ავას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით პ. კ-ავას სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ტ. კ-ოვასა და პ. კ-ავას შორის 1994 წლის 27 ივნისს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინის მესაკუთრე გახდა პ. კ-ავა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ისე უთხრა უარი მოსარჩელე პ. კ-ავას სარჩელს მოპასუხე ზ. პ-იას სადავო ბინიდან გამოსახლებაზე, რომ ზ. პ-იას შეგებებული სარჩელი არ დაუკმაყოფილებია, კერძოდ, ტ. კ-ოვასა და პ. კ-ავას შორის 1994 წლის 27 ივნისს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად არ უცნია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, თუ რომელი კანონის საფუძველზე ცხოვრობდა სადავო ბინაში ზ. პ-ია და უკანონო იყო თუ არა მის მიერ აღნიშნული ბინის ფლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. კ-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება გ. კ-ავას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.