საქმე N 330100124009009759
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №717აპ-25 15 დეკემბერი, 2025 წელი
ა-ი მ., №717აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვ. ც–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 18 იანვარს, ქ. თ–ი, .... ქუჩა №...–ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ა–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 13,53 გრამი გამომშრალი მარიხუანას შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ნ. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ა–მა ჩაიდინა მარიხუანას უკანონო შეძენაში დახმარება, რაც გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 18 იანვარს, მ. ა–ი ნ. გ–ს დაეხმარა ნარკოტიკული საშუალება - 13,53 გრამი გამომშრალი მარიხუანას შემცველი ნივთიერების უკანონოდ შეძენაში, რაც ქ. თ–ი, .... ქუჩა №...–ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა ნ. გ–ს, რომელიც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, მ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
მ. ა–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
მ. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 15150 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ. ა–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2024 წლის 20 თებერვლიდან – 2024 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
მ. ა–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ვ. ც–მა და მოითხოვა მ. ა–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვ. ც–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვ. ც–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ა–ის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ. ა–ის მიერ, როგორც მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვის, ასევე მისი გასაღების ფაქტები. ნ. გ–ის ჩვენების გარდა მ. ა–ის მიერ 2024 წლის 18 იანვარს, ნ. გ–ზე ნარკოტიკული საშუალება – 13,53 გრამი გამომშრალი მარიხუანის გასაღების ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი პირდაპირი მტკიცებულებებით: დანაშაულის შესახებ განცხადებით, 2024 წლის 18 იანვრის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმით, მოწმე ე. მ–ის ჩვენებით, ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის №.......... დასკვნით, მოწმე გ. თ–ის ჩვენებით, საკონტროლო შესყიდვის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმით, ფარული საგამოძიებო საქმიანობის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალით, მოწმე თ. გ–ის ჩვენებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №........... დასკვნით. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ მ. ა–მა არამარტო უკანონოდ შეიძინა და შეინახა მარიხუანა, არამედ უკანონოდ გაასაღა ნ. გ–ზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, მ. ა–ის მიერ მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სადავო გარემოებაა მ. ა–მა უკანონოდ გაასაღა თუ არა მარიხუანა, 2024 წლის 18 იანვარს, ნ. გ–ზე.
5.3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული მ. ა–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი – მარიხუანის გასაღების ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
5.4. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მ. ა–ის მიერ მარიხუანის უკანონოდ გასაღების ფაქტების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალადწარდგენილი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ეპიზოდში მ. ა–ის მამხილებელ მტკიცებულებათა საპირწონედ, წარმოდგენილია თავად მ. ა–ის ჩვენება, და მოწმე თ. გ–ს ჩვენება. რომლებმაც უარყვეს მ. ა–ის მიერ მარიხუანის გასაღების ფაქტი. თამარ გაგიშვილმა დამატებით განმარტა, რომ მისი მეუღლე (მ. ა–ი) იყო მარიხუანის მომხმარებელი, ხოლო მსჯავრდებულის განმარტებით, ნ. გ–ს მისგან არასოდეს შეუძენია მარიხუანა და მისი ეს განცხადება არის სიცრუე. ნ. გ–ი დაკავებამდე 5-6 თვით ადრე გაიცნო მეგობარ ლ. ზ–ესთან სუფრაზე. მასთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და ერთად ხშირად მოიხმარდნენ მარიხუანას. ნ–სთვის არასოდეს შეუთავაზებია მარიხუანის შეძენა, ის რა თანხასაც აძლევდა ან ურიცხავდა ანგარიშზე იმ ოდენობის მარიხუანას ყიდულობდა და აძლევდა ნ–ს. 2024 წლის შუა რიცხვებში ნ–მ „.........ზე“ მისწერა, რომ მეგობრებთან ერთად აპირებდა ბ–ში წასვლას და სთხოვა მარიხუანას შეძენა. ნ–ს თანხა ჩაარიცხინა თ. გ–ის ანგარიშზე, იყიდა მარიხუანა, გადასცა ნ–ს, დაიშალნენ და იმ დღის შემდეგ ნ. გ–ი აღარ შეხმიანებია. რაც შეეხება მარიხუანას გასაღებას, ბრალდებულის თქმით ის და მისი მეგობრები ერთად ყიდულობდნენ და მოიხმარდნენ და გასაღებით არასოდეს გაუსაღებია.
5.8. ასეთ ვითარებაში საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებით დადგენილ გარემოებებს, როგორიცაა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ ნ. გ–მა თავიდანვე იცოდა, რომ მ. ა–ისგან არ ყიდულობდა მარიხუანას და მ. ა–ი ეხმარებოდა მას აღნიშნულში, კერძოდ: საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხის ჩარიცხვის დროს მ. ა–ი ნ. გ–ს ეუბნება - „ახლა ამოვედი მეტროში... ახლა ავდივარ... ახლა ავდივარ და „კაროჩე“ და ახლა გამოვიტან... უკან რომ დავბრუნდები გნახავ ერთი ოთხისკენ“. თანხის ჩარიცხვიდადნ საათნახევარის შემდგომ მ. ა–ი შეხვდა ნ. გ–ს და გადასცა მარიხუანა და უთხრა „კი უნდა ექნა, მაგრამ არ ქნა მაინც კაროჩე“ რა და „ეს გამომატანა, დათვალე მაინც“.
5.9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მ. ა–მა გაასაღა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საპირისპიროდ, დასტურდება, რომ მ. ა–ი დაეხმარა ნ. გ–ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას შეძენაში.
5.10. აღნიშნული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც ერთხელ უკვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას (იხ. საქმე N447აპ-23, პუნქტი:19).
5.11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 25,2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. ა–ის მიერ ნ. გ–ისათვის მარიხუანის უკანონოდ გასაღების ფაქტი.
5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ვ. ც–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე